ლაკლაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაკლაკი
Cigogne blanche Ichkeul NP.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ciconia ciconia (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697691
გავრცელება
WhiteStorkMap.svg
  გამრავლება
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტები

ლაკლაკი,[1][2] თეთრი ყარყატი,[3] ყარყატი[2] (ლათ. Ciconia ciconia) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 155–165 სმ,[3] მასა 4 კგ-მდე.[4] სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი ბუმბულები მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი ნისკარტი და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი.[3] შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია ევროპის ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, წინა აზიაში და შუა აზიის ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ ერაყში, ირანსა და ინდოეთში.[4] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას,[3][5] აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის და გომარეთის ვაკეზე, წალკის პლატოზე, აბულის და ჯახახეთის ქედების ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია ზღვის დონიდან 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული.[6] მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს.[4] ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს.[5] უპირატესობას ანიჭებს ღია, ცალკეულხეებიან ლანდშაფტებს,[5] ბინადრობს ტბებისა და მდინარეების წყალმარჩხ ადგილებში, ჭაობებში, ნესტიან მდელოებსა და მინდვრებში; ხშირად სახლობს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, უხერხემლოებით, თევზით, მღრღნელებით, ფრინველთა კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. მონოგამური ფრინველია, განსაკუთრებით კონსერვატიული კი ბუდობის ადგილის შერჩევისას.[4] თუმცა, თუკი დედალი გამოზამთრების ადგილიდან დაბრუნებას დაიგვიანებს, მამალმა შეიძლება ახალი მეწყვილე მოიყვანოს ბუდობის ადგილზე, წინა მეწყვილის დაბრუნების შემთხვევაში კი სასტიკი ორთაბრძოლა იმართება დედლებს შორის.[7] მასიურ (1 მეტრის სიმაღლისა და 1,5 მეტრის დიამეტრის) ბუდეს ტოტებისაგან აგებს ხის ვარჯზე, კლდის საფეხურებზე, სახლის სახურავებზე, სპეციალურად განთავსებულ თვლებსა და ბაქნებზე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე.[4] აპრილში დებს 2–6 (ძირითადად 3–5) თეთრ კვერცხს;[5] კრუხობს ორივე მშობელი.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 631, თბ. 1986 წელი.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 7, 164, 192, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 30, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Иваницкий В. В. БЕЛЫЙ АИСТ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 270.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  6. თეთრი ყარყატი, ლაკლაკი (Ciconia ciconia). Georgian Biodiversity Database. biodiversity-georgia.net. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.
  7. Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 55. 432 с.