წყალქვეშა ვულკანი
წყალქვეშა ვულკანი — ისეთი სახის ნაპრალი, ბზარი ან ხვრელი ოკეანის ფსკერზე, რომლიდანაც მაგმას შეუძლია ამოხეთქვა. ზოგიერთი მათგანი დღესაც აქტიურია, და მეტიც, არც ისე ღრმად არსებული წყალქვეშა ვულკანები ორთქლისა და მცირე ზომის ქვების ამოტყორცნით ადვილად შესამჩნევია წყლის ზედაპირზე. მათი უმეტესობა იმდენად ღრმადაა, რომ მათ ზემოთ არსებული წყალი უზარმაზარი წონის ზეწოლის (ატმოსფერულ წნევაზე 250-ჯერ ძლიერი) შედეგად ამცირებს როგორც მაგმის, ასევე ორთქლისა თუ რაიმე სხვის ამოხეთქვისა და მათი ზედაპირამდე ამოღწევის რისკს. ამოხეთქვის შემთხვევაშიც კი ეს სრულიად შეუმჩნეველია, ვინაიდან ამოფეთქვისას გამოყოფილი წნევის ოკეანის ზედაპირზე ამოსვლამდე მილევა ხდება. წყალქვეშა ვულკანების გარშემომცველი წყალი შეიძლება გახდეს ისევე როგორც მათი შემაკავებელი, ასევე ამოხეთქვის მიზეზი, ვინაიდან როდესაც ზღვის წყალი აქტიური ვულკანის ხვრელში იღვრება, მძვინვარე აფეთქებებს აქვს ადგილი, მისი თანმდევი მაგმა კი იმდენად სწრაფად ცივდება ოკეანის ზედაპირზე ამოღწევამდე, რომ წყალზე უკვე ქვიშად და ქვის ნატეხებად დანაწევრებული ლავა ამოდის. ჰავაის ცნობილი შავი ქვიშის სანაპიროებიც სწორედ ასეა წარმოქმნილი. დედამიწაზე, სულ მცირე, 1 მილიონი[1] წყალქვეშა ვულკანია. მათი უმეტესობა სახმელეთო ვულკანებზე მაღალია.
კავაჩის წყალქვეშა ვულკანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წყალქვეშა ვულკანი არის კავაჩი, რომელიც სოლომონის კუნძულებზე, ვანგუნუს კუნძულიდან 25.77 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. იგი სიმაღლეში 20 მეტრია, ხოლო 1939 წლიდან მოყოლებული, მინიმუმ 25-ჯერ ამოიფრქვა (უკანასკნელად 2014 წლის იანვარში), რის შედეგადაც მინიმუმ 9-ჯერ დროებითი კუნძული შეიქმნა გაციებული მაგმისაგან, თუმცა საკმარისად დიდი ვერ აღმოჩნდა (საშუალოდ 1 კმ.) და რამდენიმე თვეში თითოეული ჩაიძირა.
1976 წლის ამოფრქვევა
1976 წლის ამოფრქვევები 24 აგვისტოს დაიწყო და წყლის ჭავლმა 30 მ. სიმაღლეს მიაღწია. 4 სექტემბერს მან საგრძნობლად იმატა და 60 მეტრამდე ავიდა, 3 დღის შემდეგ კი 90 გახდა. ამავე დღეს, მოგვიანებით, ვულკანური კონის სიმაღლეს 1.5-3 მეტრი წარმოადგენდა ზღვის დონეზე და ამოფრქვეული ლავა შეინიშნა, რომელიც მომდევნო დღეს ჩრდილო-დასავლეთით იღვრებოდა. 8 სექტემბერს ვულკანური კონა 9 მეტრი იყო სიმაღლეში, ხოლო 40 - სიგანეში. შემდეგ დღეს ამოხეთქვები შესუსტდა და ტალღების
ეროზიის მილევის ნიშნები გაჩნდა. მაგმამ 9-11 სექტემბრის შუალედში შეწყვიტა დინება, მაგრამ აფეთქებები 30 წმ - 2 წუთიანი ინტერვალებით გაგრძელდა. 13 ოქტომბერს
კავაჩის წყალქვეშა ვულკანი | |
---|---|
კავაჩის წყალქვეშა ვულკანის 2000 წლის 14 მაისის ამოფრქვევა | |
მდებარეობა | |
სოლომონის კუნძულების სამხრეთით | |
მონაცემები | |
სიმაღლე | 20 მ. |
ამოფრქვევების რაოდენობა | 1939 წლიდან მინიმუმ 25-ჯერ |
ამოხეთქვები კვლავ მიმდინარეობდა, თუმცა წარმოქმნილი კუნძული სრულად გამქრალი იყო. წყლის ჭავლის სიმაღლემ 30 მეტრამდე დაიკლო, ხოლო კავაჩმა ამოფრქვევები ოქტომბრის ბოლოს შეწყვიტა.
