არტემ ერქომაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერქომაიშვილი.
არტემ ერქომაიშვილი
M.Nakashidze Funeral.jpg
არტემ ერქომაიშვილი (მარჯვნიდან მეორე) მელქისედეკ ნაკაშიძის დაკრძალვაზე, 1934 წ.
ბიოგრაფია
დაიბადა 26 ოქტომბერი, 1887
მაკვანეთი
წარმოშობა გურია
გარდაიცვალა 2 თებერვალი, 1967
ოზურგეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

არტემი ერქომაიშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1887, მაკვანეთი ― გ. 2 თებერვალი, 1967, მახარაძე) — თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერქომაიშვილის მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ. 1896 წელს შეიყვანეს სოფლის სამკლასიან სკოლაში, რომელიც 1899 წელს დაამთავრა. ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და სახლში დარჩა. გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ მამამისი გიგო ერქომაიშვილი და გიორგი ბაბილოძე. 1904 წელს მამამ ასწავლა მარსელიეზა, რომელიც რევოლუციურად განწყობილი გურულების ჰიმნი იყო. არტემი მარსელიეზას მის ტოლ-ბიჭებს ასწავლიდა და საჭიროებისამებრ მღეროდა. 1907 წელს, 20 წლის არტემი მონაწილეობდა გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერ სიმღერების ფირფიტებზე ჩაწერაში. 50 სიმღერა გერმანელებმა თბილისში ჩაწერეს. გუნდში ასევე მღეროდნენ გიორგი ბაბილოძე, ივლიანე კეჭაყმაძე, ერმილე მოლარიშვილი, გიორგი იობიშვილი, ნანიკო ბურძგლა, ლუკა თოიძე. მომღერლების თბილისში დაბინავების ხარჯები ლიხაურელმა მასიკო სალუქვაძემ გაიღო. მომღერლები შეხვდნენ აკაკი წერეთელს.

1908 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა. არტემი ნაკაშიძეს ნესტორ კონტრიძემ წარუდგინა 1908 წლის შობა დღეს, წირვის შემდეგ. ნაკაშიძეს მოეწონა ყმაწვილის ნიჭი და მის მამას, გიგო ერქომაიშვილს, თხოვა, მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ოზურგეთში და გალობას უფასოდ ვასწავლიო. ნაკაშიძესთან მასთან ერთად სწავლობდნენ დიმიტრი პატარავა და სამუელ ჩხიკვიშვილი. ერქომაიშვილმა ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა.[1]

1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, გაუშვეს სენაკის მაზრაში სიმღერა-გალობის სასწავლებლად. იქ ერქომაიშვილი დადიოდა სოფელ-სოფელ და ერთ სოფელში სამიდან ექვს თვემდე რჩებოდა. არტემა მოიარა შემდეგი სოფლები: თეკლათი, ნოსირი, წყემი, გეჯეთი, ძონძირი, ისულა, საკიზირიო, საოდიშარიო, საგამსახურდიო, კოტიანეთი, ნაქალაქევი, სუჯუნა, აბაშა, მარტვილი. ხელფასს აძლევდნენ 45 მანეთს ეკლესიის შემოსავლიდან. ერქომაიშვილმა სამეგრელოში დაჰყო 1917 წლამდე და შემდეგ დაბრუნდა გურიაში. 1925 წლამდე ხელმძღვანელობდა მამის ანსამბლს მაკვანეთში, ასევე მუშაობდა ზვანში, ციხისფერდში, კონჭკათში. 1918 წელს ვარლამ სიმონიშვილთან ერთად შექმნა გუნდი და მართავდა კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 1921 წელს ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა სიმონიშვილისგან დამოუკიდებელი 12-კაციანი გუნდი. ამ გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ერქომაიშვილის ბიძა გიორგი ბაბილოძე, მისი ძმები, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები, ძმები დიმიტრი და ილარიონ პატარავები, ა. ბასილაშვილი, ს. ვაშალომიძე, ა. წივწივაძე და სხვები. 1924 წელს გუნდმა თბილისში ფირფიტებზე ჩაწერა გურული ხალხური სიმღერები. იმავე წელს ბათუმის გუნდთან ერთად მონაწილეობდა გასტროლებში საქართველოს ქალაქებსა და ბაქოში.

1925 წლიდან ხელმძღვანელობდა ბათუმში სანაპიროს მტვირთავთა გუნდს. 1927 წელს არტემ ერქომაიშვილმა ქუთაისში ჩატარებულ I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ბათუმის გუნდი გაიყვანა. ჟიურიმ გუნდს I ადგილი და უმაღლესი ჯილდო მიაკუთვნა. 1929 წელს გუნდი გამოვიდა თბილისში II რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ამის შემდეგ არტემ ერქომაიშვილის გუნდი მიიწვიეს ლენინგრადში, მოსკოვსა და ხარკოვში. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფინოგრამარქივში.

1930 წელს კი მონაწილეობა მიიღო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ გამარჯვებული გუნდების კონცერტში.ამ წლიდან გუნდი ბათუმის ქალაქის საბჭოს განკარგულებაში გადავიდა. 1934 წელს ერქომაიშვილის გუნდი წარმატებით გამოვიდა თბილისში, ოპერის თეატრში ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე. 1935 წელს მონაწილეობდა რადიოფესტივალის საკავშირო გადაცემაში. 1936 წლიდან ამ გუნდს „აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდი“ ეწოდა. იგი 1937-38 წლებში წარდგა მე-4 და მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. 1940 წელს გუნდმა კონცერტები გამართა საქართველოს სსრ-ს სხვადასხვა ქალაქებში. 1949 წელს გუნდი წარდგა მე-6 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე.

1950 წელს ვარლამ სიმონიშვილის გარდაცვალების შემდეგ არტემი მიიწვიეს მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ხელმძღვანელად. 1951 წელს ეს ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1951 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1955 წელს სათავეში ჩაუდგა ლიხაურის მომღერალთა 40 კაციან გუნდს. 1966 წელს მან, როგორც საეკლესიო საგალობლების უკანასკნელმა მცოდნემ, კონსერვატორიაში 200-მდე საგალობელი ჩაწერა. ჩანაწერები დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში.

არტემ ერქომაიშვილი ცნობილია როგორც თვითმოქმედი კომპოზიტორი. ავტორია სიმღერებისა „პატარა ქართველი“, „მუშის სიმღერა“, „სიმღერა გურიაზე“, „ჩემი ბედი“, „სხვადასხვაგვარი სიყვარული“, „სიმღერა სამშობლოზე“. 1932 წელს გარდაიცვალნენ მომღერლები ნესტორ კონტრიძე, სამუელ ჩავლეიშვილი და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“.

გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, წიგნი 1—3, თბილისი, 1954—1966;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ილია თავბერიძე, „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“, გვ. 113-114 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2010 ISBN 978-9941-9120-7-8