შინაარსზე გადასვლა

დამოდარ დჰარმანანდ კოსამბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დამოდარ დჰარმანანდ კოსამბი

ინგლ. Damodar Dharmananda Kosambi
დაბადების თარიღი 13 ივლისი 1907
გოა, პორტუგალიის ინდოეთი, პორტუგალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი 1966 (58 წლის)
პუნა, მაჰარაშტრა, ინდოეთი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი
ფერგიუსონის კოლეჯი
შვილ(ებ)ი მეერა კოსამბი
მშობლები მამა: დჰარმანანდ დამოდარ კოსამბი

დამოდარ დჰარმანანდ კოსამბი (ინგლ. Damodar Dharmananda Kosambi;  ან  დ.დ. კოსამბი ინგლ. D. D. Kosambi)  დ. 1907 წლის 31 ივლისი, კოსბენი, გოა —  გ. 1966 წლის 29 ივნისი, ბომბეი, ინდოეთი) — ინდოელი მათემატიკოსი, სტატისტიკოსი, ფილოლოგი, მარქსისტი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.[1][2]

უძველესი ინდური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ტექსტოლოგი და სპეციალისტი სანსკრიტზე, ისტორიის განხრით ძირითადად სწავლობდა ძველ ინდოეთს, მის კულტურასა და სოციალურ ურთიერთობებს.

კოსამბი დაიბადა კოსბენში, გოას (პანაჯი) მახლობლად, რომელიც პორტუგალიის მმართველობის ქვეშ იყო. მისი მამა, დჰარმანანდ დამოდარ კოსამბი, ბრაჰმანთა ვარნადან გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით დაუპირისპირდა კასტის სისტემას და მოძველებულ რიტუალებს, გადავიდა ბუდიზმზე და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხეტიალში გაატარა. უფროსი კოსამბი  იყო ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფილოლოგი, რამაც დიდწილად განსაზღვრა ატმოსფერო, რომელშიც მისი შვილი აღიზარდა. უკვე რვა წლის ასაკში დამოდარ დჰარმანანდ კოსამბიმ დაამთავრა დაწყებითი სკოლა.[3]

1918 წელს უფროსი კოსამბი მიიწვიეს მასაჩუსეტში, ჰარვარდის უნივერსიტეტში ბუდისტურ წყაროებზე სამუშაოდ.  დ.დ. კოსამბი და უფროსი და მანკ კოსამბი მამასთან ერთად გაემგზავრნრნ.  1920 წელს კოსამბი უმცროსი ჩაირიცხა კემბრიჯის უმაღლეს ლათინურ სკოლაში.

კემბრიჯში ის შეხვდა და დაუმეგობრდა ინფორმატიკოს ნორბერტ ვინერს, რომლის მამა თანამშრომლობდა კოსამბი უფროსთან. თავისი თანატოლების უმეტესობისგან განსხვავებით, კოსამბი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი საგნით. იგი  წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების შესწავლას.

ბრწყინვალედ ჩააბარა რა სკოლის გამოცდები, კოსამბიმ მიიღო შეთავაზება ჰარვარდის უნივერსიტეტში შესვლის შესახებ, მაგრამ შეწყვიტა სწავლა 1924 წელს და დაბრუნდა ინდოეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად (კოსამბის მამა, რომელიც დაბრუნდა გუჯარათის უნივერსიტეტში, გახლდათ მაჰათმა განდის უახლოესი თანამოაზრე).  კოსამბის ოჯახი 1926 წელს დაბრუნდა აშშ-ში, ხოლო 1929 წელს დამოდარ დჰარმანანდმა აიღო ჰარვარდის დიპლომი.

ინდოეთში დაბრუნებისთანავე ასწავლიდა მათემატიკასა და გერმანულს ბენარასის ინდუისტურ (1930) და ალიგარის მუსლიმურ უნივერსიტეტებში (1931), სადაც ის მიიწვია ანდრე ვეილმა. კოსამბიმ  დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება დიფერენციალური გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის, ასტრონომიისა და ფიზიკის შესახებ ("ელიფსური ორბიტის პრეცესია") ინდურ, იტალიურ და გერმანულ გამოცემებში.

