მელქისედეკ გუნთაიშვილი
მელქისედეკ გუნთაიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1873 |
დაბ. ადგილი | კვირიკეთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1929 |
გარდაცვალების ადგილი | ექადია, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვალების მიზეზი | წამება |
დაკრძალულია | კვირიკეთი |
ეროვნება | ქართველი |
თანამშრომლობა | დათიკო შევარდნაძე |
ცნობილია, როგორც | ფირალი, ტერორისტი |
მელქისედეკ გუნთაიშვილი (დ. 1873, კვირიკეთი — გ. 1929, ექადია) — ქართველი ფირალი და ტერორისტი. ფირალებს შორის ის ყველაზე მეტ ხანს იყო ტყეში გავარდნილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელქისედეკ გუნთაიშვილი დაიბადა 1873 წელს, პირველად ფირალად გავარდა 1889 წელს. 18 წლის მელქისედეკი ბათუმში მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა. იმავე წლებში დაქორწინდა. 20 წლისამ შეიძინა იარაღი და კვლავ გავარდა ფირალად. მისი ძმის გადმოცემით აჭარაში ის ებრძოდა ხოჯებს და ბეგებს. იგი შეიპყრეს და გადააგზავნეს ქუთაისში, სადაც მას 12 წლიანი კატორღა სამუდამო გადასახლებით სახალინზე მიუსაჯეს.
სახალინზე მან ოთხი წელი გაატარა და 1904 წელს გაიქცა. ერთხანს აზერბაიჯანში იმალებოდა, შემდეგ სოხუმში აღმოჩნდა, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო და 17 სტრაჟნიკი მოკლა. სოხუმში გუნთაიშვილის დაჭერისათვის ხელისუფლებამ ჯილდო — ხუთი ათასი მანეთი დააწესა. აფხაზეთიდან ის ეპისკოპოსის ანაფორით, პარიკითა და წვერით შენიღბული გაიპარა. თურმე გემზე მას, როგორც მაღალი რანგის სასულიერო პირს დიდი პატივით ეგებებოდნენ. მშობლიურ სოფელ კვირიკეთში დაბრუნებისთანავე ის ჩაება ტერორისტულ საქმიანობაში და მონაწილეობდა პოლიციელებზე თავდასხმაში და იარაღის გატაცებაში. მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, მისი შეპყრობისთვის აქაც ჯილდო დაწესდა.
გუნთაიშვილი ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ ყოველი ახლადგამოჩეკილი ფირალი მასთან მიდიოდა. ფირალი რომ ვერ მოიხელთეს, დედამისი და მისი ძმა აპოლონი დააპატიმრეს. განსრისხებულმა გუნთაიშვილმა ოზურგეთის მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა არ დაანებეს — ყველას ააწიოკებენო. მაშინ მელქისედეკმა წერილი მისწერა: რას კადრულობ, მოხუც ქალს რომ ციხეში აგდებო. თუ ასეა, მაშინ შენ ცოლ-შვილს მოვიტაცებ და ტყეში წავიყვანო. მაზრის უფროსმა ეს წერილი მიიღო და მესამე დღეს დედამისი ციხიდან გამოუშვა. ერთხელ მაზრის უფროსმა მახარაძემ კრება მოიწვია და მოსახლეობა გააფრთხილა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ფირალთა მფარველებს ელოდათ. ასევე წარუდგინა ფირალთა ხელშემწყობთა 30 კაციანი სია. გუნთაიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ დათიკო შევარდნაძე, სიმონ ბურჭულაძე, კოლია შავიშვილი, კიკია მამულაიშვილი, ღამით მაზრის უფროსს წამოადგა სახლში. მახარაძეს სუფრა გააშლევინეს, იქეიფეს, შემდეგ გამოატანინეს სია და ბუხარში დაწვეს, თან დაემუქრნენ თუ კიდევ ასეთები გაბედე, იცოდე მოგკლავთო.
გუნთაიშვილი ერთ ხანს გიგო ერქომაიშვილის ოჯახში იმალებოდა. ამ ოჯახს სხვადასხვა დროს სტუმრობდა სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე, გოგია ღლონტი. გუნთაიშვილი ღამით ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა. მელქისას იმდენად კარგი ხმა ჰქონდა, რომ ერთხელ მისთვის არტემ ერქომაიშვილს უთქვამს: „შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავდიო“. არსებობს ცნობა, რომ ერთ კრებაზე, რომელიც გაიმართა ვლადიმერ ერქომაიშვილის ოჯახში, დაახლოებით 1904–05 წლებში, მელქისა გუნთაიშვილს იქ მიუყვანია სოსო ჯუღაშვილი. კრებას ასევე ესწრებოდნენ ფილიპე მახარაძე, ჭოლა ლომთათიძე, დიომოდე შალიკაძე და სხვები. ერთ საღამოს გიგო ერქომაიშვილს ალფეს თოიძემ შეატყობინა, რომ სტრაჟნიკები მაკვანეთში გუნთაიშვილის მოძებნას აპირებდნენ. ძმებმა ერქომაიშვილებმა მელქისი სოფელ გომში მიიყვანეს ერთი თავიანთ მეგობრის ოჯახში. სამშვიდობოს გასულმა გუნთაიშვილმა ძმებ ერქომაიშვილებს მადლობის ნიშნად ლექსი მიუძღვნა (გადმოცემით გუნთაიშვილი ლექსებსაც წერდა). ამ ლექსზე მოგვიანებით არტემ ერქომაიშვილმა სიმღერა შეთხზა.
