ყაბარდოული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაბარდოულ-ჩერქეზული
адыгэбзэ
(къэбэрдей-черкесыбзэ)
გავრცელებულია რუსეთი, თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 600 ათ.-მდე
ოფიციალური სტატუსი რუსეთის დროშა რუსეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ოჯახი:
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: —
ISO 639-2: kbd
ISO/FDIS 639-3: kbd

ყაბარდოული ენა (ყაბარდოულ-ჩერქეზული ენა, აღმოსავლური ჩერქეზული ენა) არის ყაბარდოელების ენა. კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ახალდამწერლობიანი ენა. გავრცელებულია ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეს რესპუბლიკებსა და მოზდოკის რაიონში. ყაბარდოელები ცხოვრობენ აგრეთვე თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში.

გამოიყოფა კილოები: ბაქსანური, მალკური, მოზდოკური და საგრძნობლად განსხვავებული ბასლენური. რუსეთის ფედერაციაში ყაბარდოულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 520 000 კაცი (2002).[1]

ყაბარდოულ ენაში ხმოვანთა სისტემა მარტივია (გამოიყოფა 3 ხმოვანი), ხოლო თანხმოვანთა — რთული; ასევე, სახელთა სისტემა მარტივია, ზმნისა — რთული. არსებით სახელებს აქვთ ბრუნვის, რიცხვის, განსაზღვრებისა და კუთვნილების კატეგორიები.

სტატიკური და დინამიკური ზმნები გარჩეულია მორფოლოგიურად. განსაკუთრებით რთულია ზმნის პირისა და დრო-კილოთა კატეგორიები. ყაბარდოული ზმნა გვარებს არ განარჩევს.

გამოიყოფა შემდეგი სიტყვაწარმოებითი კატეგორიები: კაუზატივისა, ქცევისა, თანაობისა, საურთიერთო, საზიარო, პოტენციალისა, უნებურობისა და მიჩნევისა. რთულადაა წარმოდგენილი ზმნაში პრევერბთა სისტემა. მიმღეობას შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს როგორც ბურუნვის, ისე პირის აფიქსები.

ზმნას აგლუტინაციური წყობა აქვს. გევხვდება ინკორპორაციული ტიპის ზმნებიც. გარდამავალი ზმნა ერგატიული კონსტრუქციისაა. შემორჩენილია ლაბილური კონსტრუქციის ზმნებიც. დამოკიდებული წინადადების ფუნქციას ასრულებს ზმნის ინფინიტიური ფორმები.

ყაბარდოულ ენაში შეიმჩნევა ძველად შეთვისებული ოსური, ქართული, თურქული და არაბული ლექსიკა. ამჟამად სალიტერატურო ენის ლექსიკა გამდიდრებულია რუსულიდან შემოსული სიტყვებით. დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=kbd

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. როგავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 605, თბ., 1985 წელი.
  • Н. Ф. Яковлев, Грамматика литературного кабардино-черкесского языка, М.-Л., 1948.
  • Грамматика кабардино-черкесского литературного языка, М., 1970.
  • John Colarusso, A Grammar of the Kabardian Language, University of Calgary Press, 1992. ISBN 0-919813-96-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]