ალკისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალკისნაირნი
Razorbill iceland.JPG
ალკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Alciformes ან Alcae

ალკისნაირნი (Alciformes ან Alcae) — ფრინველების რიგი. შეიცავს ერთ ოჯახს, რომლის 13 გვარი 20-მდე სახეობას აერთიანებს. მათი სხეულის სიგრძეა 15-50 სმ, წონა — 100-1200 გრამი. ალკისნაირთა სამი თითი ერთიმეორეს საცურავი აპკით უკავშირდება, უკანა თითი კი პატარაა. მამალსა და დედალს ერთნაირი შეფერილობა აქვს. ალკისნაირნი უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელში ბინადრობენ და მკაფიოდ გამოხატული ზღვის ფრინველები არიან — კარგად დაცურავენ და ყვინთავენ (10 მ სიღრმემდე). წყალქვეშ ფრთებით მოძრაობენ („წყალქვეშა ფრენა“). ცხოვრობენ კოლონიებად: თოლიებთან ერთად ქმნიან ე.წ. „ფრინველების ბაზრებს“. დებენ 1-2 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 24-25 დღეა. მართვეთა გამოკვებაში მონაწილეობს მამალიც. ალკისნაირნი იკვებებიან პატარა თევზებითა და ზღვის უხერხემლო ცხოველებით (კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით). საკვების ძებნისას ისინი ზოგჯერ 18-20 კმ შორდებიან სანაპიროს. აღსანიშნავია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა) გავრცელებული ალკა (Alca torda), რომელიც ზამთრობით ხმელთაშუა ზღვის ნაპირამდეც აღწევს. ზოგიერთ რაიონში ალკისნაირნთ სარეწაო მნიშვნელობა აქვთ, იყენებენ მათ კვერცხს, ხორცს, ბუმბულსა და გერმას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]