ფირალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფირალი (მრავალმნიშვნელოვანი).
დათიკო შევარდნაძის ერთადერთი შემორჩენილი ფოტოსურათი.

ფირალი — ყაჩაღი, ავაზაკი. სიტყვა ფირალი (ფირარ) არაბულად გაქცეულს ნიშნავს. XVII საუკუნეში ამ სახელით ოსმალეთის არმიის დეზერტირებს უწოდებდნენ. სავარაუდოდ ეს ტერმინი აჭარიდან შევიდა გურულ დიალექტში. ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურიაში ვულკანივით ამოხეთქა. ამის მიზეზი ძირითადად სოციალ-პოლიტიკური კატაკლიზმები იყო: რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია, სახალხო აჯანყებები, საგლეხო რეფორმა, რუსეთ-ოსმალეთის ომები. გლეხები უარს ამბობდნენ გადასახადებზე, ისაკუთრებდნენ ტყეებსა და საძოვრებს, ხოცავდნენ თავად-აზნაურებსა და სამღვდელოებას, მეფის მოხელეებს. 1880-იანი წლებიდან ფირალად გავარდნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ფირალობა იყოფა ორ ტალღად: პირველი ტალღის ფირალები XIX საუკუნის მეორე ნახევარს მიუეკუთვნებოდნენ და მათ გაფირალებას სოციალ-ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა. მეორე ტალღა კი XX საუკუნის დასაწყისში წამოვიდა და მისი ძირითად მიზეზი პოლიტიკური იყო.

დროთა განმავლობაში ფირალები ლამის მითურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი სიმღერები და ლექსები კი ქართული ფოლკლორი განუყოფელი ნაწილი გახდა. ფირალობის შესახებ იქმნებოდა მხატვრული ნაწარმოებები: ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“, ლალიონის „ფირალი დავლაძე“, ე. ურუშაძის „ფირალები“.

პირველი ტალღის ფირალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმება გამოცხადდა 1865 წლის 13 ოქტომბერს. განსხვავებით თბილისის გუბერნიისგან, აქ მემამულეებმა გლეხებს წაართვეს არა მხოლოდ მათ სარგებლობაში არსებული, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და ახალშეძენილი მიწებიც. ოზურგეთის მაზრაში მიწის მთელი ფონდი მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წამოადგენდა. გლეხის მამულის ოდენობა 900 კვადრატულ საჟენს არ აღემატებოდა.

სოციალურ პრობლემებს თან დაერთო ისიც, რომ 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. ომის დასრულების შემდეგ მთავრობამ მიუხედავად დაპირებისა, არ დაშალა გურიის მილიციის რაზმი, რის გამოც მრავალი ოჯახი მუშახელის გარეშე დარჩა. შეიარაღებული გლეხობა კი პოტენციურ დამნაშავეებად იქცა. ფირალობის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სასამართლო სისტემასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. ამასთან ერთმანეთს არა მხოლოდ სასამართლო და პოლიცი, არამედ ფირალები და მათი მფარველებიც დაუპირისპირდნენ. დამნაშავეობა ფართოდ იყო გავრცელებული რუსეთის იმპერიის მიერ ახლად შეერთებულ ბათუმის ოლქში, რომელიც გურიას ესაზღვრებოდა. თუმცა ხშირად გურიაში ჩადენილი დანაშაული უსამართლოდ ბრალდებოდა ქობულეთის მხარის მცხოვრებლებს. 1879 წელს თავდაპირველად ქობულეთლებს დაბრალდა ჯუმათის მონასტრისა და ეპისკოპოსის გაძარცვა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის გიორგი ჭყონიას ჩადნენილი იყო. იმავე წლის 20 ივლისს კვაჭალათში ორი ქობულეთელი, 26 აგვისტოს კი კიდევ ორი ქობულეთელი დააყაჩაღეს. ქობულეთის უბნის მცხოვრებლებს უსამართლო ბრალდებებისგან ბათუმის ოკრუგის უფროსი გრიგოლ გურიელი იცავდა.[1]

მიუხედავად ცენზურისა 1880-90-იან წლებში ფირალები პრესის ყურადღების ცენტრში იყვნენ და 1880 წლიდან თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდა პრესის ფურცლებზე ინფორმაცია ფირალების შესახებ. ხელისუფლება ბევრ საშუალებას იყენებდა ფირალებთან საბრძოლველად. ფირალების მადევრები ძირითადად ჩინოვნიკები ან სპეციალურად ამ მისიით მივლენილი ადამიანები იყვნენ. 1880 წლის 5 ივლისს ბაილეთში საკუთარ დუქანში მოკლეს ვაჭარი. 7 ივლისს ოზურგეთიდან 1 კილომეტრში სასიკდვილოდ დაჭრეს ერთი ადამიანი. ამ საქმეზე სამი ადამიანი მაშნვე დააპატიმრეს. იმავე თვეში დვაბზუს საზოგადოებაში 18 ცხენი მოიპარეს.[2] სექტემბერში თავს დაესხნენ აზნაურ თაყაიშვილს, გადაწვეს მღვდელ კალანდარიშვილის სახლ-კარი, სენაკის მაზრის უფროსს, რომელსაც სოფელ შემოქმედში ჰქონდა სახლი, გადაუწვეს მარანი და დაუჭრეს მოსამსახურე. გურიის მცხოვრებნი ჩიოდნენ, რომ მსგავსი ავაზაკობა და უწესრიგობა გურიის სამთავროს დროიდან არ ყოფილა.[3]

შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა“, რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა. ფირალობის დამარცხებას ხელს უშლიდა მაზრის მმართველთა შორის გამეფებული კორუფცია და არაკომპეტენტურობა.[4]

1882 წელს დაძაბული ვითარების გამო ოზურგეთში ჩავიდა საქართველოს მთავარმართებელი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა.[5][6][7] ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. ხალხი ტყეში გავარდნილ ფირალებს მფარველობდა. 1882 წელს დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის მაზრა ადმინისტრაციულად ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის ოლქის შემადგენლობაში შეიყვანა. წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში — ერთი ბატალიონი. 1882 წლის აგვისტოში ოლქის გუბერნატორმა, გენერალმა სმეკალოვმა, შემოიარა ოზურგეთის მაზრა, გზად კი ქობულკეთში 90 ადამიანს დააფიცებინა ავაზაკობის წინააღმდეგ. სმეკალოვის ექსპედიციამ ოზურგეთის მაზრაში 2 გავარდნილი მოკლა, 13 აგვისტოს მას ოზურგეთის მოსახლეობამ შვიდი ყაჩაღი ჩააბარა. 14-20 აგვისტოს ოზურგეთის ახლოს სოფლები შემიარა, მაკვანეთში მას 35 ყაჩაღი ჩააბარეს. სმეკალოვმა ყველა სასოფლო საზოგადოების მამასახლისს დავალება მისცა, 15 მილიციელი გამოეყოთ წესრიგის დაცვისთვის.[8]1883 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი, ოტია დადიანი, ფირალობასთან არაეფექტიანი ბრძოლის გამო მოხსნეს და მის ნაცვლად დიმიტრი ვირუბოვი დანიშნეს.[9]

ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი. ხევისთავებს ევალებოდათ, მაზრის მმართველობისთვის წარედგინათ ავაზაკობაში ეჭვმიტანილები. 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1889 წელს სოფლებიდან გაიყვანეს ეგზეკუცია და შემოიღეს სათემო დარაჯობა, რაც ნიშნავდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ქმნიდნენ მოდარაჯეთა რაზმებს.[10]სათემო დარაჯობისა და ხევისთავობის დაწესებამ ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა.[11] 1890 წელს კავკასიის მთამარმართებელმა გოლიცინმა გააუქმა სათემო დარაჯობა. 1892 წელს ფირალებმა დააყაჩაღეს დუქნები ხიდისთავსა და ნაგომარში, ცხემლისხიდში მოკლეს ყარაული. [12]კვლავ გრძელდებოდა ეგზეკუციები, სოფლად ჯარების ჩაყენება და მოსახლეობისთვის დაკისრუებული გადასახადები მილიციის შესანახად.[13]

მეორე ტალღის ფირალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისის ე.წ მეორე ტალღის ფირალები განსხვავდებოდნენ წინა პერიოდის ფირალებისგან. ისინი ჩაბმული იყვნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციაში. ბევრი მათგანი მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში. მეორე ტალღის ფირალობა რევოლუციის წლებს ემთხვევა. 1901-1902 წლების მოუსავლიანობამ გლეხების ფართო უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მათგან მაინც ითხოვდნენ გადასახადების გადახდას. 1902 წელს გამოსვლები დაიწყო ნიგოითში, ხიდისთავში, ჩოჩხათსა და გურიანთაში. 1902 წელს ხელისუფლებამ გურიის ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1903 წელს გლეხებმა გაფიცვა გამოაცხადეს და თავად-აზნაურების მიწები დასამუშავებლად არ აიღეს. დაიწყო ტერორისტული აქტები თავად-აზნაურებსა და ჩინოვნიკებზე. მოკლეს მომრიგებელი შუამავალი თავადი ტიფო ნაკაშიძე, აზნაური დ. ქარცივაძე და სხვები. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ფირალები აგრძელებდნენ კანონგარეშე საქმიანობას რეაქციის წლებშიც. ამ პერიოდის გამოჩენილი ფირალები იყვნენ დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სიმონა დოლიძე, ერასტი ჯორბენაძე და სხვები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე ი., „გურული ფირალები“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008, ISBN 978-9941-403-95-8.
  • ხინთიბიძე ა., „გურული ფირალები“, თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, 1938.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]