ფილონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილონი

ფილონი, ფელონი (ბერძ. φαιλόνιο, φαινόλης, φαινόλου, φαινώλης, φαινώλου, φαίνω) — მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო, ერთიანი უსახელო სამოსი, თავზე მრგვალი ჭრილით, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს, რითაც მთელ სხეულს იფარავს კისრიდან ფეხებამდე. ფილონის გარეშე, მხოლოდ ოლარით, მღვდელს შეუძლია შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებების აღსრულება, როგორებიცაა: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი და სხვა, როდესაც სახარება არ იკითხება. ხოლო, საზეიმო მსახურების დროს, როგორებიცაა: ნათლისღება, მირონცხება, ქორწინება, ზეთის კურთხევა და სხვა, აუცილებელია ფილონით შემოსვა.

ფილონი, თავისი გარეგნული სახით, მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. მასზე დაკერებული თასმები სიმბოლურად აღნიშნავს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ასევე, ფილონი ის ქლამიდია, რომელიც ქრისტეს მოასხეს ჯვარცმის წინ. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. ღვთისმსახურების დროს, მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით, ფრთების მსგავსად, სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს და მისი შესრულებული მოქმედება იმ ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.