გუნთაიშვილი სხვა ცნობილ ტერორისტებთან ერთად გაერთიანებული იყო წითელ რაზმში და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნასაკირალის ბრძოლაშიც. მას ბევრი ტერორისტული აქტი აქვს მოწყობილი, მათ შორის, გაძარცვა ორი სარკინიგზო ეშელონი და მოკლა პოლკოვნიკი კრილოვი, ირკუტსკში მოკლა გენერალი მიშლევსკი. 1905 წელს რევოლუციურმა კომიტეტმა გუნთაიშვილს ბათუმში ვინმე ალექსეევის მოკვლა დაავალა. მელქისი მას ბაზარში დაესხა თავს, დაჭრა, მაგრამ ალექსეევი ხალხმრავლობამ იხსნა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ის საქართველოში აღარ გამოჩენილა. აზერბაიჯანში მელქისი და კოლია შავიშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას აპირებდნენ, მაგრამ ისინი გასცეს, დააპატიმრეს და გურიაში გამოაგზავნეს. დაპატიმრებულებმა ნატანების სადგურში გაქცევა მოახერხეს.
1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგდროინდელ რეპრესიებს ის გადაურჩა, მაგრამ ფირალობას ისევ განაგრძობდა. 1909 წელს მელქისედეკ გუნთაიშვილმა მოკლულ ფირალ დათიკო შევარდნაძეს ლექსი უძვნა. 1918 წელს თურქეთმა ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავა, ჯარი ძარცვავდა და აწიოკებდა მოსახლეობას. გუნთაიშვილმა სხვებთან ერთად პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა თურქების წინააღმდეგ და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა.
გასაბჭოების შემდეგ მელქისედეკ გუნთაიშვილი ქობულეთში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ოზურგეთის ბაზარში ჩხუბისას მელქისას ძმას, სამსონს შემოაკვდა ვინმე თავართქილაძის ბიძაშვილი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თავართქილაძე „ტროიკის“ წევრი გახდა და გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. სამსონი დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის გამო თავართქილაძე ციხეში ჩასვეს, მაგრამ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მან მალე დაიხსნა თავი. გათავისუფლებული თავართქილაძე გუნთაიშვილმა მოკლა
ამის შემდეგ გუნთაიშვილმა ისევ აიღო ხელში თოფი და ფირალობას დაუბრუნდა. მას ამჯერად საბჭოთა მილიცია დასდევდა. გუნთაიშვილი და მისი მეგობარი ფირალები შამილ დარჩია და ჯამბულეთა ღლონტი თურქეთის გავლით საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას. ისინი ოზურგეთთან ახლოს ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს, მაგრამ ღლონტმა ისინი გასცა. მათ თავს მილიციონერთა დიდი რაზმი დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად გუნთაიშვილი დაიჭრა, შამილს მისი დატოვება არ სურდა, მაგრამ მელქისედეკმა აიძულა ის წასულიყო. დაჭრილი გუნთაიშვილი ცხენის ძუაზე გამოაბეს და მანამდე ათრიეს, სანამ არ მოკვდა. ეს მოხდა 1929 წელს (სხვა მონაცემებით 1933 წელს). დარჩიამ და ღლონტმა კი ოზურგეთთან მდებარე ექადიის ტყეს შეაფარეს თავი, სადაც ღლონტმა დაძინებული შამილ დარჩია მოკლა, გვამი კი მილიციას ჩააბარა.
1945 წელს სოჭში ქართველ მეცნიერებთან შეხვედრისას სტალინს უთქვამს რომ მას ძალიან უყვარს გურული სიმღერები, გაუხსენებია მომღერალი სიმონიშვილი და აგრეთვე კარგი მომღერალი და ვაჟკაცი გუთნიაშვილი. ეს გუთნიაშვილი უნდა იყოს მელქისედეკ გუნთაიშვილი, რადგან გვარი გუთნიაშვილი გურიაში არ არსებობს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გვ. 123-129. ISBN 978-9941-403-95-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერქომაიშვილი, ა. „ჩემი წინაპარი“, ჟურნალი „მნათობი“ N1-2, 2000 წ., გვ. 148