ბიულენთ ეჯევითი
მუსტაფა ბიულენთ ეჯევითი (თურქ. Mustafa Bülent Ecevit; დ. 28 მაისი, 1925, სტამბოლი, თურქეთი — გ. 5 ნოემბერი, 2006, ანკარა, თურქეთი) — თურქი სახელმწიფო მოღვაცე, პოლიტიკოსი, პოეტი, მწერალი, მეცნიერი და ჟურნალისტი. 1974 წლიდან 2002 წლამდე ოთხგზის თურქეთის პრემიერ-მინისტრი, კერძოდ 1974, 1977, 1978–1979 და 1999–2002 წლებში.[1] 1972-1980 წლებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის და 1987 წლიდან დემოკრატიული მემარცხენე პარტიის ლიდერი იყო.
ეჯევითი 1957 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანკარიდან სრპ-ის წევრად აირჩიეს და ისმეთ ინენიუს კაბინეტში შრომის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, როგორც ამავე პარტიის მზარდი მემარცხენე ფრაქციის წარმომადგენელი. 1972 წელს ეჯევითი სრპ-ის ლიდერი გახდა. მისი ლიდერობით, მუშათა კლასის ამომრჩევლებს მიაღწია და პარტია „ცენტრ-მემარცხენე“ გახდა.
ეჯევითი პირველად პრემიერ-მინისტრი 1974 წელს გახდა, რა დროსაც მან ქვეყანაში ოპიუმის კულტივაციის აკრძალვა გააუქმა და კვიპროსში შეიჭრა. ის კიდევ ორჯერ იყო პრემიერი, 1977 და 1978–1979 წლებში, რაც მზარდი პოლარიზაციით, პოლიტიკური ჩიხით და ძალადობით ხასიათდებოდა და რაც საბოლოოდ 1980 წლის გადატრიალებით დასრულდა.
გადატრიალების შემდეგ, ეჯევითს ათი წლით აეკრძალა პოლიტიკაში მონაწილეობა. ამ ათი წლის განმავლობაში, მისი მეუღლის, რაჰშანის ხელმძღვანელობით, შეიქმნა დემოკრატიული მემარცხენე პარტია (დმპ). 1987 წელს აკრძალვის მოიხსნის შემდეგ, ის დმპ-ის ხელმძღვანელი გახდა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობისას, ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის ლიდერი აბდულაჰ ოჯალანი კენიაში დააკავეს, რამაც არჩევნებში დმპ-ს გამარჯვება მოუტანა. დმპ-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოალიციამ (1999–2002) მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გაატარა და დაიწყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ნმპ-ის კოალიციიდან გასვლის შემდეგ კოალიცია დაიშალა და შემდგომ 2002 წლის ვადამდელ არჩევნებში დმპ-ის წაგებამ პარლამენტის დატოვებით დასრულდა. ეჯევითი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა 2004 წელს დატოვა. ის, 2006 წლის 5 ნოემბერს სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
ეჯევითი ცნობილია, როგორც თურქეთის ერთადერთი მემარცხენე პრემიერ-მინისტრი.[1] მისმა ლიდერობამ, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მოუტანა სრპ-ს. მას მიეკუთვნება თურქეთში სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის დანერგვა ქემალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის შერწყმით, რამაც სოციალ-დემოკრატია თანამედროვე ქემალისტური იდეოლოგიის ძირითად პრინციპად აქცია. ეჯევითი თურქეთის ბოლო არა სგპ-ის წევრი პრემიერ-მინისტრია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წელს დაამთავრა რობერტ-კოლეჯი სტამბოლში. 1946-1950 წლებში მუშაობდა ლონდონში თურქეთის საელჩოს პრეს-ატაშეს სამდივნოში. 1951-1957 წლებში თანამშრომლობდა სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ორგანო გაზეთ „ულუსში“. 1957 წლიდან აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან. 1961-1965 წლებში იყო შრომის მინისტრი კოალიციურ მთავრობებში, რომლებსაც ისმეთ ინენიუ მეთაურობდა. 1966-1972 წლებში იყო პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო 1972 წლის მაისიდან გენერალური თავმჯდომარე. 1974 წლის იანვარ-სექტემბერში, 1977 წელს, 1978-1979 და 1999-2002 წლებში იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 260.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Kinzer, Stephen (6 November 2006). „Bulent Ecevit, a Political Survivor Who Turned Turkey Toward the West, Is Dead at 81“. New York Times.