1933-1945 წლებში კოსამბი გაემგზავრა პუნაში,  ფერგიუსონის სახელობის კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას დ მუშაობდა გრაფიკების თეორიაზე. 1944 წელს მან გამოაქვეყნა მოკლე ოთხგვერდიანი სტატია, რომელშიც წარმოადგინა რუქების ფუნქცია. გარდა ამისა, ამ პერიოდში კოსამბიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინდოეთის ისტორიულ მეცნიერებაში. გულმოდგინე ნუმიზმატიკოსი კოსამბი დიდ ყურადღებას უთმობდა ნუმიზმატიკის მეცნიერულ შესწავლას და მასში მათემატიკური და ისტორიული მეთოდების გამოყენებას.[4]

1945 წელს ბჰაბჰა ჰომი ჯეჰანგირ ბჰაბჰამ კოსამბის შესთავაზა მათემატიკის პროფესორის თანამდებობა ტატას სახელობის ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტში (სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი) ბომბეიში. კოსამბის მოღვაწეობა ტატას სახელობის ინსტიტუტში (1945 წლიდან 1962 წლამდე) მისი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს პერიოდად ითვლება.[5]

1965 წელს გამოიცა კოსამბის მთავარი (ინდოეთის ისტორიის შესწავლის შესავალთან ერთად) ისტორიული ნაშრომი „ძველი ინდოეთის კულტურა და ცივილიზაცია“. მასში კოსამბი იაზრებს ინდოეთის ისტორიასა და ტრადიციას ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების საფუძველზე.[6]

დამოდარ დჰარმანანდ კოსამბი. ინდოეთის მარკა 2008 წ.

ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლო ეტაპიდან კოსამბი შეუერთდა მემარცხენეებს, კერძოდ, ინდოეთის კომუნისტურ პარტიას. ჯავაჰარლალ ნერუს საგარეო პოლიტიკური კურსისა და მის მიერ გამოცხადებული სოციალისტური პრინციპების მიუხედავად, კოსამბი მათ მხოლოდ კაპიტალიზმის საფარად თვლიდა და მკაცრად აკრიტიკებდა ინდოეთის ხელმძღვანელობის საშინაო პოლიტიკას, თვლიდა, რომ ხელისუფლება დათმობაზე მიდიოდა ბურჟუაზიასთან. შედეგად დაიძაბა მისი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რასაც მოჰყვა მის მიერ ტატას სახელობის ინსტიტუტიდან წამოსვლა.  იგი მიესალმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაოისტური ხელმძღვანელობის კურსს (1952-1962 წლებში იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას რეგულარულად სტუმრობდა) და აქტიურად მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში, როგორც მსოფლიოს მშვიდობის საბჭოს წევრი. მონაწილეობდა სამშვიდობო კონგრესებში. [7][8][9][10]

კოსამბის ქალიშვილი, მირა კოსამბი გახლავთ სოციოლოგი და ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი.

  • D. D. Kosambi. An introduction to the study of Indian history. Bombay, 1956
  • D.D. Kosambi Indian Numismatics. New Delhi: Orient Longman, 1981
  1. Raju, C.K. (2009), "Kosambi the Mathematician", Economic and Political Weekly, 44 (20): 33–45
  2. Kosambi, D. D. (1943), "Statistics in Function Space", Journal of the Indian Mathematical Society, 7: 76–88, MR 0009816
  3. Steward, Jeff (20 May 2009). The Solution of a Burgers' Equation Inverse Problem with Reduced-Order Modeling Proper Orthogonal Decomposition (Master's thesis). Tallahassee, Florida: Florida State University. Archived from the original on 15 December 2017. Retrieved 15 December 2017.
  4. Pollock, Sheldon (26 July 2008). "Towards a Political Philology" (PDF). Economic & Political Weekly. Archived (PDF) from the original on 12 September 2018. Retrieved 19 December 2017.
  5. Sreedharan, E. (2004). A Textbook of Historiography: 500 BC to AD 2000. Orient Blackswan. ISBN 978-81-250-2657-0.
  6. "Not a question of bias". Vol. 17 – Issue 05. Frontline. 4–17 March 2000. Retrieved 23 June 2009.
  7. R. S. Sharma (1974) [1958]. "Preface". Indian Society: Historical Probings in memory of D. D. Kosambi. Indian Council of Historical Research / People's Publishing House. p. vii. ISBN 978-81-7007-176-1.
  8. Kosambi, Damodar Dharmanand (1975) [1956]. An introduction to the study of Indian history (Second ed.). Mumbai, India: Popular Prakashan. p. 1.
  9. Vaidya, Abhay (11 December 2008). "Finally, a stamp in DD Kosambi's honour". Syndication DNA. Archived from the original on 4 March 2016. Retrieved 15 December 2017.
  10. V. V. Gokhale (1974) [1958]. "Damodar Dharmanand Kosambi". In R. S. Sharma (ed.). Indian Society: Historical Probings in memory of D. D. Kosambi. Indian Council of Historical Research / People's Publishing House. ISBN 978-81-7007-176-1.