შინაარსზე გადასვლა

ვეზუვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვულკანი ვეზუვი)
ვეზუვი
კოორდინატები: 40°49′ ჩ. გ. 14°26′ ა. გ. / 40.817° ჩ. გ. 14.433° ა. გ. / 40.817; 14.433
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 1281 
შეფარდებითი სიმაღლე 1232 
ტიპი სომა
სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1788
ბოლო ამოფრქვევა 17-23 მარტი, 1944
ვეზუვი — იტალია
ვეზუვი

ვეზუვი (იტალ. Monte Vesuvio; ნეაპ. Vesuvio; ლათ. Mons Vesuvius) — მოქმედი ვულკანი იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნეაპოლის აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში. სიმაღლე 1281 მ.[1] ვეზუვი ერთადერთი ვულკანია ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში — ეტნა და სტრომბოლი კუნძულებზე მდებარეობს.

ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში ჩადგმულ სამ კონუსს. გარეთა, უძველესი კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი, რომლის მწვერვალში კრატერია.[2]

ვულკანური კრატერის ფსკერზე პერიოდულად ჩნდება მესამე, დროებითი კონუსი, რომელიც ქრება ძლიერი ამოფრქვევების დროს (მაგალითად 1906 წელს). ვეზუვის ძირითადი კონუსის მოხაზულობა და სიმაღლე ცვალებადია; იგი შედგება ლავისა და ვულკანური ტუფის შრეებისაგან. ლავისა და ტუფის გამოფიტვის შედეგად ვეზუვის კალთებზე ნაყოფიერი ნიადაგი წარმოიქმნება. კალთების ქვედა ნაწილში ხეხილის ბაღები და ვენახებია, უფრო ზევით, 800 მ სიმაღლემდე, ფიჭვის კორომებია. ამოფრქვევების დროს ეს ნარგავები და დასახლებული პუნქტები ზიანდება.[2]

ჩვენთვის ცნობილი უძველესი ამოფრქვევა მოხდა 79 წელს. ვარაუდობენ, რომ პირველი ამოფრქვევა ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში უნდა ყოფილიყო. ძლიერი ამოფრქვევები მოხდა 1631, 1794, 1822, 1872, 1906 და 1944 წლებში. ამ უკანასკნელი ამოფრქვევის დროს ლავამ დაანგრია ქალაქი სან-სებასტიანო. ამოფრქვევებს თან სდევს ჭექა-ქუხილი, წვიმა და ხშირად კალთებზე არანაკლებ საზიანო ტალახის ღვარები მოედინება. ამგვარმა ღვარებმა 79 წელს წალეკა ქალაქი ჰერკულანუმი, ქალაქი სტაბიუმი ლავამ დაფარა, ქალაქი პომპეი კი — 8 მეტრი სისქის ვულკანურმა ფერფლმა.[2] ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ცნობილი რომაელი სწავლული პლინიუს უფროსი 79 წელს.[3]

ვეზუვის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, დაახლოებით 600 მ-ზე მდებარეობს ვულკანოლოგიური ობსერვატორია.[2]

  1. Vesuvius, Italy
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 345.
  3. Плиний Старший (Gaius Plinius Secundus). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-24. ციტირების თარიღი: 2018-03-24.