იურის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იურა (მრავალმნიშვნელოვანი).
კლდოვანი ცირკი კრე-დიუ-ვანი
მთა ნეჟნი

იურის მთები (ფრანგ. Jura) — მთები ალპების მთათა სისტემაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში.[1] გადაჭიმულია სავოიის ალპებიდან შვარცვალდის სამხრეთ მთისწინეთამდე. სიგრძე 300 კმ. სიმაღლე 1720 მ-მდე (მთა ნეჟნი). წარმოადგენს საფრანგეთის ალპების განშტოებას, რომელიც გეომორფოლოგიურად ცალკე საშუალო სიმაღლის ერთეულს წარმოადგენს და ალპებისაგან შვეიცარიის ზეგნითაა დაშორებული.

იურის მთები ახალგაზრდა ნაოჭა მთიანეთია, რომელიც წარმოიშვა ზედა მესამეულში, იმ დროს, როდესაც წინაალპების მოლასების და ალპების წინამთების დანაოჭება ხდებოდა. ჩაღუნვის ზონა ალპების ჩრდილოეთით ალპების მთიანეთის ამოწევის დროს წარმოიშვა. იგი ალპების გადარეცხვის და ნგრევის შედეგად წარმოშობილი და ჩამოტანილი წვრილი და მსხვილი ნამტვრევი მასალებით აივსო — იმავე მოლასებით, რომლებსაც აქ დანაოჭება არ განუცდიათ; გარდა ამისა, ივსებოდა მეოთხეულ ალპურ გამყინვარებათა ეპოქებში წარმოშობილი მორენული და ფლუვიოგლაციალური მძლავრი ნალექებით. იურა გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ პარალელური ქედების წყების სახით, რომელსაც ახალი მთვარის ფორმა აქვს — შუაში გაფართოებული, ბოლოებისაკენ წაწვეტილი და ჩაზნექილი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.

ჩრდილო-აღმოსავლეთით იურა მთავრდება შვარცვალდის ბოლოსთან და დაშორებულია მისგან მდინარე რაინის ხეობით. იურის მთების რკალის სიგრძე დაახლოებით 300 კმ-მდეა, მისი უდიდესი სიგანე — 80 კმ-მდე. ქედი დასავლეთისაკენ დაბლდება, მაგრამ მთისძირთან მდებარე ზედა სონას აუზის ვაკეზე მაინც ამაღლებულია.

იურა გეოლოგიურად, წესიერად აგებული ნაოჭა მთების კლასიკური ქვეყანაა, სადაც ტექტონიკა სავსებით განსაზღვრავს რელიეფის ფორმებს, მისი ანტიკლინური ტიპის მთავარი ქედებითა და სინკლინურ მულდებში მდებარე მთავარი ხეობებით. იურის მთები დახრილია დასავლეთისაკენ. იგი განიცდიდა თანდათანობით ამოწევას, მდინარეები მიედინებოდნენ სინკლინებზე და იმავე დროს მიისწაფოდნენ მთის ძირთან მდებარე ვაკისაკენ, რისთვისაც იყენებდნენ ნაოჭების ღერძზე დადაბლებულ ადგილებს და ჭრიდნენ მათ ვიწრო განივ ხეობებში — კლუზებში. ასე წარმოიშვა იურასა და ზოგადად, ახალგაზრდა ნაოჭა მთებისათვის ტიპური ხეობების გისოსებური სისტემა. ამავე დროს მდინარეული ეროზია ავითარებდა ანტიკლინური ქედების გვერდებში შეჭრილ შენაკადების განივ ხეობებს და მათთან დაკავშირებულ ზედა გასწვრივ ხეობებს (combes) იმ ანტიკლინების ზევით, რომლების თაღების გადარეცხავასაც აწარმოებდა. ამასთანავე წარმოიშობოდა ნაოჭების ფრთების სიმეტრიული თხემები, რომლებიც ქედების უმაღლეს ნაწილებს (cretes) შეადგენდა.

იურა ძირითადად აგებულია იურული ნალექების წყებისაგან, იურას გეოლოგიურმა სისტემამ თავისი სახელწოდება სწორედ იმ სახელწოდების მთებისაგან მიიღო, რომელიც თითქმის მთლიანად მისგან არის აგებული. მხოლოდ სინკლინებში მოიპოვება ცარცული და მესამეული შრეები. ქვედა იურა წარმოდგენილია რბილი მერგელოვანი შრეების წყებებით, ზედა იურა — მძლავრი მასიური კირვებით. ანტიკლინური ქედების გადარეცხვის გაძლიერება იწყება იქ, სადაც მდინარეები მერგელოვან წყებამდე იჭრება, რაც ხელს უწყობს ნაოჭების მყარი ფრთების გამოყოფას მონოკლინური თხემების სახით. პლიოცენში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა იურის მთებში ამ პროცესმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შორს წასვლა. მიუხედავად ამისა, გასწვრივი, უფრო მაღლა მდებარე ზედა შენაკადების ანტიკლინური ხეობები — „კომბები“, მთავარ სინკლინურ ხეობებთან ერთად, არსებით როლს თამაშობენ მთების რელიეფის დანაწევრებაში. განვითარებულია კარსტი.

კალთებზე წიფლის ტყეებია (გვხვდება სოჭნარიც), უფრო მაღლა (1500 მ-მდე) — წიწვოვანი ტყეები (სოჭი, ნაძვი), მწვერვალებზე — სუბალპური მდელოები და მთის ფიჭვის რაყები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Добрынин Б.Ф. Физическая география Западной Европы, М., 1948.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ebel, J.G. 1808. Ueber den Bau der Erde in dem Alpengebirge zwischen 12 Längen- und 2-4 Breitengraden nebst einigen Betrachtungen über die Gebirge und den Bau der Erde überhaupt. Zweyter Band. Orell Füssli und Compagnie 428 pp; Zürich