აბაზური ენა
აბაზური ენა — აბაზების მშობლიური ენა. განეკუთვნება კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღურ ანუ ჩრდილოდასავლურ ჯგუფს. აბაზური ენა აფხაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს, მაგრამ ტერიტორიული გათიშულობის გამო აბაზური სალიტერატურო ენა გამიჯნულია აფხაზური სალიტერატურო ენისაგან. საკუთრივ აბაზური ენა გავრცელებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში.
ამ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 38 000 კაცი რუსეთში, ხოლო 10 000 — თურქეთში.[1]
აქვს ორი დიალექტი — ტაპანთური (ტაფობის, ველისა) და აშხარული (მთისა). სხვაობა დიალექტებს შორის უპირატესად ფონეტიკურია. მნიშვნელოვანი ფონეტიკური სხვაობაა კილოკავებსა და თქმებშიც. აბაზური ენის მორფოლოგიური წყობა არსებითად ისეთივეა, როგორიც აფხაზური ენისა. აბაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტის ყუბისნაელბურგანის კილოკავი (ე. წ. შიშინა ვარიანტი).
აბაზური ენის დამწერლობა შეიქმნა 1932 წელს ლათინური გრაფიკის საფუძველზე. 1938 წლიდან შემოღებულია კირილიცა.
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქ. ლორთქიფანიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, გვ. 12, თბ., 1975 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) Ethnologue
- აბაზურენოვანი გაზეთი