დიდი საფეხური
დიდი საფეხური (ინგლ. Great Escarpment) — სამთო სისტემა და კუესტა აფრიკის სამხრეთ ნაწილში[1], რომელიც გამოყოფს შიდა კონტინენტალურ პლატოს ატლანტის და ინდოეთის ოკეანეების სანაპიროების დაბლობი რაიონებისგან[2][3].
გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი საფეხური დედამიწის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. ის ჩამოყალიბდა პირველადი კონტინენტის გონდვანის გახლეჩის შემდეგ დაახლოებით 120 მილიონი წლის წინ. ამასთან აქ ზოგიერთ მთის ფორმაციებს, დანალექი ფენებით დაფარულებს და გამოქარვის და ეროზიის შედეგად გახსნილებს, აქვთ 2,5 მილიარდ წელზე უფრო მეტი ასაკი. ეს სამხრეთ აფრიკის მთის რეგიონები მილიონი წლების განმავლობაში თანდათან გადაადგილდებოდა სანაპიროდან აფრიკის სიღრმეში. მესამეული სისტემის პერიოდში აქ გააქტიურდა ტექტონიკური პროცესები, რომლებიც მოქმედებდნენ არა მხოლოდ დიდი საფეხურის ხაზზე ჩრდილოეთი-სამხრეთი, არამედ გავრცელდნენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. შედეგად ჩამოყალიბდა მთელი აფრიკის სამხრეთი ნაწილის თანამედროვე ლანდშაფტი.
ნამიბიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი საფეხური კვეთავს ნამიბიას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, რომელიც გამოჰყოფს მის ატლანტის ოკეანის დაბლობ სანაპიროს ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მაღლობებისაგან. აქ ხდება ნამიბის უდაბნოს თანდათანობითი სიმაღლეში მატება (600 მეტრ სიმაღლემდე), რომლის იქით იწყება დიდი საფეხურის სიმაღლის მკვეთრი მატება, რომელიც აღწევს კუესტას ნამიბიის ჩრდილოეთში სიმაღლით 2000 მეტრზე მეტს. აქ დიდი საფეხური გარდაიქმნება ჰარტმანის, ბეინსის და ჯუბერტის მთებად, ნამიბიის სამხრეთში — კჰომასის ზეგნად, რანტის, ნაუკლუფტის და ტირასის მთებად. ნაუკლუფტის მთებიდან მდინარე ორანჟამდე დიდი საფეხური გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, როტრანდის კუესტასთან ერთად 400 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე. აღმოსავლეთის მიმართულებით დიდი საფეხური სიმაღლეში თანდათან დაბლდება, ნელ-ნელა გადადის შიდააფრიკულ მაღლობებში და კალაჰარის უდაბნოს დაბლობში[4].
სამხრეთ აფრიკაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარზე დიდი საფეხური კვეთავს მდინარე ორანჟის კანიონს და გრძელდება, როგორც რიჩტერსველდის მთის დასავლეთი ფერდოს სამხრეთის მიმართულება, ქალაქ სპრინგბოკის გვერდით, ბოკეველდის მთების (840 მეტრამდე) გავლით, და შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიღრმეში. აქ დიდი საფეხური კარუს გვალვიანი რეგიონის ლანდშაფტს ყოფს ორ ნაწილად. მთის ხაზი, რომელიც მოიცავს როგეველდის მთების (1742 მეტრი) გასწვრივ არსებულ ჰანტამსბერგის მასივს (1799 მეტრი), კომსბერგის (1902 მეტრი) და ნუვეველდის (2070 მეტრი) მთებს, მიემართება მოლტენოს უღელტეხილამდე ქალაქ ბოფორტ უესტთან დაარქივებული 2016-02-05 საიტზე Wayback Machine. ახლოს. აქედან დიდი საფეხური მიემართება ნაკლებად დასახლებული ტერიტორიისკენ ქალაქ გრააფ-რეინეტამდე და შემდეგ სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით სნიუბერგის (2504 მეტრი) მთიანი მასივისკენ და ბრუნდება ჩრდილოეთისკენ. აქ ის იერთებს მდინარე ფიშის აუზს და მის აღმოსავლეთ ნაპირზე ქმნის ბამბოსის (2376 მეტრი) მთებს და სტორმბერგის (2290 მეტრი) მასივს, ქალაქ ქუინზთაუნის ჩრდილოეთით. შემდეგ დიდი საფეხური გადის აღმოსავლეთი კაპლანდის პროვინციას, ქალაქების — დორდრეხტის და ელიოტის მიმართულებით, გადაივლის დრაკონის მთების დასავლეთ ფერდოებს და გადის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ლესოთოს შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარზე. შემდეგ დიდი საფეხური მიემართება სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და დრაკონის მთების აღმოსავლეთით აღწევს ზღვის დონიდან თავის ყველაზე უფრო მაღალ ნიშნულს (3748 მეტრი). შემდეგ მთის ხაზი გადის კვაზულუ-ნატალის პროვინციაზე და პარალელურად მიდის ნატალ-დრაკონის მთების ეროვნული პარკის საზღვართან. დრაკონის მთების ჩრდილოეთ დასასრულზე დიდი საფეხური უხვევს მარჯვნივ, სამხრეთაფრიკული მპუმალანგას პროვინციის გავლის შემდეგ მიემართება სვაზილენდის მიმართულებით და შემდეგ ლიმპოპოს პროვინციისკენ (სტრაიდპორტის მთა, სიმაღლე 2208 მეტრი). მდინარე ლიმპოპოსთან დიდი საფეხურის სიმაღლე მცირდება მდინარის ხეობის დონემდე. მისი კიდევ უფრო გაგრძელება შეიმჩნევა ზიმბაბვეს და მოზამბიკის ტერიტორიებზე.
მოზამბიკში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოზამბიკში დიდი საფეხურის ნაწილია ლებომბოს მთები, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სვაზილენდის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და ზღვის დონიდან აღწევს 2400 მეტრ სიმაღლეს. დიდი საფეხურის კიდე მოზამბიკში გადის აფრიკის დიდი ტბების რაიონში — ნიასას ტბასთან. ს. გ. 20°-ის ჩრდილოეთით დიდი საფეხურის მთის მასივი უახლოვდება ინდოეთის ოკეანის სანაპიროს და აქვს გაცილებით უფრო დიდი სიმაღლე, ვიდრე მოზამბიკის სამხრეთში. ამ რეგიონში (მანიკის პროვინცია) მაღლივი პლატო თანდათან გადადის დაბლივში, რომელზეც ამოწეულია ტროპიკული ტყეებით გარშემორტყმული განცალკევებით მდგარი მთები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Atlas of Southern Africa. (1984). p. 13. Readers Digest Association, Cape Town
- ↑ McCarthy, T. & Rubidge, B. (2005). The Story of Earth and Life. pp. 16-7,192-195, 202-205, 245-248, 263, 267-269. Struik Publishers, Cape Town.
- ↑ Truswell, J.F. (1977). The Geological Evolution of South Africa. pp. 151-153,157-159,184–188, 190. Purnell, Cape Town.
- ↑ O. Catuneanu, H. Wopfner, P.G. Eriksson et al.: The Karoo basins of south-central Africa. (PDF; 3,2 MB) In: Journal of African Earth Sciences, Bd. 43, S. 212 (Karte), 2005