ვენის ალყა (1683)
ვენის ალყა | |||
---|---|---|---|
დიდი თურქული ომის ნაწილი | |||
ვენის ბრძოლა | |||
თარიღი | 14 ივლისი — 12 სექტემბერი, 1683 | ||
მდებარეობა | ვენა, საღვთო რომის იმპერია (თანამედროვე ავსტრია) | ||
შედეგი | გაერთიანებული ქრისტიანული ძალების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ვენის ალყა ვიკისაწყობში |
ვენის მეორე ალყა — დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიასა და საღვთო რომის იმპერიას შორის, რომელიც შემდგომში ოსმალეთის სრულიად ქრისტიანულ სამყაროსთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარეობდა 1683 წლის ივლისიდან სექტემბრამდე. ვენის ალყა იქცა დიდი თურქული ომის დასაწყისად.
წინარეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმალეთის იმპერიას ვენის აღების მცდელობა 1683 წლამდე ბევრად ადრე, 1529 წელსაც ჰქონდა. იმ პერიოდში, ოსმალეთი თავისი განვითარების ზენიტში იყო. 1521 წელს ბელგრადის, ხოლო 1526 წელს უნგრეთის დიდი ნაწილის დაპყრობამ სულთან სულეიმან I-ს ვენის დაპყრობისკენ გაუხსნა გზა, თუმცა იმ შემთხვევაში ოსმალები ზამთრის მოახლოების გამო, 20 დღიანი უშედეგო ალყის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ეს კი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
სულეიმან I-ის გარდაცვალების შემდგომ, ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეფერხდა. 1606 წელს დადებული ჟიტვატოროკის ზავის შედეგად კი, საღვთო რომის იმპერიამ საბოლოოდ დააღწია თავი ყოველწლიური ხარკის გადახდას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა მაინც შეძლეს მოძლიერება. 1656 წელს დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითაც ბოლო მოეღო ქალთა სულთანატს, რაც იმპერიაში თითქმის ყველა არეულობის მთავარი მიზეზი იყო. 1669 წელს ოსმალებმა გამარჯვებით დაასრულეს კრეტის ომი და კუნძული დაიპყრეს. 1672-1676 წლებში მიმდინარე ომში, რომელსაც სულთანი მეჰმედ IV მეთაურობდა, დაამარცხეს პოლონეთი და უკრაინის ნაწილს და პოდოლიას დაეუფლნენ.
1676 წლის 3 ნოემბერს იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს იკავებს ქარა მუსტაფა-ფაშა, რომელიც ჭკვიანი, თუმცა ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსი იყო. ვენის დაპყრობაც სწორედ მისი ოცნება იყო. 1683 წელს ფაშა ვენის დასაპყრობად გაემართა. იმ პერიოდში, ოსმალეთის იმპერია საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული. ავსტრიელთა საბედნიეროდ, მათ ალყამდე ცოტა ხნით ადრე პოლონეთთან გააფორმეს ალიანსი, რამაც საბოლოოდ, ვენა გადაარჩინა.
ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1683 წლის 14 ივლისს ოსმალეთის არმიამ, რომელიც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შედგებოდა, ვენას მიაღწია. იმავე დღეს, ქარა მუსტაფამ ქალაქის უბრძოლველად ჩაბარება მოითხოვა. ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგმა, რომელიც მეთაურობდა ქალაქის დამცველთა 22 500-იან არმიას (აქედან 7 500-ს მოხალისეები შეადგენდნენ) კაპიტულაციაზე მტკიცე უარი განაცხადა. 17 ივლისს ოსმალეთის არმიამ ალყა დაიწყო.
გამომდინარე იქიდან, რომ ვენა იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქი იყო, ოსმალებს მისი იერიშით აღება არ უცდიათ. ოსმალები ქალაქის შიდა კედლებში გვირაბების გაკეთების შედეგად ცდილობდნენ ვენაში შეღწევას. ქარა მუსტაფა თავის ჯარისკაცებს ძარცვის უფლებას არ აძლევდა, რადგან მას სურდა, რომ ქალაქი მთელი თავისი სიმდიდრით დაეპყრო. ოსმალებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა, რათა ვენაში სურსათის შეტანა შეუძლებელი გამხდარიყო.
