ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლუციუს ტარკვინიუსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლუციუს ტარკვინიუსი.
ტარკვინიუსი თავს მეფედ აცხადებს.

ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი, ასევე ცნობილი როგორც ტარკვინიუს ამაყი (ლათ. Lucius Tarquinius Superbus) (* უცნობია ― † ძვ. წ. 495), რომაული ტრადიციით, რომის უკანასკნელი მე-7 რექსი (მეფე) ძვ. წ. 535-ძვ. წ. 510 წლებში.

წარმოშობა და გამეფება[რედაქტირება]

ლუციუს ტარკვინიუსი, მოგვიანებით ამაყად (Superbus) წოდებული, ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსის ვაჟი იყო თუ შვილიშვილი, ზუსტად უცნობია. ზოგ რომაელ ავტორს მიაჩნია რომ იგი შვილი იყო, ზოგიც თვლის რომ შვილიშვილი, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, ლუციუსის შვილი ახალგაზრდა ვეღარ იქნებოდა, თუმცა ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ეჭვის მიუხედავად მას სხვა ისტორიკოსების თანახმად შვილს უწოდებს.

სერვიუს ტულიუსმა მას და მის ძმას არუნტუს თავისი ქალიშვილები მიათხოვა. ლუციუსი ძალიან პატივმოყვარე იყო, ხოლო არუნტუსი ბუნებით დინჯი იყო. მათი მეუღლეები ქმრებს ხასიათებით სულ არ ჰგავდნენ. არუნტუსის მეუღლეს ტულიას არ უყვარდა თავისი ქმარი, ხოლო მაზლით აღფრთოვანებული იყო. მას თავისი დაც სძულდა, ვინაიდან მიაჩდა რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებს ქმარს. მან მალე დაარწმუნა მაზლი რომ ისინი ბევრად უკეთესად შეეწყობოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეწყობიან საკუთარ მეუღლეებს და მიაღწევდნენ ძალაუფლებას. შემდეგ მათ საიდულოდ მოკლეს მეუღლეები და დაქორწინდნენ. ტარკვინია ამის შემდეგ ყველანაერად აგულიანებდა ქმარს ახალი მკვლელობისთვის. ლუციუსმა ყველაფერი იღონა სენატში გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც ჩათვალა, რომ ნიადაგი მომზადებული იყო, შეიარაღებული ხალხითურთ შეიჭრა ფორუმზე და თავი მეფედ გამოაცხადა, ბრძანა შეეკრიბათ სენატი მეფე ტარკვინიუსის სახელით.

კურიაში სენატორთა თანდასწრებით დაიწყო სერვიუს ტულიუსის ლანძღვა. ამ დროს სერვიუსი თვითონ გამოცხადდა კურიაში. სერვიუსისა და ტარკვინიუსის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. თვითონ ტარკვინიუსი ეცა სერვიუსს, და ვინაიდან იგი ბევრად უმცროსი და ძლიერი იყო, ჩამოაგდო მეფე კიბიდან, შემდეგ კი ქუჩაში თავისი მომხრეები დააწია და მოაკვლევინა მეფე.

როგორც ისტორიკოსი გვამცნობს, ამის შემდეგ ტულია ეტლით მივიდა კურიასთან და ქმარს მეფე უწოდა, ხოლო სახლში დაბრუნებისას ქუჩაში მამის გვამი დაინახა და ეტლით ზედ გადაუარა. იმ ქუჩას რომაელებმა წყეული ქუჩა უწოდეს.

მმართველობა[რედაქტირება]

თავისი მმართველობის დასაწყისშივე მან დახოცა სერვიუსის მომხრე სენატორები. რადგან მან თვითონ შექმნა ძალით ხელისუფლების მოპოვების პრეცენდენტი, მას ეშინოდა რომ მის მოწინააღმდეგეებსაც იგივე არ გაეკეთებინათ და პირად მცველთა რაზმი შემოირტყა გარს. ხალხის კიდევ უფრო მეტად დასაშინებლად მან დამატებით რეპრესიებს მიმართა. მისი რეპრესიებისგან შეთხელებულ სენატს იგი ანგარიშს არაფერში არ უწევდა. მან განიზრახა ლათინებთან დაახლოვება, რათა მათი მხარდაჭერით განემტკიცებინა საკუთარ ხალხში მდგომარეობა. ამისთვის მან თავისი ქალიშვილი ლათინების მმართველს ოქტავიანე მემილიუს ტუსკულას მიათხოვა.

ომში იგი ისეთივე ვერაგი იყო, როგორც მშვიდობიანობისას უსამართლო. პირველი ომი მას ბოლსკებთან ჰქნდა. უცნობია თუ საიდან გადმოსახლდა ეს ერი, რომაელები მათ ორასი წლის მანძილზე ებრძოდნენ, სანამ არ დაიმორჩილეს და არ გაარომაელეს.

