როსტომ მეფის აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის ზარაფხანა)

როსტომ მეფის აბანო ან ზარაფხანა — 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული სასახლის კომპლექსის ერთადერთი შემორჩენილი ნაწილი. აგურის ნაგებობა გუმბათით არის გადახურული და ზემოდან ნათდება. ინტერიერს ოთხკუთხა ნიშებში ჩასმული შეისრული თაღები ამშვენებს. XIX ს-ში შენობაში ზარაფხანა იყო მოთავსებული. XX ს-ის 50-იან წლებში აქ მცირე გათხრების შედეგად ლითონის სადნობი ტიგელები და სამონეტო სიქები აღმოჩნდა.

თბილისში ზარაფხანა, როგორც ჩანს, VI საუკუნის 80-იანი წლებიდან მოქმედებდა. სწორედ აქ უნდა მოეჭრათ ქართლის ერისთმავრებს- გურგენს, ჯუანშერს და სტეფანოზს პირველი ქართულწარწერიანი მონეტები. პირველად თბილისის ზარაფხანა მოხსენიებულია 704 წელს აქ მოჭრილ არაბულ დირჰემზე. IX-X სს-ში ზარაფხანა რეგულარულად ჭრიდა ვერცხლის ფულს, ჯერ არაბთა ხალიფის, მოგვიანებით კი თბილისის ჯაფარიან ამირთა სახელით. ერთიანი საქართველოს მეფეებიც XII-XIII სს-ში ფულს უთუოდ დედაქალაქში ჭრიდნენ, მაგრამ მათ მონეტებზე თბილისის სახელი არ არის აღბეჭდილი.

თბილისის ზარაფხანის აღნიშვნა მონეტებზე განახლდა XIII ს-ის 40-იან წლებში. დოკუმენტურად ცნობილია, რომ ზარაფხანა მდებარეობდა სიონის ტაძრის მახლობლად. ვახტანგ VI-ის "დასტურლამაში" ამ ზარაფხანის წესდებაც არის შეტანილი. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობისთანავე ზარაფხანა დაიხურა.

1804 წელს თბილისში ზარაფხანა აღდგა. იგი მოთავსებული იყო როსტომ მეფის აბანოს შენობაში და 1834 წლამდე უშვებდა სამი ნომინალის ვერცხლისა და სპილენძის ფულს, რომლებზეც ქართული წარწერებია ამოტვიფრული. თანამედროვე ზარაფხანა მდებარეობს დიღმის მასივში, ყოფილი საიუველირო ფაბრიკის შენობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0