თუშეთის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდინარე პირიქითი ალაზნის ხეობის ერთ-ერთი მონაკვეთი

თუშეთის ქვაბული — მთათაშორისი მაღალმთიანი ქვაბული, რომელიც გარშემოზღუდულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფით, პირიქითის, აწუნთისა და შუნ-გალავანის ქედებით. საერთო ჯამში ქვაბულის მორფოლოგია თანხვდება თრუსოს ხეობას, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განირჩევა უფრო რთული ოროგრაფიული გეგმით.

თუშეთის ქვაბული ორ გასწვრივ ხეობად იყოფა, რომელთა ღერძებიც ჩრდილო-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ჩრდილო ხეობას, რომელშიც მდინარე პირიქითი ალაზანი გაედინება — პირიქითის ხეობა ეწოდება, ხოლო სამხრულს — გომეწრის ხეობა, სადაც მდინარე თუშეთის ალაზანი გაედინება. თუშეთის ქვაბული ირწყვის მდინარე ანდის ყოისუთი. პირიქითისა და გომეწრის ხეობებს ყოფს გასწვრივი ქედი — მაკრატელა.

თუშეთის ქვაბული აგებულია იურული თიხაფიქლებით. სოფელ დართლოს მახლობლად გვხვდება ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის შესართავთან. შემონახულია რელიქტური ეროზიული ვაკეები, სადაც გაშენებულია სოფლები: შენაქო, ომალო და დიკლო. ეს ვაკეები ზღვის დონიდან 2100-2200 მ ანუ მდინარეთა ხეობების ფსკერიდან 150-200 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. მათი წარმოქმნა დაკავშირებული უნდა იყოს მდინარე ანდის ყოისუს ტექტონიკურ შეგუბებასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • Геоморфология грузии, ТБ., 1971.