ჯერდაპის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯერდაპის ეროვნული პარკი

სერბ. Национални парк Ђердап
Nacionalni park Đerdap

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ჯერდაპის ეროვნული პარკი
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
კოორდინატები 44°34′48″ ჩ. გ. 22°17′59″ ა. გ. / 44.58000° ჩ. გ. 22.29972° ა. გ. / 44.58000; 22.29972
ფართობი 637.87 კვ. კმ.
დაარსდა 1974 წელი

ჯერდაპის ეროვნული პარკი (სერბ. Национални парк Ђердап / Nacionalni park Đerdap) — დაცული ტერიტორია სერბეთში, რომელიც გადაჭიმულია მდინარე დუნაის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გოლუბაცის ციხესიმაგრიდან (სერბ. Голубачки град / Golubački grad) ნოვი-სიპის მიმდებარე კაშხლამდე. ის დაარსდა 1974 წელს და მოიცავს 63 786.5 ჰექტარ ფართობს.[1] პარკის სამმართველო ოფისი მდინარე დუნაიზე მდებარე დონი მილანოვაცშია. მდინარის გადაღმა, რუმინეთში რკინის ჭიშკრის ბუნებრივი პარკი მდებარეობს.

2020 წლის ივლისში ეროვნული პარკის აუთვისებელი ტერიტორია იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში მოხვდა, რითაც ის ამ სიაში სერბეთის პირველი ეროვნული პარკი გახდა. რკინის კარიბჭის ხეობის გარდა, გეოპარკი მოიცავს მიროჩისა და კუჩაის მთათა მასივებს. მისი მთლიანი ფართობი 1 330 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[2][3]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჯერდაპი, ასევე ეროვნული პარკის ყოფილი სერბული სახელი დემირ-კაპია თურქული წარმოშობისაა. დემირ-კაპია რკინის კარიბჭეს ნიშნავს (თურქ. demirkapı). სწორედ ამ ტერმინის თარგმანს წარმოადგენს ენების უმეტესობაში ხეობის სახელწოდება. ჯერდაპი მომდინარეობს სიტყვა გირდაპისგან (girdap), რაც ქართულად ითარგმნება როგორც მორევი.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერდაპის ეროვნულ პარკში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი და ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ჯერდაპის ხეობა — ცნობილი რკინის ჭიშკარი — გრანდიოზული კარიბჭე კარპატების სამხრეთ კალთებზე, სადაც ისტორიული იუგოსლავიის მასშტაბით მდინარის ყველაზე დიდი დაგუბებაა.

ჯერდაპის ხეობა, რომლის სიგრძე 100 კილომეტრს აღწევს (გოლუბაციდან ტეკიამდე) სინამდვილეში რთული ხეობაა, რომელიც ოთხი კანიონისგან ყალიბდება (გორნია კლისურა, გოსპოჯინ ვირი, ველიკი და მალი კაზანი და სიპსკა კლისურა). ისინი ერთმანეთისგან ხევებით იყოფიან. გოსპოჯინ ვირში დაფიქსირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მდინარის ნაწილი (82 მეტრი). კაზანის კანიონის შემადგენელი კლდეები დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო ამ ნაწილში მდინარის კალაპოტი 150 მეტრამდეა შევიწროებული.

ეროვნული პარკი
ბლედერია

რელიეფი მთაგორიანია (მიროჩის მთები), სადაც არის უამრავი გამოქვაბული, ორმო, ხეობა, ჩანჩქერი (ბლედერიას კარსტრული ჩანჩქერი მიროჩზე) და ტბა. პანორამული ხედები მოიცავს დელი იოვანსა და ველიკი კრშს სერბეთში, კარპატებს კი რუმინეთში. 1900 წელს ბუდაპეშტში ჩატარებულ გეოლოგიის კონგრესზე იოვან ჟუიოვიჩმა გრებენის გადასახედი „ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველაზე ლამაზ გორად“ დაასახელა. ჯერდაპი ყველაზე გრძელი გაურღვეველი ტიპის ხეობაა ევროპაში.[4]

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მცენარეების 1100 სახეობა არსებობს. მათ შორისაა მესამეული სისტემის მცენარეები: წაბლი, კაკლის ხე, ურთხელი, გრძელფოთოლა ლაიმი, მუხა. ჯერდაპული ტიტა (Tulipa hungarica Borbás) წყალსაცავის შექმნის შემდეგ გადაშენდა.[1] იმ თხუთმეტ სახეობას შორის, რომლებიც მხოლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებობს არის ბალკანური ნეკერჩხალი და იაჟუჟუნას, მხოხავი ბეგქონდარასა და მდელოს წივანას სახეობები. ჯერდაპის ეროვნულ პარკში ასევე ბინადრობს კარპატის მთების ენდემური სახეობები: ტკბილი სტაფილო და სასუქა. საერთაშორისო დონეზე დაცულია: მცურავი გვიმრა, ღამურის თხილი, Fritillaria montana, Bulbophyllum concavibasalis და სათითურა.[4]

ეროვნულ პარკში არსებობს 57 ტყის თემი, რომელთაგან 40 რელიქტურია. რელიქტურ სახეობათა შორისაა: თურქული წაბლი, ორიენტალური წიფელი, კაკალი და ბალკანური ნეკერჩხალი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მესამეული სისტემიდან არსებობენ.[5]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში ფრონველების 150-მდე სახეობა ბინადრობს.[1]

2018 წლის დეკემბერში ხუჭუჭა ვარხვების ჯგუფი ეროვნულ პარკში დააფიქსირეს, ელექტროსადგურთან ახლოს. მათი უახლოესი ჰაბიტატი არის მდინარე დუნაის დელტა და 1914 წლიდან ისინი ჯერდაპში აღარ შეინიშნებობდნენ. ჯგუფი მალევე გაფრინდა, თუმცა ვარხვების ნაწილი კვლავ დაბრუნდა 2019 წლის იანვარში.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Aleksandra Mijalković (18 June 2017), "O očuvanju naše prirodne baštine: najbolja zaštita u naconalnim parkovima", Politika-Magazin: 3–6
  2. https://plus.google.com/+UNESCO.++(2020-07-10)+UNESCO designates 15 new Geoparks in Asia, Europe, and Latin America en. ციტირების თარიღი: 2020-07-13
  3. Dimitrije Bukvić (19 July 2020). „Đerdap – prvi srpski geopark“ [Đerdap – first Serbian geopark]. Politika (სერბული). p. 9.
  4. 4.0 4.1 4.2 Dimitrije Bukvić (3 July 2017), "Mitovi i legende iza gvozdenih vrata", Politika: 08
  5. Slavica Stuparušić (22 December 2020). „Đerdap međunarodno značajno vlažno stanište“ [Đerdap internationally important wetland]. Politika (სერბული). p. 34.
  6. Milorad Drča (20 January 2019). „Пеликани на Дунаву после 100 година“ [Pelicans on the Danube after 100 years]. Politika-Magazin, No. 1112 (სერბული). pp. 26–27.