შვეიცარიის ზეგანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვეიცარიის ზეგანი. ხედი რიგის მთიდან
შვეიცარიის ზეგნის სატელიტური ფოტო

შვეიცარიის ზეგანი/ცენტრალური ზეგანი (ფრანგ. plateau suisse, გერმ. Schweizer Mittelland) — ზეგანი შვეიცარიაში. მდებარეობს ალპებსა და იურის მთებს შორის. გადაჭიმულია ჟენევის ტბიდან ბოდენზეემდე. უკავია შვეიცარიის ფართობის 30%. ზედაპირი ნაწილობრივ მოსწორებულია, თუმცა ძირითადად ჭარბობს ბორცვიანი რელიეფი. სიგრძე დაახლოებით 300 კმ, ფართოვდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ჟენევის რაიონში ზეგნის სიგანე დაახლოებით 30 კმ-ია, ბერნის ხაზზე — 50 კმ, ხოლო შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში ფართოვდება 70 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე მერყეობს 400-700 მ ფარგლებში. მაქსიმალური სიმაღლე 1408 მ (მთა ნაპფი). შვეიცარიის ზეგანი არის შვეიცარიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი. იჭრება შვეიცარიის არაერთი კანტონის ტერიტორიაზე. შვეიცარიის მოსახლეობის 2/3 თავმოყრილია შვეიცარიის ზეგნის ფარგლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 380 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე.

ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-დასავლეთით მკვეთრად არის შემოზღუდული (გეოგრაფიული და გეოლოგიური თვალსაზრისით) იურის მთებით. სამხრეთით ასეთი მკაფიო ზოლი ალპებთან არ გადის. სამხრეთ-დასავლეთით შემოფარგლულია ჟენევის ტბით, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ბოდენზეეთი და მდინარე რაინის ხეობით. გეოლოგიურად შვეიცარიის ზეგანი არის დიდი წარმონაქმნის ნაწილი, რომელიც სცილდება შვეიცარიის ფარგლებს. უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღწევს შამბერიმდე (ე.ი. ალპებისა და იურის მთების ურთიერთმიახლოების რაიონამდე). ზეგნის გეოლოგია კარგად არის შესწავლილი, რაც პირველ რიგში, აიხსნება ამ ადგილებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრავალრიცხოვანი ჭაბურღილების არსებობით. მისი დიდი ნაწილი ქმნის მოლასების მძლავრ წარმონაქმნს. ზედა ფენებში გაბატონებულია ხრეში და ქვები, რომლებიც წარმოქმნილი არიან მყინვარების მოძრაობის შედეგად. ბევრია ტბა.

შვეიცარიის ზეგანი მოქცეულია ზღვის ნოტიო და ზომიერად კონტინენტური კლიმატის ზონაში. ჭარბობს დასავლეთის ქარები. დაბალ ადგილებში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით უდრის 9-10 °C-ს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჟენევისა და ნევშატელის ტბების რაიონში შეადგენს 1 °C-ს. აღმოსავლეთისაკენ ჰაერის ტემპერატურა ვარდება და ბოდენის ტბის რაიონში ტემპერატურა უდრის −1 °C-ს. ივლისში ჟენევაში ჰაერის ტემპერატურა უდრის 20 °C-ს. იურის სამხრეთ დაბოლოებაზე ტემპერატურა 18-20 °C-ია. იურის რაიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა შეადგენს 800 მმ-ს, ალპების საზღვართან ნალექიანობა მატულობს 1400 მმ-მდე. მზიანი დღეების რაოდენობა 1900.

გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყე, სადაც ჭარბობს წიფელი და სოჭი. არის მუხისა და წიფლის ტყის უბნები. განვითარებულია ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Toni P. Labhart: Geologie der Schweiz. Ott Verlag, Thun, 2004. ISBN 3-7225-6762-9.
  • François Jeanneret und Franz Auf der Maur: Der grosse Schweizer Atlas. Kümmerly + Frey, Geographischer Verlag, Bern, 1992. ISBN 3-259-08850-4.
  • Andre Odermatt und Daniel Wachter: Schweiz, eine moderne Geographie. Neue Zürcher Zeitung, Zürich, 2004. ISBN 3-03823-097-9.