ოლჯათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოლჯათი (ჩანს 1289-1302) — საქართველოს დედოფალი, მონღოლთა დიდი ყაენის — აბაღა-ხანის ქალიშვილი. ცოლად ჰყავდა მეფე ვახტანგ II-ს, შემდეგ დავით VIII-ს.

ოლჯათის მამა, აბაღა ხანი ჰულაგუიანთა სახელმწიფოს 1265-1282 წლებში მართავდა. დედამისის ვინაობა უცნობია: ზოგიერთი მოსაზრებით, ის აბაღას ბიზანტიელი ცოლი მარია დესპინა იყო, სხვა ვერსიით კი — ბულუჩინი, ყაენის ერთ-ერთი ხარჭა. XIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის ცნობით, დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის (1289) შემდეგ, არღუნ-ხანმა, აბაღას შვილმა და მემკვიდრემ, ქართველი დიდებულის ხუტლუბუღას რჩევით აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ტახტზე აფხაზთა მეფის, დავით ნარინის ძე ვახტანგი დასვა და ცოლად თავისი და — ოლჯათი შერთო. ამ პოლიტიკური აქტის მიზანი დინასტიური კავშირის გზით დასავლეთ საქართველოს მონღოლთა გავლენის ქვეშ დაბრუნება იყო:

ვიკიციტატა
„ხოლო რქუა ხუტლუბუღა ყაენს: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითის, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. სთნდა ყაენსა სიტყუა ესე, და [...] ამას ვახტანგს მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი, და დაჲ თჳსი ოლჯათ ცოლად, და წარმოგზავნა და მოვიდა ტფილისს.[1]

ვახტანგი ხანმოკლე მეფობის შემდეგ სნეულებით გარდაიცვალა 1292 წელს. ყაენის ბრძანებით ოლჯათი ცოლად გარდაცვლილი მეუღლის ბიძაშვილსა და შემცვლელს, დავით VIII-ს გაჰყვა. 1297 წელს დავითი აშკარად განუდგა მონღოლებს და მთიულეთში გამაგრდა. შემდეგ წელს დავითმა ოლჯათი დიდგვაროვან დელეგაციასთან ერთად მონღოლთა მხედართმთავარ ხუტლუშაჰთან გაგზავნა მოლაპარაკების მიზნით. ბაზალეთთან ხუტლუშაჰმა ოლჯათი პატივით მიიღო და, ბრძოლის შეწყვეტის სანაცვლოდ, დავითის უსაფრთხოებას შეჰპირდა, ფიცის ნიშნად ყაენის ბეჭედი და „ჴელის მანდილი“ მისცა და დავითს მძევლად საკუთარი შვილი სიბუჩი გაუგზავნა. მონღოლმა სარდალმა დედოფალი თავისთან დატოვა, სხვა მომლაპარაკებლები კი დავითთან დააბრუნა. მეფემ ოლჯათის დაკავების გამო ხუტლუშაჰთან მისვლაზე უარი თქვა. განრისხებულმა სარდალმა დავითის ერთ-ერთი ემისარი ბურსელი სიკვდილით დასაჯა და ოლჯათი ურდოში, ყაზან-ყაენთან გაგზავნა. ყაენმა თბილისის ტახტზე დავითის ძმა, ვახტანგ III დაამტკიცა და ოლჯათის საქართველოში დაბრუნება აკრძალა. როდესაც დავითი დარწმუნდა, რომ ოლჯათი ურდოში რჩებოდა, მან ცოლად ქართლის ერისთავ ჰამადა სურამელის ქალიშვილი შეირთო. იაპონელი ისტორიკოსი სეიჩი კიტაგავა თვლიდა, რომ სწორედ მონღოლ უფლისწულზე დავითის ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჰულაგუიანთა მთავრობა ასე თანმიმდევრულად და ხანგრძლივად ცდილობდა აჯანყებულ ქართველ მეფესთან მოლაპარაკებას, ოლჯათის ურდოში დატოვება კი დავითსა და მონღოლებს შორის მორიგების ყველა საშუალების ამოწურვის ნიშანი იყო.[2]

შუა საუკუნეების მატიანეებში დავითისა და ოლჯათის შვილებზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი, თუმცა ჟამთააღმწერთან გიორგი V ბრწყინვალის ამბების თხრობისას მოხსენიებული არიან „შვილნი დავით მეფისანი“ (ამ დროისათვის დავითის კარგად ცნობილი შვილი გიორგი VI მცირე უკვე გარდაცვლილია). თანამედროვე მკვლევართა ერთი ნაწილის მოსაზრებით, დავითისა და ოლჯათის შვილები იყვნენ იმდროინდელი ქართული წყაროებიდან „ალასტანელ მეფეებად“ ცნობილი მელქისედეკი და ანდრონიკე, მხოლოდ გიორგი მცირე დავითს მეორე ცოლისგან შეძენია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "ასწლოვანი_მატიანე"_(2008) ჟამთააღმწერელი — „ასწლოვანი მატიანე“, „ქართლის ცხოვრება“ — მთავარი რედაქტორი: როინ მეტრეველი — სარედაქციო კოლეგია: მედეა აბაშიძე, გიული ალასანია, ზაზა ალექსიძე, თამაზ გამყრელიძე, გურამ კარტოზია, მარიამ ლირთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, † ზურაბ სარჯველაძე, მიხეილ ქავთარია, ციალა ქურციკიძე, მზექალა შანიძე, ელენე ცაგარეიშვილი, † ედიშერ ხოშტარია-ბროსე — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი — „მერიდიანი“, „არტანუჯი“, თბილისი 2008.
  2. საქართველოს ისტორიის საკითხები იაპონელი მეცნიერის სეიჩი კიტაგავას შრომები / ნ. გაბაშვილი // მნათობი. — თბილისი, 1987. — №6. — გვ.145-155.
  3. ნინიძე დ., „პროვინციის მეფეები“ XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995, გვ. 67-72.