რომის პაპის, ინოკენტი XI-ის მცდელობა, რომ ვენის დასახმარებლად დაეთანხმებინა საფრანგეთის მეფე ლუი XIV, უშედეგო აღმოჩნდა. ამასობაში, ორთვიანმა ალყამ თავისი შედეგი გამოიღო — ვენას ყველა რესურსი ამოეწურა და ქალაქი მასობრივ შიმშილობაზე გადავიდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქალაქი უნდა დანებებულიყო. სექტემბრის დასაწყისისთვის ოსმალებს უკვე დანგრეული ჰქონდათ ვენის ციხესიმაგრის კედლების უმეტესობა, მაგრამ ვენას მხსნელად მოევლინა იან III სობესკის არმია. 6 სექტემბერს სობესკიმ გადაკვეთა მდინარე დუნაი, ტულნთან, ვენისგან 30 კმ-ის დაშორებით. მისი არმიის შემადგენლობაში, პოლონელი ჯარისკაცების გარდა, შედიოდნენ გერმანული სამთავროების — ბავარიის, ფრანკონიის, საქსონიის, შვაბიის, მანტუის და ტუსკანის ჯარისკაცებიც. მთელი არმია 70 000-80 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ქარა მუსტაფა-ფაშას დაახლოებით, 150 000 მეომარი ჰყავდა.
ოსმალი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლოს იყვნენ ქალაქის აღებასთან, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ქარა მუსტაფამ ვერ მოახერხა დემორალიზებულ არმიაში წესრიგის აღდგენა, განსხვავებით მისი მოწინააღმდეგისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა არმია მრავალენოვანი იყო, სობესკიმ და სხვა ლიდერებმა ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად მოახერხეს და 6 დღეში სრულიად მოამზადეს არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის. გამოიყენეს ყველა მატერიალური რესურსი, იმპერიის მთელი ხაზინა, ისესხეს ფული მდიდარი ბანკირებისგან და პაპისგანაც მიიღეს დახმარება. მიუხედავად ამისა, იანმა მაინც მისცა თავის ჯარისკაცებს უფლება გამარჯვების შემთხვევაში გაეძარცვათ მოწინააღმდეგის ბანაკი.
12 სექტემბერი, ვენის ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადამწყვეტი ბრძოლა ოსმალეთის იმპერიასა და გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს შორის გაიმართა 12 სექტემბერს. პირველი შეტევა ოსმალებმა განახორციელეს დილის 4 საათზე, სანამ არმიები ბოლომდე მზად იქნებოდნენ საბრძოლველად. პირველი საპასუხი შეტევა გერმანელებმა განახორციელეს. კარლ ლოთარანგიელმა, იმპერიის არმიით მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო სხვა საღვთო რომის იმპერიის არმიამ ცენტრში შემოიწია. მძიმე ბრძოლებისა და ოსმალების მძლავრი კონტრშეტევების მიუხედავად, შუადღისთვის გაერთიანებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, განსაკუთრებით გამაგრდნენ სოფელ ნუსდორფში და ჰელიგენშტადში.
დღის მეორე ნახევარში ბრძოლა ველის მეორე მხარეს გაჩაღდა, რადგან პოლონეთის არმიამ შეტევა ოსმალეთის ჯარის მარჯვენა ფლანგზე განახორციელა. მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, ოსმალები მაინც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ქალაქში შესაღწევად გზის გაკაფვას, ეს კი უპირატესობას ისევდაისევ სობესკის და კარლ ლოთარანგიელს აძლევდა. მალევე, გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი გერშტოფი, რომელიც მათი შეიარაღების ბაზად გამოიყენეს. ოსმალები უკვე უიმედო მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ იანმა და კარლმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ განეხორციელებინათ საბოლოო შეტევა და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის არმია.
