პინდაროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პინდაროსი
ძვ. ბერძნ. Πίνδαρος
დაბადების თარიღი ძვ. წ. 517[1]
დაბადების ადგილი კინოსკეფალე[2]
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 437[1]
გარდაცვალების ადგილი Argos[2]
საქმიანობა პოეტი[3] [2] , მითოგრაფი და მწერალი[4]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ბეოტიის კავშირი
Magnum opus Victory Odes
პარტნიორ(ებ)ი Theoxenus of Tenedos[5]

პინდაროსი (ძვ. ბერძნ. πίνδαρος; დ. ძვ. წ. VII — გ. ძვ. წ. VI) — ძველი ბერძნული საგუნდო ლირიკის ცნობილი წარმომადგენელი. მისი ცხოვრების აღწერილობა შემონახულია „ოლიმპიურ ოდათა“ პარიზულ („ამბროსიანულ“) გამოცემაში, რომელიც ალექსანდრიულ გამოცემას უნდა ემთხვეოდეს. პინდაროსის ბიოგრაფიის რამდენიმე სხვა, უფრო ვრცელი ვარიანტი (მათ შორის-პოეტურიც), იგივე ფაქტებს იმეორებს. პინდაროსი დაიბადა თებეს პატარა ქალაქ კინოსკეფალეში. მისი ემოქმედების დასაწყისი ემთხვევა ბერძენ-სპარსელთა ომების პერიოდს. ქსერქსეს ლაშქრობის დროს პინდაროსი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. იგი ღებულობდა შეკვეთებს თესალიელი ალავადებისგანაც (პით. X), ათენელი ლტოლვილი მეკაგლესისგანაც (პით. VII), თაავდ დიადი საბერძნეთის მოასპარაზეებისგანაც (პით. VI, XII). მაგრამ, როგორც პინდაროსის ქმნილებათა ქრონოლოგიიდან ჩანს, ამ პერიოდისთვის იგი წერდა, ძირითადად, ღვთაებებისადმი მიძღვნილ ჰიმნებს. როდესაც დელფომ და თებემ სპარსეთის მხარე დაიჭირეს (ძვ. წ. 480 წ.), პინდაროსმა ეს მოვლენა გონივრულ აქტად მიიღო. მაგრამ ქსერქსე დამარცხდა (ძვ. წ. 479 წ.), თებემ ძლივს დააღწია თავი „მოღალატის“ სამარცხვინო უღელს. ეს პინდაროსმა მძაფრად განიცადა, რაც ასახა კიდეც თავის ოდებში (ისთმ. VIII, აგრ. I, III, IV). საზოგადოებამ, ჩანს, პოეტს აპატია ეს გაუგებრობა. ძვ. წ. 476 მას იწვევენ სიცილიაში ჰიერონ სირაკუსელისა და თერონ აკრაგასელი ოლიმპიურ და პითიურ გამარჯვებათა ზეიმებზე. პინდაროსის შემოქმედებაში სიცილიურ პერიოდი ითვლება პოეტური აღმავლობის ხანად. სიცილიური ციკლის ოდები, პინდაროსის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები, ეპინიკიათა კრებულის პირველ ფურცლებზე მოათავსეს ალექსანდრიელმა სწავლულებმა (ოლ. I-VI; პით. I-III; ნემ. I). ძვ. წ. 475 წლისთვის პინდაროსი ბრუნდება თებეში, სადაც აგრძელებს ოდების წერას სიცილიელი გამარჯვებულებისათვის. ჰიერონ სირაკუსელი,რომელსაც რამდენიმე ბრწყინვალე ოდა უძღვნა, და რომელმაც ძვ. წ. 468 წელს მოიპოვა ნანატრი ოლიმპიური გამარჯვება, შეკვეთას აძლევს არა პინდაროსს, არამედ ბაკქილიდესს. ამ ფაქტით აღშფოთებული პინდაროსი წერს საპასუხო სიმღერას (პით. II), სადაც იქსიონის მითით ჰიერონის უმადურობაზე მიანიშნებს, ხოლო თავის მეტოქე მაკქილიდეს მაიმუნს უწოდებს. მალე პინდაროსისათვის დგება წარმატებათა ხანა (ძვ. წ. 475-460 წწ.). მის შემოქმედებას მთელ საბერძნეთში აღიარებდნენ, იგი ითვლება პირველ პოეტად. პინდაროსის ჩვენამდე მოღწეული შემოქმედების თითქმის ნახევარი ამ პერიოდით თარიღდება. მას უკვეთენ ოდებს კორინთოს, როდოსის, არგოსის, კირენესა თუ ეგინას მკვიდრნი. მიუხედავად ამ აღიარებისა, პინდაროსისა და მის თაყვანისმცემელთა შორის მაინც იჩენდა ხოლმე თავს გაუგებრობა. ძვ. წ. 474 ათენმა პინდაროსს შეუკვეთა დითირამბი, რომელიც ისე ბრწყინვალედ შეთხზა პოეტმა, რომ თანამემამულე თებელებმა მას ცილად დასწამეს სამშობლოს ღალატი და დააჯარიმეს დიდძალი თანხით. ეს თანხა გადაიხადეს დითირამბით მოხიბლულმა ათენელებმა. ცნობილია სხვა შემთხვევაც: დელფოს შეკვეთით პინდაროსმა შეთხზა პეანი VI, სადაც განადიდებდა რა აპოლონს, აუგად მოიხსენიებდა მის მითოლოგიურ მტერს-ნეოპტოლემოს ეგინელს. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ეგინელებმა. პინდაროსი იძულებული გახდა შეეთხზა ახალი ოდა ეგინელებისათვის (ნემ.VII), სადაც ახლებურად დაამუშავა მითი ნეოპტოლემოსზე.