1977 წლის ამოფრქვევა
1977 წლის ივლისში სუსტი ამოფრქვევა დაფიქსირდა 30 წამიანი ინტერვალებით.
1978 წლის ამოფრქვევა
1978 წლის 21 ივნისის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი დროებითი წრიული ფორმის კუნძული იყო სიმაღლეში 1 მეტრი, ხოლო დიამეტრით 30-50 მეტრს აღწევდა. 14 ივლისის ამოფრქვევები იყო სტრომბოლური, რასაც მცირე აფეთქებები და ფერფლის, ვულკანური ბომბების ძლიერი გამოტყორცნა (ამ დღეს სიმაღლემ 400 მეტრს მიაღწია) ახასიათებს. 1978 წლის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი საბოლოო მცირე ზომის კლდოვანი კუნძული იყო 15 მეტრი სიგრძეში და 5 მეტრი სიგანეში, თუმცა ტალღების მიმოქცევის შედეგად რამდენიმე დღეში განადგურდა.
1980-81 წლის ამოფრქვევა
1980 წლის 7 ოქტომბერს კავაჩის წყალქვეშა ვულკანის სუსტი ამოფრქვევები დაფიქსირდა. წყლის, ორთქლისა და ყინულის ნამტვრევების ამოტყორცნის სიმაღლემ 100 მეტრს მიაღწია ოკეანის ზედაპირიდან. ამოფრქვევები 1981 წლის 25 თებერვლამდე გაგრძელდა, ხოლო შუა სექტემბრისას საბოლოოდ დასრულდა.
1985-86 წლის ამოფრქვევა
ქვების, ტალახისა და ორთქლის ამოფრქვევები ოკეანის ზედაპირიდან 30 მეტრამდე 9 დეკემბერს დაიწყო. ამჯერად დროებითი კუნძული არ წარმოიქმნა და 1986 წლის 3 მარტისთვის გაჩერდა. მორიგი ამოხეთქვა ივლისში მოხდა და ამ დროს სიმაღლემ 60-90 მეტრს მიაღწია, თუმცა იგი მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა.
1991 წლის ამოფრქვევა
1991 წლის ამოფრქვევამ კავაჩის ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 3 კილომეტრის მოშორებით ახალი კუნძული წარმოქმნა, რომლის სიგრძე 300 მეტრი იყო, ხოლო სიგანე - 150. სიმაღლეს კი 30 მეტრი წარმოადგენდა. 5 ივნისს, ლავის ამოფრქვევის სიმაღლემ 25 მეტრს მიაღწია, თუმცა ამავე თვის ბოლოსკენ ამოხეთქვები სრულად შეწყდა, კუნძული კი სწრაფადვე ჩაიძირა.
1997 წლის ამოფრქვევა
1997 წელს ფერფლის გავრცელების სიმაღლემ ზღვის დონიდან 2100 მეტრს მიაღწია.
2000 წლის ამოფრქვევა
2000 წლის ამოფრქვევა ავსტრალიელებმა გამოიძიეს და დაადგინეს, რომ იგი 14 მაისს მოხდა და ინტენსიური სურტსეიანული ამოხეთქვები იყო, რასაც ახასიათებს ბლანტი, ბაზალტური მაგმა, ორთქლის, ქვებისა თუ ვულკანური ბომბების უძლიერესი ამოტყორცნის ძალა და უწყვეტი, რითმული ამოფრქვევები. მაგმის ამოსროლის სიმაღლე 70 მეტრზე[2] მეტი იყო, ხოლო ფერფლის 500 მეტრი.
2001-02 წლის ამოფრქვევა
კავაჩის წყალქვეშა ვულკანი ყველაზე აქტიური 2001-03 წლებში იყო, ხოლო ახალი კუნძული 2002 წლის ოქტომბერ-ნოემბერში წარმოქმნა, რომელიც ზღვის დონეზე 10-15 მეტრს აღწევდა სიმაღლეში. 2003 წლის სექტემბერში კი ეს დროებითი კუნძული ოკეანის ეროზიამ დაშალა.
