სტიქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტიქარი

სტიქარი (ბერძ. στιχος) — მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა. მისი ტარების უფლება აქვს დიაკონს, იპოდიაკონს, მედავითნეს და ტაძარში მომსახურე ერისკაცს, იგივე მნათეს. სტიქარი წარმოადგენს სამოსს, რომლსაც ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც ზედა შესამოსელი კაბა. სტიქარი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან და განასახიერებს ძველი აღთქმის კვართს, ამიტომაც მას „ქიტონსაც“ უწოდებენ. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი აბრეშუმის ქსოვილი, რაზეც მეტყველებს მისი ერთ-ერთი სახელი — „ალბა“.

სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია, რაც სიმბოლურად განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. სამხრეები, რომლებიც სხვა ფერისაა, მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს. ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს, რომელიც ქრისტეს ბორკილებს აღნიშნავს. მღვდლების და მღვდელმთავრების სტიქარი ფართო და განიერია, მას სამღვდელო სტიქარი ანუ კვართი ეწოდება. სტიქარი („ხსნის სამოსი“) სიმბოლურად განასახიერებს სულის სიწმიდეს, მისი ღია ფერი კი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • „Настолъная книга свяшеннослужителя“, ტ. 4, 1983 წ.
  • თ. ჰოპკო, „მართლმადიდებლობის საფუძვლები“