მოჰაჩის ბრძოლა (1687)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჰაჩის ბრძოლა
ავსტრია-ოსმალეთის ომების ნაწილი

მოჰაჩის ბრძოლა
თარიღი 12 აგვისტო, 1687
მდებარეობა მოჰაჩი
შედეგი ავსტრიელთა გამარჯვება
მხარეები
საღვთო ლიგა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
საღვთო რომის იმპერიის დროშა კარლ ლოთარინგიელი
მაქსიმილიან II ემანუელი
ლუდვიგ ვილჰელმი
ევგენი სავოიელი
ჯოვანი პიკოლონიმი
ოსმალეთის დროშა სარი სულეიმან-ფაშა
მუსტაფა-ფაშა
ესეიდ მუსტაფა-ფაშა
ჯაფერ-ფაშა
ძალები
60 000 ჯარისკაცი 60 000 ჯარისკაცი
დანაკარგები
800 ჯარისკაცი 10 000 ჯარისკაცი
მოჰაჩის ბრძოლა ვიკისაწყობში

მოჰაჩის მეორე ბრძოლა (თურქ. Mohaç Muharebesi, უნგრ. Nagyharsányi csata) — ბრძოლა ოსმალეთისა და საღვთო რომის იმპერიის არმიებს შორის, გაიმართა 1687 წლის 12 აგვისტოს, მოჰაჩის ველზე. დასრულდა ოსმალეთის არმიის სრული მარცხით.

მოჰაჩის ბრძოლის წინაპირობა იყო 1683 წელს დაწყებული დიდი თურქული ომი, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ ვენაში შეჭრით წამოიწყო. 1683 წლის 12 სექტემბერს გამართულ ვენის ბრძოლაში ოსმალეთის არმია სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ, პაპ ინოკენტი XI-ის ინიციატივით შეიქმნა ანტიოსმალური კოალიცია „საღვთო ლიგა“, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ავსტრია, ვენეცია და პოლონეთი. ოსმალეთის არმია აგრეთვე დამარცხდა 1686 წელს გამართულ ბუდის ბრძოლაში.

მოჰაჩის ბრძოლის დროს ოსმალეთის არმიის მთავარი მეთაური იყო მეჰმედ IV-ის დიდი ვეზირი სარი სულეიმან-ფაშა, ხოლო ავსტრიელთა ჯარებს კარლ ლოთარანგიელი მეთაურობდა. 1687 წლის 12 აგვისტოს დილით ავსტრიის ჯარების მარჯვენა ფლანგმა დასავლეთისკენ იწყო სვლა. სულეიმან-ფაშამ იფიქრა, რომ ეს მისი შანსი იყო და ბრძანება გასცა, რომ არმიას მთელი ძალებით შეეტია ჰაბსბურგთა მარცხენა ფლანგისთვის, რომელიც ადრინდელ პოზიციაზე რჩებოდა და მას პირადად ბავარიის მმართველი მაქსიმილიან II მეთაურობდა. ოსმალეთის არმია ფლობდა რიცხობრივ უპირატესობას მაქსიმილიან II-ის არმიასთან შედარებით, ამიტომ მაქსიმილიანმა სასწრაფოდ გაუგზავნა კურიერი კარლ ლოთარინგიელს და აცნობა, რომ საფრთხეში იყვნენ. კარლმა მაშინვე გამოგზავნა დამხმარე ძალა. დიდი ვეზირი გაოცებული იყო ოპონენტის ასეთი წინააღმდეგობით. იგი იძულებული გახდა, შეტევის შეწყვეტის ბრძანება გაეცა.

ინიციატივა უკვე ჰაბსბურგების ხელთ იყო. მათ მოახერხეს თავდაპირველ პოზიციებში დაბრუნება და გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რითაც მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი მიაყენეს. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოსმალეთის არმიამ უკან დაიხია. ბრძოლაში გამარჯვება ჰაბსბურგებმა მოიპოვეს, თანაც ისე, რომ მხოლოდ 800 მეომარი დაკარგეს, ხოლო ოსმალებს 10,000-იანი დანაკარგი მიაყენეს. მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვების შედეგად, ავსტრიამ დაიკავა სამხრეთ უნგრეთი და ტრანსილვანიის სათავადო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dupuy, Ernest R. and Trevor N. Dupuy, The Harper Encyclopedia of Military History, 4th Ed., HarperCollins Publishers, 1993, ISBN 978-0-06-270056-8.
  • Laffin, John, Brassey's Dictionary of Battles, Barnes & Noble Inc., 1998 ISBN 978-0-7607-0767-8.
  • Lord Kinross, The Ottoman Centuries New York: Morrow Quill Paperbacks 1977 p. 350–351 ISBN 978-0-688-03093-3