მალეკულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალეკულა
მშობ. სახელი: ინგლ. Malecula

კუნძულ მალეკულას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 16°15′ ს. გ. 167°30′ ა. გ. / 16.250° ს. გ. 167.500° ა. გ. / -16.250; 167.500
ფართობი 2041,3 კმ²
სიგრძე 88 კმ
სიგანე 48 კმ
უმაღლესი წერტილი 879 მ
მთა ლიამბელე
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია მალამპა
დემოგრაფია
მოსახლეობა 22 902 (2009)
სიმჭიდროვე 11,219 ად. /კმ²

მალეკულა (ინგლ. Malecula) ან მალაკულა (ინგლ. Malakula) — ფართობის მხრივ მეორე კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, შედის ვანუატუს რესპუბლიკაში[1]. 2009 წლისთვის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 22 902 ადამიანს, თანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სანაპიროზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული მალეკულა მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში წყნარ ოკეანეში, მალოს და ესპირიტუ-სანტოს კუნძულებს შორის, რომლებიც იმყოფებიან ჩრდილო-დასავლეთით და რომლებისგანაც გამოყოფილია ბუგენვილის სრუტით, დარქმეული ფრანგი მკვლევარის ლუი ანტუან დე ბუგენვილის პატივსაცემად. იქვე მდებარეობენ ამბრიმის კუნძული, რომელიც იმყოფება აღმოსავლეთით და ეპის კუნძული, რომელიც იმყოფება სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულისგან უშუალო სიახლოვეს, მალეკულას აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მდებარეობენ მცირე მარჯნული კუნძულები ვაო, ატჩინი, ვალო, რანო, ნორსუპი, ურიპივი და ური. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს მასკელაინის კუნძულები, სამხრეთ სანაპიროსთან — ლემბრუს, ვიტოს და ჰამბის კუნძულები, სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან — კუნძული ტომამი[2]. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს 1200 კმ-ში[3].

კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. მალეკულას ფართობი შეადგენს 2041,3 კმ²-ს. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 88 კმ-ს, სიგანე — 48 კმ-ს (ქალაქ მელიპიდან ქალაქ რერეპამდე). კუნძულის უმაღლესი წერტილია — მთა ლიამბელე (879 მ).

კუნძული მალეკულა ღარიბია ბუნებრივი მინერალური რესურსებით, თუმცა არსებობს ზემო ოლიგოცენის — შუა მიოცენის პერიოდის წყალქვეშა ვულკანური ნარჩენები, ოქროს საბადოები[3]. ნიადაგი ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა, თუმცა კუნძულზე არ არსებობს მოქმედი ვულკანები. ხშირად ხდება მიწისძვრები. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მთიანია და დაფარულია ტყეებით.

მალაკულაზე არ არსებობენ დიდი მდინარეები[2]. არის მოსახერხებელი უბეები: უბე ბუშმენი (ინგლ. Bushman's Bay) აღმოსავლეთ ნაწილში, პორტ-სენდვიჩი (ინგლ. Port Sandwich Bay) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პორტ-სტენლი (ინგლ. Port Stanly Bay) ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საუტ-უესტ-ბეი (ინგლ. South West Bay) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში[2].

კლიმატი მალეკულაზე ნოტიო ტროპიკულია[3]. წელიწადში გამოიყოფა ორი სეზონი — წვიმიანი და მშრალი პერიოდი. ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ნოემბრიდან მარტს შორის. მშრალი პერიოდი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. ნალექების წლის საშუალო რაოდენობაა დაახლოებით 2500 მმ. ტროპიკული ციკლონი ყველაზე უფრო ხშირად ხდება იანვარ-თებერვალში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად კუნძულზე ცხოვრობდა ღმერთი ამბატი და მისი შვილები, რომელთა კანის ფერი თეთრი იყო, ხოლო თმები გრძელი და პირდაპირი. მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვებმა შეჭამეს ვარდისფერი ვაშლი, რაც მათთვის აკრძალული იყო, მათი კანის ფერი გახდა შავი[4].

1768 წელს კუნძულის გასწვრივ გაცურა ფრანგმა მოგზაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი სრუტეს, რომელიც გამოყოფს კუნძულ მალეკულას კუნძულ ესპირიტუ-სანტოსაგან[1]. 1774 წელს კუნძულზე გადმოვიდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჩათვალეს ღმერთ ამბატად[4]. შემდგომში მალეკულაზე გაჩაღდა მონათა ვაჭრობა: ადგილობრივი მაცხოვრებლები სამუშაოდ გაჰყავდათ ავსტრალიის და ფიჯის პლანტაციებში[4]. XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე აღმოაჩინეს სანტალის ხის ტყე, რომლის ხის მასალის გაყიდვაც მალეკულაზე ყვაოდა 1860-იან წლებამდე[5].

