ზარაფხანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარაფხანა, მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დასამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ფართოდ იყენებს მოოქროების, მოვერცხვლისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათა დაფარვის ხერხებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მონეტას ჭრიდნენ ძვ. წ. VI საუკუნიდან. კოლხური თეთრი მოჭრილია საქართველოში, მაგრამ ზარაფხანის ადგილმდებარეობა უცნობია. 704 წელს არაბულ დრამაზე თბილისის ზარაფხანა პირველად აღინიშნა. IX საუკუნიდან თბილისში დროგამოშვებით იჭრებოდა ფული არაბი ხალიფას, ხოლო X საუკუნის II ნახევრიდან - თბილისის ამირას სახელით. XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან XV საუკუნის დასაწყისამდე მონეტებზე კვლავ გვხვდება თბილისის ზარაფხანის აღნიშვნა. 1603 წლიდან XVIII საუკუნის დასასრულამდე თბილისის ზარაფხანა სისტემატურად უშვებდა ვერცხლისა და სპილენძის ფულს. XVII საუკუნის ზარაფხანა მდებარეობდა კალაში, სიონის მახლობლად. დასტურლამალში შემონახულია ზარაფხანის წესდება. 1803-1833 წლებში თბილისის ზარაფხანა უშვებდა ე. წ. რუსულ-ქართულ ფულს. ეს ზარაფხანა მდებარეობდა როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე.

თბილისის გარდა დროგამოშვებით ფული იჭრებოდა აგრეთვე დმანისში (XIII ს.), ახალციხეში (XIV ს. დასაწყისი), ანისში (XIV ს.), არტანუჯში (1520), ზაგემში (XVI-XVII სს.). სხვადასხვა დროს ზარაფხანები მოქმედებდნენ უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ღვაბერიძე ც., ქუთელია თ., ქსე, ტ. 4, გვ. 484, თბ., 1979
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
  • Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970;