პინდაროსის ბოლო პერიოდის ოდებში შეინიშნება მოწოდება სიმშვიდისაკენ. ძვ. წ. 458-457 წწ. შემდეგ თებეს ძალაუფლების დაქვეითებამ პესიმისტურად განაწყო პოეტი (პით. VIII). გარდაიცვალა იგი ძვ. წ. 438 წელს (ან ოდნავ გვიან) თეატრში, თავისი საყვარელი თეოქსენოსის მუხლებზე დამხობილი.

პინდაროსის სახელი გარდაცვალების შემდეგ ლეგენდებით შეიმოსა. პავსანიასი გადმოგვცემს, რომ ბერძნებს უხილავთ პანი ტყეში, რომელიც პინდაროსის სიმღერებს მღეროდა, რომ თავად პერსეფონეს შეუკვეთვს მისთვის შესანდობარი ოდა (IX,23) და სხვა. პინდაროსი მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც თხზულებათა წიგნადგამოცემის ხელოვნება ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული. მისი ოდები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახებოდა მსმენელთა მეხსირებაში. ჩანს, მის ქმნილებათა შეკრება დაიწყო ძვ. წ. IV საუკუნიდან. არისტოტელეს მოწაფე ქამელეონს (ძვ. წ. 300 წ) პინდაროსისათვის მიუძღვნია მთელი თავი ჩვენამდე მოუღწეველ თხზულებაში ძველი პოეტების შესახებ. ამ მასალის საფუძველზე ძვ. წ. III ს-ში ალექსანდრიელ სწავლულებს შეუდგენიათ პინდაროსის თხზულებათა სრული კრებული 17 წიგნად, დაყოფილი ჟანრების მიხედვით. ამ გამოცემიდან უნდა მომდინარეობდეს პინდაროსის ოდათა ხელნაწერების ორივე ცალი: „პარიზული“ („ამბროსიანულ“) და „ვატიკანული“, რომელთა საფუძველზე XIX-XX საუკუნეებში შესაძლებელი გახდა პინდაროსის ტექსტის აღდგენა. ალექსანდრიელ სწავლულებს არისტოფანე ბიზანტიონელისა და არისტარქოსის მეთაურობით მიეწერებათ პინდაროსის ტექსტის კომენტარებიც (ჩვენამდე არ მოუღწევიათ). ძვ. წ I საუკუნეში ამ კომენტარების საფუძველზე ცნობილ გრამატიკოს დიდიმოსს შეუდგენია დიდი კონპილაცია, რომელიც გამოუყენებიათ გვიანი დროის კომენტატორებს და სქოლიასტებს, რომელთა სქოლიონები პინდაროსის ტექსტისა შემორჩა ჩვენამდე.

პინდაროსის „ცხოვრების აღწერილობიდან“ ცნობილია, რომ მისი პოეტური შემოქმედება მეტად მრავალფეროვანი ყოფილა. პინდაროსის ქმნილებათა რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა. ეს იყო ჰიმნები, პეანები, დითირამბები, ეპინიკიები და სხვა. ჩვენამდე შედარებით სრულყოფილად ეპინიკიათა ოთხმა წიგნმა მოაღწია: 45 ოდა და ფრანგმენტები. ოდები ეძღნება ოლიმპიურ, პითიურ, ნემეურ და ისთმოსურ ასპარეზობათა გამარჯვებულებს.

პინდაროსი იყო არა მარტო პოეტი, არამედ კომპოზიტორიცა და შემსრულებელიც. მისი ოდები, დაწერილი რთული მეტრული კომპოზიციაით, ეპოსის ენით, რომელსაც ეოლიური და დორიული ელემენტები ერწყმოდა და რომელიც ესადაგებოდა გარკვეულ მუსიკალურ ხმოვანებას, ძველი სამყაროს მსმენელთა ამაღლებასა და განწმენდას იწვევდა. მოგვიანებით პინდაროსს გაუგებარ და ჟამგარდასულ პოეტად მიიჩნევდნენ (ათენეოსი 1, 3 XIV, 638). დღეს მისი სახელი კვლავ იბრუნებს ოდინდელ დიდებას.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოლიმპიური ოდები
  • პითიური ოდები
  • ნემეური ოდები
  • ისთმოსური ოდები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]