1906 წლის მარტში მალეკულა, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[6].

1939 წელს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში შეიქმნა კოპრის წარმოების პირველი კოოპერატივი[4].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული მალეკულა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ მალეკულას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 22 902 ადამიანს[7] (2009). ყველაზე დიდი დასახლება და მალამპას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ლაკატორო, რომელიც განლაგებულია კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე[8]. სხვა დიდი დასახლებებია — ნორსუპი და ლამაპი.

ტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის განმავლობაში კუნძული მალეკულა იყო მთელი მსოფლიოს კვლევის ობიექტი ანთროპოლოგების და ენათმეცნიერების მხრიდან: კუნძულზე 30-ზე მეტი ადგილობრივი ენა და ბევრი ტომებია. ასევე შენარჩუნებულია უნიკალური ადგილობრივი კულტურა. კუნძულზე ყველაზე უფრო ცნობილი აბორიგენული ტომებია დიდი ნამბასი და პატარა ნამბასი[9]. ტომი დიდი ნამბასი ყველაზე უფრო ნაკლებად დაზარალდა ევროპელი კოლონიზატორებისაგან, საკუთარი მეომრული ხასიათის და კანიბალიზმის პრაქტიკის გამო[9]. ტომი პატარა ნამბასი დასახლებულია მალეკულას სამხრეთის ცენტრალურ ნაწილში და ცნობილია უნიკალური თავსაბურავებით და რიტუალური მასკებით. მათ სოფლებში მამაკაცები და ქალები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. სოფლის ცენტრში მდებარეობს საცეკვაო მოედანი და მსხვერპლშესაწირავი პლატფორმა.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია: ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:

  • აულუა (300 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • აკსამბი (525 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • ბურმბარი (525 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში),
  • ვაო (1350 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში),
  • ვინმავისი (210 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • დიქსონ-რიფი (50 მოლაპარაკე 1982 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში),
  • კატბოლი (450 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • ლაბო (350 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში),
  • ლარევატი (150 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • ლეტემბოი (305 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • ლინგარაკი (210 მოლაპარაკე 1983 წელს),
  • ლიტზლიტზი (330 მოლაპარაკე 1983 წელს),
  • მალფაკსალი (600 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • მალუა-ბეი (300 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში),
  • მარაგუსი (10 მოლაპარაკე 1971 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • მასკელაინი (1200 მოლაპარაკე 1990 წელს; გავრცელებულია მალეკულას კუნძულის სამხრეთ მაწილში, მასკელაინის კუნძულებზე),
  • მპოტოვორო (180 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში),
  • მაე (750 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში),
  • ნამბასი (1800 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში),
  • ნასარიანი (20 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში),
  • პორტ-სენდვიჩი (750 მოლაპარაკე 1971 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში),
  • რეპანბიტიპი (90 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • რერეპი (375 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • საუტ-უესტ-ბეი (250 მოლაპარაკე 1981 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში),
  • უნუა (525 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
  • ურიპივ-ვალა-რანო-ატჩინი (6000 მოლაპარაკე 1988 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში)[10].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალეკულას კუნძულის ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა: კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქოქოსის პალმის (ქოქოსის ენდოსპერმისაგან აწარმოებენ კოპრას) და კაკაოს პლანტაციები[8]. განვითარებულია ტურიზმი.

არსებობს საჰაერო და საზღვაო კავშირები ვანუატუს სხვა კუნძულებთან[8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 [John Search. მალეკულას კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-09. John Search. მალეკულას კუნძული. (ინგლისური)]
  2. 2.0 2.1 2.2 Deacon, A. B.. Malekula: A vanishing people in the New Herbrides. London: George Routledge & Sons, Ltd., 1934. — გვ. 3.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-13. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Vanuatu Paradise. კუნძული მალეკულა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  5. Darrell T. Tryon, Jean-Michel Charpentier. Pacific Pidgins and Creoles: Origins, Growth and Development. Walter de Gruyter, 2004. ISBN 3-11-016998-3. — გვ. 110.
  6. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  7. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  8. 8.0 8.1 8.2 Positive Earth. კუნძული მალეკულა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
  9. 9.0 9.1 [ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. კუნძული მალეკულა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-06. ციტირების თარიღი: 2014-11-09. ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. კუნძული მალეკულა. (ინგლისური)]
  10. Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)