თავკომბალა (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავკომბალა.
თავკომბალა

ბურთთავა თავკომბალა (Echinops sphaerocephalus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  თავკომბალა
ლათინური სახელი
Echinops L., 1753
სინონიმები

თავკომბალა[1] (ლათ. Echinops) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ფესურიანი, უპირატესად მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ სწორმდგომი ღეროები, რომლებიც სიმაღლეში 0,5–2 მეტრია. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ფრთისებურად განკვეთილი და ეკლებით დაკბილულია, იშვიათად მთლიანი, ხშირად ფესვთანურ როზეტებში. მრავალრიცხოვანი ყვავილები ძაბრისებრი ლურჯ-მოცისფრო ან მოთეთრო გვირგვინებითაა (ერთყვავილიანი კალათები), შეკრებილია ღეროს წვერზე და მის ტოტებზე სფეროსებრ თავაკებში. ნაყოფი თესლურაა, სიგრძით 1 სმ-მდე, ქოჩრით. ცნობილია 125–130 სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიისა და აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი) გარეტროპიკულ (არქტიკისა და ტყიანი ზონის მნიშვნელოვანი ნაწილის გარდა) და სუბტროპიკულ რეგიონებში. ბევრი სახეობა კარგი თაფლოვანი მცენარეა, ზოგიერთი — დეკორატიული, კულტივირებულია დასავლეთ ევროპაში. რიგი სახეობების (ჩვეულებრივი თავკომბალა, E. ritro; ბურთთავა თავკომბალა, E. sphaerocephalus) ნაყოფი შეიცავს ქინოლინის ალკალოიდებს, რომელთაგან ძირითადია ექინოფსინი (მოქმედების მიხედვით სტრიქნინს ჰგავს).[2]

ქართლურად ეწოდება კოწიწბურთა; კახურად — ზღარბა-ნარი; ფშავურად — თავბურთა; მესხურად — გოლგოთინა, კოსტარდილა; მესხურად და ჯავახურად — გორგოშა-ბალახი, გოლგოთო, აბოს კვერცხი; ლეჩხუმურად — ვირიბალახი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., თავკომბალა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Чернева О. В. Мордовник // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 114.