უცხო მმართველთა სახელით მოჭრილი მონეტები თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცხო მმართველთა სახელით მოჭრილი მონეტებიIX–XVIII საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს მონეტები. ასეთებია ჰიჯრით 248-335 (862-947) წლებში გამოშვებული აბასიანთა დირჰემები, რომლებზეც ყოველთვის აღინიშნებოდა ხალიფას, ხოლო ზოგჯერ მისი მემკვიდრის სახელიც.

VIII საუკუნის შუა წლებიდან თბილისში იჯდა ხალიფას ნაცვალი ამირა (იხ. თბილისის საამირო). დროთა განმავლობაში მათ დამოუკიდებლობას მიაღწიეს და საკუთარი მონეტების მოჭრაც დაიწყეს. ასეთები იყვნენ ჯაფარიანთა გვარის წარმომადგენლები: მანსურ იბნ ჯაფარი, რომლის მონეტები დათარიღებულია ჰიჯრით 364, 366, 367, 370 (974/5, 976/7, 977/8, 980/1) წლებით და ალი იბნ ჯაფარი — ჰიჯრით 386, 404, 418 (996/7, 1013/14, 1027/28; 1953 წელს მეტეხის ხიდთან ე. წ. შაჰ ისმაილის მეჩეთის დანგრევის დროს აღმოჩნდა ალი იბნ ჯაფარის მონეტების განძი (434 ცალი). 1226 წელს ხვარაზშახმა ჯალალედინმა თბილისი აიღო და XIIXIII საუკუნეების სპილებძის ქართული მონეტები გამოიყენა საკუთარი ფულის გადასაჭედად. ზარაფხანის სახელი მათზე არის მითითებული. თბილისის ზარაფხანაში ჰიჯრით 652-659 (1254-1261) მოიჭრა მანგუ-ყაენის ვერცხლის, ხოლო ჰიჯრით 652-654 (1254-1257) — სპილენძის მონეტები. 1281–1282 წლიდან ირანის ილხანთა სახელებით თბილისის ზარაფხანაში ჭრიდნენ ე. წ. ქართულ-ჰულაგუინურ დირჰემებს. ყაზან-ყაენის (1295–1304) მიერ ილხანთა სახელმწიფოში ჩატარებული ფულადი რეფორმა თბილისის ზარაფხანასაც შეეხო. აქ დაიწყეს საერთო მონღოლური ტიპის ვერცხლისა და, მოგვიანებით, სპილენძის მონეტების მოჭრა ყაზან-ყაენის, ოლჯაითუს (1304-1316), აბუ-საიდის (1317-1335), სატი ბეტის (1335-1339), სულეიმანისა (1339-1344), და ანუშირვანის (1344-1353) სახელებით.

1356-1357 წლებში როგორც ჩანს თბილისი დროებით ოკუპირებული იყო ოქროს ურდოს ჯარის მიერ, რაც მის ზარაფხანაში ჯანიბექისა და ბერდიბექის სახელით მოჭრილი მონეტებით დასტურდება. XIV საუკუნის II ნახევარში თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა მონეტები შეიხ ოვეის ჯალაირისა (1356-1374) და აჰმად ჯალაირის (გიორგი VII-სთან ერთად) სახელით. XVII-XVIII საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში ჭრიდნენ სხვადასხვა ნომინალის ვერცხლის, უფრო იშვიათად სპილენძისა და ოქროს მონეტებს ირანის მბრძანებელთა — აბას I-ის (1587-1629), სეფი I-ის (1629-1642), აბას II-ის (1642-1666), სულეიმან I-ის (იგივე სეფი II) (1666-1694), ჰუსეინ I-ის (1694-1722), აბას III-ის (1732-1749), ნადირის (1736-1747), იბრაჰიმისა (1748) და შახრუხის (1748) სახელით. „ოსმალობის“ დროს თბილისის ზარაფხანაში ჭრიდნენ ოსმალური ტიპის ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მონეტებს, სულთან აჰმედ III-ის (1703-1730) და მაჰმუდ I-ის (1730-1753) სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]