2004 წლის ამოფრქვევა
კავაჩის 8 თვიანი მიძინების შემდეგ, 15 მარტს, კვლავ გაიღვიძა და ამოხეთქა რაც ამჯერად გამოწვეული იყო მაგმისა და წყლის ურთიერთქმედებისგან.
2007 წლის ამოფრქვევა
2007 წლის 2 აპრილს სოლომონის კუნძულებზე 8.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რასაც უზარმაზარი ცუნამი მოჰყვა, ყოველივე ეს (განსაკუთრებით ცუნამი) კი კიდევ უფრო გააძლიერა კავაჩის წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევამ. ამ დღეს სულ ცოტა 52 ადამიანი გარდაიცვალა, 900-ზე მეტი სახლი განადგურდა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
2001 წლის აგვისტოში ფერფლისა და ვულკანური ნამსხვრევების ამოტყორცნის სიმაღლე ზედაპირიდან 400 მეტრი იყო, ხოლო ღამით, გატოკაეს სანაპიროდან (კავაჩიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კილომეტრის მოშორებით) მაგმის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი.
შავი ქვიშა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოყოფილი ლავა ცივდება, ხოლო ოკეანის ეროზია მას მცირე ზომის ნაწილებად შლის და წარმოიქმნება შავი ქვიშა. ეს ფერი განპირობებულია იმით, რომ ვულკანური მინერალებისა და ქვების უმეტესი ნაწილი სწორედაც რომ შავია. მათგან ყველაზე ხშირია ბაზალტი (ჩვეულებისამებრ შავი), ანდეზიტი (მუქი ნაცრისფერი) და ვულკანური მინა (შავი), ხოლო ის მინერალები, რომლებიც ამ ქვებს შავ შეფერილობას აძლევენ, ძირითადად, არიან პიროქსენები
(უმეტესწილად ავგიტი), ამფიბოლები (ხშირად რქატყუარა), და რკინის ოქსიდები (ჩვეულებისამებრ მაგნეტიტი). გარდა ამისა, რკინის შემცველობა განაპირობებს ამ მინერალების შავ ფერს, ვინაიდან რკინა სინათლის სხივებს ძლიერად შთანთქავს და აღსანიშნავია, რომ წონითაც მძიმეა.
შავი ვულკანური ქვიშის მარცვლების გარკველი ნაწილი შავი არაა, მაგალითად მათში ასევე მოიძებნება მწვანე ოლივინის[3] კრისტალები, მოწითალო ვულკანური ქვები, ღია ფერის კვარცი და მარჯნის ქვიშა.
წყალქვეშა ვულკანების წარმოქმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ეჯახება, ერთიანდება, მათგან უფრო მძიმე ფილა ქვევით იწყებს მოძრაობას ან მსუბუქის ქვემოთ სრიალდება და წარმოიქმნება ღრმული, თხრილი. მოძრაობის ადგილას მდებარე ქვები დნება და ამის ქვემოთ არსებული ცხელი მაგმა ამოდის დედამიწის გარე ბირთვიდან (სადაც მეტი წნევაა) ქერქის მიმართულებით (სადაც ნაკლები წნევაა). დროთა განმავლობაში დაგროვილი მაგმა კი საბოლოოდ ამოხეთქავს.
მეორე მოვლენა, რომლის დროსაც წყალქვეშა ვულკანები წარმოიქმნება, არის ორი ტექტონიკური ფილის მიერ ერთმანეთისგან დაცილება. ამ დროს, ფილების ქვემოთმდებარე ლავა იჭყლიტება და ამოდის ნაპრალის სიცარიელეში. ამ მოვლენას (ფილების ერთმანეთისგან დაშორება), ძირითადად, წყლის წნევის ზეწოლა განაპირობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Volcanoes. Robert I. Tilling. Washington DC. US. Government printing office. 20402-9328.
- Journal of Volcanology and Geothermal Research. Deep submarine pyroclastic eruptions: theory and predicted landforms and deposits.James W. Head. Lionel Wilson. 2003.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]https://www.volcanodiscovery.com/kavachi-eruptions.html#er767 https://www.sandatlas.org/what-is-black-sand/ https://www.scienceabc.com/nature/how-are-underwater-volcanoes-formed.html https://pubs.usgs.gov/gip/volc/submarine.html https://schmidtocean.org/cruise-log-post/interesting-submarine-volcanoes/ https://en.wikipedia.org/wiki/Submarine_volcano http://volcano.oregonstate.edu/book/export/html/138