აიშე სულთანი (აჰმედ I-ის ქალიშვილი)
აიშე სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Ayşe Sultan |
დაბადების თარიღი |
1605 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1657 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
დაკრძალულია | სულთან აჰმედის მეჩეთი |
მეუღლე(ები) |
ნასუჰ-ფაშა (1612 - 1614) ქარაქაშ მეჰმედ-ფაშა (1615-1621) ჰაფიზ აჰმედ-ფაშა (1627-1632) მურთაზა-ფაშა (1634-1635) ჯელებ აჰმედ-ფაშა (1638-1642) ვოინუქ აჰმედ-ფაშა (1642-1645) იბშირ მუსტაფა-ფაშა (1653-1655) ერმენი სულეიმან-ფაშა (1655-1657) |
მშობლები |
მამა: აჰმედ I დედა: ქიოსემ სულთანი |
აიშე სულთანი (თურქ. Ayşe Sultan; დ. 1605, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1657, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნის პირველი ქალიშვილი. მისი 3 ძმა იყო ოსმალეთის სულთანი:ოსმან II, მურად IV და სულთან იბრაჰიმი. აიშე ცნობილია 8 პოლიტიკური ქორწინებით. მისი ქმრებიდან ოთხი იმპერიის დიდი ვეზირი იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიშე სულთანი დაიბადა 1605 წელს, სტამბოლში, აჰმედ I-ისა და მისი ფავორიტი ხარჭის, (მოგვიანებით კანონიერი ცოლის) ქიოსემ სულთნის ოჯახში. 1612 წელს, მშობლებმა 7 წლის ასაკში დააქორწინეს დიდ ვეზირ, ნასუჰ-ფაშაზე, თუმცა 2 წლის შემდეგ ფაშა აჰმედ I-მა სიკვდილით დასაჯა. 1615 წელს 10 წლის აიშე გაათხოვეს ბოსნიის ბეგლარბეგ, ქარაქაშ მეჰმედ-ფაშაზე, რომელთანაც ეყოლა 1 ვაჟი.
მუსტაფა I-ისა და ოსმან II-ის მმართველობის პერიოდში აიშე დედამისთან და უმცროს დებთან ერთად ძველ სასახლეში ცხოვრობდა. 1621 წელს ხოტინის ბრძოლაში დაიღუპა ქარაქაშ მეჰმედ-ფაშა.
2-ჯერ დაქვრივებული აიშე 1627 წელს ქიოსემ სულთანმა მესამედ გაათხოვა, ამჟამად უფრო ხანდაზმულ, მაგრამ ჭკვიან ვეზირ, ჰაფიზ აჰმედ-ფაშაზე. წყვილს 3 შვილი გაუჩნდა. 1632 წელს იანიჩარებმა აიღეს თოფქაფის სასახლე და მოკლეს ჰაფიზ აჰმედ-ფაშა.
აიშე მეოთხედ, უკვე თავისივე სურვილით და მისი ძმის, მურად IV-ის ნებით, 1634 წელს დაქორწინდა დიარბაქირის მმართველ, მურთაზა-ფაშაზე. მათი ქორწინება დიდი ზარ-ზეიმით აიღნიშნა იმპერიის დედაქალაქში. თუმცა მალევე 1635 წელს, სეფიანების მიერ ერევანის აღების დროს მურთაზა-ფაშა სასიკვდილოდ დაიჭრა და აიშეც მეოთხედ დაქვრივდა.
ამის შემდეგ აიშე სულთანი მცირე ხნით ქ. კონიაში ცხოვრობდა და 1638 წელს მეხუთედ გათხოვდა ჯელებ აჰმედ-ფაშაზე. 1639 წელს აჰმედ-ფაშა დაინიშნა ალეპოს მმართველად. მათ შეეძინათ 2 ქალიშვილი. 1642 წელს აიშე ფაშას გაშორდა და იმპერიის ახალი სულთნის, იბრაჰიმის ნებართვით იქორწინა ვოინუქ აჰმედ-ფაშაზე. წყვილი უშვილო აღმოჩნდა. მალევე ის დაუპირისპირდა მისი ძმის კანონიერ ცოლს, ჰიუმა შაჰ ჰასეკი სულთანს.
1651 წელს ქიოსემ სულთნის მკვლელობის შემდეგ აიშე გადაემტერა თურჰან ჰატიჯე სულთანს. ის პირადი ინტერესების გამო კიდევ 2-ჯერ გათხოვდა. 1653 წელს ცოლად გაჰყვა იბშირ მუსტაფა-ფაშას, რომელიც გახდა დიდი ვეზირი. 1655 წელს აიშე მერვედ და უკანასკნელად, 50 წლის ასაკში მისთხოვდა ასევე დიდ ვეზირ ერმენი სულეიმან-ფაშას.
აიშე სულთანი გარდაიცვალა 1657 წელს, სტამბოლში. ის მისმა ძმისშვილმა, მეჰმედ IV-მ დაკრძალა სულთან აჰმედის მეჩეთის მავზოლეუმში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ravzat ul-ebrar s. 565 de, Naima, c. II, s. 402 de, Fezleke s. 94 de
- Leslie P. Peirce (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. s. 106–107. ISBN 978-0-195-086775.
- I. Ahmed'in kizi. "Ayse Sultan". 19 Eylül 2014 tarihinde kaynağından arşivlendi.