ელია ევდოკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელია ევდოკია
დაბადების სახელი ათენაისი
დაბადების თარიღი დაახლ. 401
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 460
იერუსალიმი
ეროვნება ბერძენი
მეუღლე(ები) თეოდოსიუს II (ბიზანტია)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ლეონციუსი

ელია ევდოკია ავგუსტა (/ˈliə jˈdʃə ɔːˈɡʌstə/; დ. დაახლ. 401 — გ. 460), ასევე უწოდებენ წმინდა ევდოკიას, — ბიზანტიის იმპერიის იმპერატრიცა და იმპერატორი თეოდოსიუს II-ის მეუღლე, გამოჩენილი ბერძენი ისტორიული ფიგურა ბიზანტიის იმპერიის საწყის ეტაპზე, ქრისტიანობის აღზევების პერიოდში. ცხოვრობდა ეპოქაში, სადაც ბერძნული წარმართული რელიგია და ქრისტიანობა გვერდიგვერდ არსებობდა. [1] მიუხედავად იმისა, რომ ევდოკიას შემოქმედება ძირითადად იგნორირებულია თანამედროვე მეცნიერების მიერ, მისი პოეზია და ლიტერატურული ნაწარმოებები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყო გადაჯაჭვული მისი ქრისტიანული რწმენა და ბერძნული მემკვიდრეობა ერთმანეთთან. [2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელია ევდოკია დაიბადა დაახლოებით 400 წელს ათენში, ბერძნული წარმოშობის ოჯახში. [3] [4] [5] [6] [7] მამამისი, ბერძენი ფილოსოფოსი, სახელად ლეონციუსი, [6] [7] [8] ასწავლიდა რიტორიკას ათენის აკადემიაში, სადაც ხალხი მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან იკრიბებოდა. ევდოკიას მეორე სახელი იყო ათენაისი, რომელიც მშობლებმა აირჩიეს ქალაქის მფარველის, წარმართული ქალღმერთის ათენას პატივსაცემად. [9] მამამისი მდიდარი იყო და ჰქონდა შესანიშნავი დიდი სახლი აკროპოლისზე, სადაც ათენაისი ხშირად თამაშობდა. [9]

12 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, აიღო პასუხისმგებლობა საოჯახო საქმეებზე, ზრდიდა ძმებს და უვლიდა მამას. ჰყავდა ორი ძმა, გესიუსი და ვალერიუსი. საყოფაცხოვრებო საქმიანობის სანაცვლოდ, მამამისი საფუძვლიანად ასწავლიდა მას რიტორიკას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას. ევდოკიას ჰქონდა კარგი დამახსოვრების ნიჭი და ადვილად შეისწავლა ჰომეროსისა და პინდარის პოეზია, რომელსაც მამა ხშირად უკითხავდა. მამამისმა, როგორც მამამ და მასწავლებელმა, დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, რაც ასევე აისახა მის მიერ შექმნილ ლიტერატურულ ნაშრომებში.

მამამისი 420 წელს გარდაიცვალა, ევდოკია მისი გარდაცვალების გამო განადგურებული იყო. ანდერძში მან მთელი თავისი ქონება ევდოკიას ძმებს დაუტოვა, მისთვის მხოლოდ 100 მონეტა იყო განკუთვნილი, ანდერძში მან თქვა, რომ „საკმარისია მისთვის მისი ბედი, რომელიც აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ქალად“. [10] ათენაისი მამისგან მწირ 100 მონეტაზე მეტ მემკვიდრეობას ელოდა. იგი ძმებს ევედრებოდა, სამართლიანები ყოფილიყვნენ და მამის ქონება თანაბრად გაეყოთ, მაგრამ მათ უარი განუცხადეს.

მამის გარდაცვალებიდან მალევე, 20 წლის ასაკში, ათენაისი წავიდა საცხოვრებლად დეიდასთან, რომელმაც ურჩია, წასულიყო კონსტანტინოპოლში და ეთხოვა სამართალი იმპერატორისგან, იგი დარწმუნებული იყო, რომ მიიღებდა მამის სიმდიდრის სამართლიან წილს. [11]

ცხოვრება, როგორც იმპერატრიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტა, რომელიც ასახავს ელია ევდოკიას პორტრეტს, 425–429 წწ.