გაერთიანებულმა ქრისტიანულმა არმიამ ოსმალთა მარცხენა ფლანგზე შეტევა 4-ის ნახევრისთვის განაახლა. თავდაპირველად, ოსმალებმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძულეს, შეჩერებულიყვნენ. მაგრამ ეს წინააღმდეგობა დიდხანს არ გაგრძელებულა და შედეგად, 5 საათისთვის ოსმალებმა დაკარგეს სოფლები უნთერდობლინგი და ობერდობლინგი. ახლა, გაერთიანებული ძალები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ოსმალთა არმიის ცენტრში შეჭრასთან. ისინი მზად იყვნენ უკანასკნელი შეტევისთვის. დაახლოებით 6 საათზე იან სობესკიმ ჯარის ოთხ რაზმს უბრძანა შეტევაზე გადასვლა, საიდანაც 3 პოლონელი, ხოლო ერთი საღვთო რომის იმპერიელი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. ოსმალები მოწინააღმდეგეს ფაქტობრივად, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ჯარისკაცები დემორალიზებული და დაღლილები იყვნენ, ამიტომაც მალევე დაიწყეს ბრძოლის ველიდან გაქცევა. სობესკიმ ჯარისკაცებს უბრძანა, რომ დადევნებოდნენ მათ. ოსმალებმა უკან დახევის დროს კიდევ 10 000 მეომარი დაკარგეს.
ბოლო შეტევის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ქრისტიანულ ძალებს უკვე მოგებული ჰქონდათ ბრძოლა. მათ მოახერხეს და გადაარჩინეს ვენა. ცნობილია, რომ იან სობესკიმ გამარჯვების შემდეგ იულიუს კეისარის ცნობილი სიტყვების ოდნავ შეცვლილი ვარიანტი წარმოთქვა:"Veni, vidi, Deus vicit" („მიველ, ვნახე, ღმერთმა გაიმარჯვა“).
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენის ალყის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, განრისხებულმა მეჰმედ IV-მ ქარა მუსტაფა-ფაშა ბელგრადში სიკვდილით დასაჯა. საბოლოოდ, ვენის უშედეგო ალყა ოსმალეთის ცენტრალური ევროპიდან განდევნის პროცესის დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მოვლენით დაიწყო დიდი თურქული ომი. ერთი წლის შემდეგ, რომის პაპის ინიციატივით შეიქმნა „საღვთო ლიგა“, ანტიოსმალური კოალიცია. მასში ვენეცია, საღვთო რომის იმპერია და პოლონეთი გაერთიანდნენ. 1686 წელს მათ რუსეთის სამეფოც შეუერთდა.
ოსმალეთის იმპერია „საღვთო ლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა. გაერთიანებულმა ქრისტიანულმა ძალებმა მოახერხეს და ოსმალთაგან გაათავისუფლეს უმნიშვნელოვანესი ქალაქები — 1686 წელს ბუდა, 1688 წელს ბელგრადი. მოჰაჩის ბრძოლის შედეგად გაათავისუფლეს უნგრეთი. დიდ თურქულ ომში ოსმალეთის იმპერიამ სულ რამდენიმე უმნიშნვნელო გამარჯვება მოიპოვა. 1697 წელს გამართულ ზენტის ბრძოლაში „საღვთო ლიგის“ წევრებმა აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვეს. ამ ბრძოლაში მარცხმა საბოლოოდ აიძულა ოსმალები დათმობაზე წასულიყვნენ. 1699 წელს კარლოვიცის კონგრესზე დაიდო ზავი, რომლითაც ოსმალეთმა ავსტრიას უნგრეთი, პოლონეთს პოდოლია და უკრაინის ნაწილი, ხოლო რუსეთს აზოვი დაუთმო. სწორედ ამ ზავით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stéphane Gaber, Et Charles V arrêta la marche des Turcs, Presses universitaires de Nancy, 1986, ISBN 2-86480-227-9.
- Bruce, George (1981). Harbottle's Dictionary of Battles. Van Nostrand Reinhold.
- Cezary Harasimowicz Victoria Warsaw 2007, novel ISBN 978-83-925589-0-3
- James Michener Poland, A Novel, see Chapter V From the South
- Alan Palmer, The Decline and Fall of the Ottoman Empire, Published by Barnes & Noble Publishing, 1992. ISBN 1-56619-847-X.
- Miltiades Varvounis, Jan Sobieski. The King Who Saved Europe, Xlibris, 2012, ISBN 978-1-4628-8081-2