ტანა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ტანა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტანა (მრავალმნიშვნელოვანი).
ტანა
მშობ. სახელი: ინგლ. Tanna

კუნძულ ტანას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 19°30′ ს. გ. 169°20′ ა. გ. / 19.500° ს. გ. 169.333° ა. გ. / -19.500; 169.333
ფართობი 555 კმ²
სიგრძე 40 კმ
სიგანე 19 კმ
უმაღლესი წერტილი 1084 მ
მთა ტუკოსმერა
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტაფეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 28 799 (2009)
სიმჭიდროვე 51,89 ად. /კმ²

ტანა (ინგლ. Tanna) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს, შედის პროვინცია ტაფეას შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანას კუნძული მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, დაახლოებით 1100 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ავსტრალიიდან[1]. კუნძულიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ერომანგას კუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კუნძული ანეიტიუმი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ანივას კუნძული, აღმოსავლეთით — ფუტუნას კუნძული.

აღმოსავლეთის მხრიდან კუნძულის გარს ერტყმის წყნარი ოკეანე, დანარჩენიდან — მარჯნის ზღვა.

კუნძულის სიგრძე შეადგენს 40 კმ-ს, სიგანე — 19 კმ-ს. საერთო ფართობია — 555 კმ². კუნძულის უმაღლესი წერტილია — მთა ტუკოსმერა (1084 მეტრი).

კუნძულ ტანას აქვს ვულკანური წარმოშობა და მდებარეობს მაღალი ვულკანური აქტივობის ზონაში, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან წყნარი ოკეანის და ავსტრალიური ლითოსფერული ფილაქნები. ვულკანი იასოური, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მსოფლიოში ყველაზე ადვილად მისადგომი მოქმედი ვულკანია.

კლიმატი კუნძულ ტანაზე ნოტიო ტროპიკულია. წლის საშუალო ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1500 მმ-ს[1]. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები, მიწისძვრები და ციკლონები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთი კუნძულების კოლონიზაციის ზუსტი დრო უცნობია. სრულიად შესაძლებელია, რომ კუნძულებზე ადამიანებით დასახლება მოხდა არქიპელაგ სოლომონის კუნძულების დასავლეთი ნაწილიდან. კუნძული ტანას კოლონიზაცია მოხდა უკიდურეს შემთხვევაში 2500 წლის წინ[2].

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1774 წელს და მას დაარქვა «ტანა». კუნძულზე გადასვლის შემდეგ კუკმა აწია ერთი მუჭა მიწა და შეეკითხა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, თუ რა ერქვა კუნძულს, რაზეც ერთ-ერთმა კუნძულელმა მას უპასუხა: «Tanna» (ნუფაის ენიდან თარგმანში «ნიადაგი»). კუნძულის ტრადიციული სახელია — «Parei»[3]. ზღვაოსანმა ასევე სცადა ასულიყო ვულკან იასოურზე, მაგრამ მას ხელი შეუშალეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა[4]. ტანას კუნძულის გამოკვლევის შემდეგ, ჯეიმზ კუკის გემმს კურსი აიღო ჩრდილოეთისკენ, მალეკულას და ესპირიტუ-სანტოს კუნძულებისკენ, ხოლო შემდეგ — ახალი ზელანდიისკენ.

XIX საუკუნის განმავლობაში კუნძულ ტანას ხშირად სტუმრობდნენ ვეშაპდამჭერი გემები, სანტალის ხით ვაჭრები. 1839 წელს სასულიერო პირი ჯონ უილიამსმა ლონდონის მისიონერული საზოგადოებიდან კუნძულზე მოავლინა სამი სამოელი მისიონერი. მაგრამ მათი მოღვაწეობა აღმოჩნდა უნაყოფო. მოგვიანებით ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მოკლეს მისიონერები[5]. 1842 წელს ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლებმა კუნძულელებისგან გამოისყიდეს მიწის მცირე მონაკვეთი იმ ადგილზე, სადაც დღეს მდებარეობს დასახლება პორტ-რეზოლუშენი. მაგრამ შვიდი თვის შემდეგ მისიონერები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ კუნძული ტანა, კუნძულელთა მტრული განწყობილების გამო[3]. შემდგომში კუნძულზე გამოჩნდნენ პირველი პრესვიტერიანელი მისიონერები, მაგრამ კუნძულელებს საკმაოდ დიდ ხანს არ უნდოდათ მიეღოთ ქრისტიანობა: მხოლოდ 1910 წლისთვის მოსახლეობის 2/3 გააქრისტიანეს[6]. თანდათან კუნძულზე გამოჩენა დაიწყეს პლანტატორებმა. მათგან პირველი იყო როს ლუინი (ინგლ. Ross Lewin), რომელიც ტანაზე დასახლდა 1868 წელს[3].

1860 წლიდან 1900 წლამდე კუნძულზე ყვაოდა მონებით ვაჭრობა: 5000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი იძულებით წაიყვანეს პლანტაციებში ფიჯიზე და ავსტრალიის შტატ კუინზლენდში[6]. ამავე წლებში აღინიშნა კუნძულის მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება (75 %-მდე), წითელას და დიზენტერიის ეპიდემიის გამო[3].

1906 წლის მარტში ტანა, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[7]. მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულ ტანაზე გამოჩნდა პირველი კარგოს კულტი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის გავლენას საზოგადოებაში[6].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული ტანა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კუნძულ ტანას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 28 799 ადამიანს[8].

ტანა — ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასახლებული კუნძულია პროვინციაში და ქვეყანაში. კუნძულზე მდებარეობს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ისანგელი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე უფრო დიდი ქალაქის — ლენაკელის გვერდით.

კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:

  • კვამერა (2500 მოლაპარაკე 1989 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში),
  • ლენაკელი (6500 მოლაპარაკე 1989 წელს; გავრცელებულია კუნძულის დასავლეთ ნაწილში),
  • უაიტსენდსი (3500 მოლაპარაკე 1988 წელს; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • ჩრდილოეთ ტანა (2000 მოლაპარაკე 1988 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში),
  • სამხრეთ-დასავლეთ ტანა (2000 მოლაპარაკე 1988 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში)[9].

კუნძულზე დიდი რაოდენობითაა კარგოს კულტის მიმდევრები, რომლებიც ტანაზე გამოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის წლებში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ჯონ ფრუნის მოძრაობა, ასევე პრინც ფილიპეს მოძრაობა (მისი მიმდევარია ედინბურგის ჰერცოგი — ფილიპე[10]).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კოპრა, ყავა). ვითარდება ტურიზმი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-08.
  2. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 An Early History of Land on Tanna, Vanuatu. (ინგლისური)
  4. [ვანუატუს მკვლევარები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-02-08. ციტირების თარიღი: 2014-11-08. ვანუატუს მკვლევარები. (ინგლისური)]
  5. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 17.
  6. 6.0 6.1 6.2 World Culture Encyclopedia. Tanna Island. History and Cultural Relations. (ინგლისური)
  7. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  8. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-08.
  9. Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)
  10. Pacific Magazine. Green Moon Rising: Islam Is Spreading In Melanesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 08 აპრილი 2008.