ოლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლარი

ოლარი, ეპიტრაქილი (ბერძ. επιτραχήλιον - ეპიტრაქილიონი) — მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, გულზე ჩამოსაკიდი, ორნაწილიან ფართო ლენტი, გინგილას მსგავსი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. ბოლოვდება ფოჩებით. ამკობენ ნაქარგი ჯვრებით და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით. იქარგება ოქროს ან ვერცხლის ძაფებით. ოლარი და საბუხარები ერთნაირი ქსოვილისაგან იკერება.

მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარზე სულ შვიდი ჯვარი უნდა იყოს გამოსახული. თითოეულ მხარეს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი, რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს, რომელსაც აღასრულებს მღვდელი: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთისკურთხევა და ჯვრისწერა. მეშვიდე პატარა ჯვარი კი შუაშია ანუ კისერზე, რომელიც აღნიშნავს ეპისკოპოსისგან მღვდლისთვის მიცემულ კურთხევას, ზიარების საიდუმლოს დამოუკიდებლად აღსრულებისათვის. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც ეპისკოპოსს ომოფორის და დიაკვანს გინგილას გარეშე, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია. ოლარით შემოსვა, მადლთან ერთად, განასახიერებს ღვთისადმი მსახურების უღელში შებმასაც.

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ოლარზე წერს:

ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • „საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი“
  • „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 2011 წ.
  • გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“, № 1, მაისი, 2000 წ.
  • „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003 წ.