ლეგენდა ამბობს, რომ როდესაც თეოდოსიუსი (დ. 401) 20 წლის იყო, მას დაქორწინება სურდა. ის გაესაუბრა თავის დას პულხერიას, რომელმაც დაიწყო ძმისთვის შესაფერისი ქალწულის ძებნა, მისთვის შესაფერისი გოგონას უნდა ჰქონოდა „პატრიციული ან იმპერიული სისხლი“. [12] თეოდოსიუს მომავალი მეუღლის ძებნაში მისი დიდი ხნის ბავშვობის მეგობარი პაულინიუსიც დაეხმარა. [12] ამ პერიოდში კლოვდია ახალ ჩასული იყო კონსტანტინოპოლში. პულხერიამ გაიგო ამ ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელსაც მხოლოდ 100 მონეტა ჰქონდა დარჩენილი და როდესაც მას შეხვდა, „გაოცებული დარჩა მისი სილამაზით, გონიერებითა და დახვეწილობით, რომლითაც მან წარმოადგინა დიდი მწუხარება თავისი მემკვიდრეობის გამო“. [12] ძმას, თეოდოსიუს მან უთხრა, რომ „იპოვა ახალგაზრდა გოგონა, ბერძენი მოახლე, ძალიან ლამაზი, სუფთა და დახვეწილი, ასევე მჭევრმეტყველი, ფილოსოფოსის ქალიშვილი“, ახალგაზრდა თეოდოსიუს მალევე შეუყვარდა ათენაისი. [12]

ათენაისი წარმართად იყო აღზრდილი, თეოდოსიუს II-ზე ქორწინების შემდეგ მიიღო ქრისტიანობა და დაარქვეს ევდოკია. [13] ისინი დაქორწინდნენ 421 წლის 7 ივნისს, არსებობს ცნობები, რომ თეოდოსიუსმა ქორწილი იპოდრომში ეტლების რბოლებით აღნიშნა. [14] ევდოკიას ძმები, რომლებმაც უარყვეს იგი მამის სიკვდილის შემდეგ, გაიქცნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ევდოკია იმპერატრიცად გახდომის შემდეგ მათ დასჯიდა. [15] სამაგიეროდ ევდოკიამ ისინი კონსტანტინოპოლში დაიბარა და თეოდოსიუსმა დააჯილდოვა ისინი. [15] იმპერატორმა გესიუსი ილირიკუმის პრეტორიან პრეფექტად დანიშნა, ხოლო ვალერიუსი magister officiorum-ად. [15] [15] თეოდოსიუსმა თავის საუკეთესო მეგობარს, პაულინუსს ასევე მიანიჭა წოდება magister officiorum, რადგან იგი ასევე ეხმარებოდა მომავალი მეუღლის პოვნაში. [15]

ქრისტიანობის შერწყმა კლასიკურ კულტურასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

438 წლის გაზაფხულზე იერუსალიმში მომლოცველობისას ევდოკია გაჩერდა ანტიოქიაში და მან სიტყვით მიმართა ამ ქალაქის სენატს ელინური სტილით, მან თანხა გამოყო შენობების შესაკეთებლად. [7] [16] ევდოკიამ კარგად იცოდა თავისი ბერძნული მემკვიდრეობა, რაც კარგად აჩვენა ანტიოქიის მოქალაქეებისადმი ნათქვამ მის ცნობილ მიმართვაში, სადაც ციტირებდა ჰომეროსის ცნობილი სტრიქონს: „ὑμετέρης γενεής τε καὶ αἵματος εὔχομαι εἶναι“. [7] [16] [17] [18] ევდოკიას სიტყვებმა მსმენელისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც ანტიოქიის მოქალაქეებმა აღნიშნეს იმპერატრიცა ევდოკიას ქრისტიანული ელინიზმი, გამოსახეს მისი ოქროს ქანდაკება კურიაში, ხოლო ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმში. [17] [18] [19]

ევდოკიამ ასევე ააგო კონსტანტინოპოლში წმინდა პოლიევქტუსის ეკლესია, რომელიც მისმა შვილიშვილმა ანიცია ჯულიანამ მნიშვნელოვნად გააფართოვა VI საუკუნეში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევდოკიას სამი შვილი შეეძინა თეოდოსიუს II-სთან. [20] [21] ლიკინია ევდოქსია, რომელიც დაიბადა 422 წელს, ყველაზე უფროსი იყო. ლიკინია ევდოქსია დაბადებიდანვე დანიშნეს თავის ბიძაშვილზე, დასავლეთ რომის იმპერატორ ვალენტინიან III-ზე, რომელზეც იგი დაქორწინდა 437 წლის 29 ოქტომბერს [22]. მეორე შვილი ფლაკილია 431 წელს გარდაიცვალა [20]. მათ ერთადერთი ვაჟი ეყოლათ, სახელად არკადიუსი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wagner 1967
  2. Sowers 2008.
  3. „Eudocia: Byzantine empress“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Inc. 2016.
  4. Duncan 1974
  5. Mahler 1952.
  6. 6.0 6.1 Cheetham 1981
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Cuming & Baker 1972
  8. Bradbury 2004
  9. 9.0 9.1 Tsatsos 1977.
  10. Tsatsos 1977.
  11. Tsatsos 1977.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Holum 1982.
  13. Aelia Eudocia (Wife of Theodosius II). University of Ottawa.
  14. Holum 1982.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 Holum 1982.
  16. 16.0 16.1 Holum 1982.
  17. 17.0 17.1 Hunt 1982
  18. 18.0 18.1 Bury 2008
  19. Sowers 2008.
  20. 20.0 20.1 Plant 2004.
  21. Harries 2013
  22. Holum 1982.