შემდეგ დაიწყო ომი ქალაქ გაბიუმთან. პირველ ბრძოლაში რომაელები დამარცხდნენ, ამიტომ ლუციუსმა გადაწყვიტა არარომაულად, ვერაგობით ემოქმედა. მან მოაჩვენა ყველას, ვითომ აღარ სურს ომი და დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ამასობაში მისი ვაჟი სექსტუსი გაიქცა გაბიაში და სთხოვა იქაურ მმართველს თავშესაფარი, მან მოიგონა თითქოს მამის სისასტიკეს გამოექცა. მისი მონაყოლი დაიჯერეს და გაბიუმელებმა იგი კარგად მიიღეს.

აქ სექსტმა არა ღიად, არამედ ჩუმჩუმად დაარწმუნა გაბიუმელი უხუცესები ომის განახლების საჭიროებაში. მცირე რაზმებით იგი ძარცვავდა რომის მიდამოებს და შეტაკებებში ყოველთვის იმარჯვებდა, ამან მას გაბიუმელების ნდობა მოუპოვა. ამის გარდა მან ინტრიგებით გადაკიდა ერთამეთზე უხუცესები. ბევრი მათგანი თვითონ მოსპო და ბრალად სხვადასხვა დანაშაულებები დასდო. ამგვარად დასუსტებული გაბიუმი ტარკვინიუსმა ადვილად ჩაიგდო ხელში.

ამ ამბების შემდეგ მან დაასრულა კაპიტოლიუმზე იუპიტერის ტაძრის მშენებლობა, რომელიც პირველმა ტარკვინიუსმა დაიწყო. დაახლოებით ამ დროს, როგორც ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი გვამცნობს, სასახლის სვეტიდან გამოძვრა გველი. ეს სიკვდილის ამღნიშნავი იყო. ამ ამბის განსამარტად მან დელფის ორაკულთან გაგზავნა თავისი ვაჟები ტიტუსი და არუნტუსი და მათთან ერთად თავისი დისშვილი ლუციუს იუნიუს ბრუტუსი.

ორაკულმა ჩასულებს ამცნო რომ რომში ძალაუფლება გადაუვა მას, ვინც პირველი აკოცებს დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და აკოცა მიწას - ყველას საერთო დედას.

რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. ეს იმ დროისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო, ტარკვინიუსის ფინანსური მდგომარეობა კი არასახარბიელო იყო. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზიც. პირველი შეტევა წარუმატებლად დასრულდა და რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.

რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ ისინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.

კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე, არამედ ლუციუსზეც.

დამხობა და რომიდან გაძევება[რედაქტირება]

მოსახლეობამ როდესაც შეიტყო ამ ამაზრზენი ამბის შესახებ, აღშფოთდა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას მოუწოდა შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ. ფორუმზე რომ მივიდნენ ხალხი იქ უკვე შეკრებილი იყო. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღირს საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ.

ლუციუს ტარკვინუსმა როდესაც შეიტყო ამის შესახებ დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად გაიქცა ერუტრიაში. სექსტი ჩავიდა გაბიუმში, სადაც იგი ძველმა მტრებმა მოკლეს.

ლუციუს ტარკვინუს ამაყმა იმეფა 25 წელი. რომში მეფობა 240 წელი გრძელდებოდა, დაარსებიდან რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე.

ცხოვრება დამხობის შემდეგ[რედაქტირება]

როგორც ვთქვით, მან და მისმა ვაჟებმა თავი ეტრუსკებს შეაფარეს. მალე მათ რომში გაგზავნეს ელჩები რათა მიეღოთ იქ დარჩენილი ქონება და რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ. შეთქმულების შესახებ კონსულად არჩეულმა ბრუტუსმა გაიგო და მიუხედავად იმისა რომ შეთქმულთა შორის მისი ორი ვაჟი იყო, ყველა სიკვდილით დასაჯა, ხოლო ყოფილი მეფის ქონება ხალხს გააძარცვინა.

რადგან ვერაგობით ტარკვინიუსი ვერაფერს გახდა მან ეტრუსკებს სთხოვა რომზე გალაშქრება, რათა დაებრუნებინა ტახტი. ეტრუსკები დათანხმდნენ. ბრძოლაში დაიღუპა ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსი. მიუხედავად იმისა რომ რომაელებმა ბრუტუსი დაკარგეს, მათ მაინც მოიგეს ბრძოლა.

ამის შემდეგ ტარკვინიუსმა მიმართა პორსენუსს. ეს უკანასკნელი ძვ. წ. 508 წელს რომს მიადგა დიდძალი ჯარით და პირველ ბრძოლაში კინაღამ აიღო ქალაქი. შემდეგ ალყა შემოარტყა. რომაელებმა შეძლეს პორსენუსის დარწმუნება რომ ტარკვინიუსი დამსახურებულად გააგდეს და ბოლოს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ტარკვინიუსმა ამ ომითაც ვერაფერს მიაღწია.

ძვ. წ. 506 წელს პორსენუსისგან რომში ელჩები ჩამოვიდნენ რათა კიდევ ერთხელ ეთხოვათ მეფის დაბრუნება, რომაელებმა მათ პირდაპირი პასუხი არ გასცეს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უკვე გააგზავნეს სენატორები მოსალაპარაკებლად. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ არ სურდათ ელჩებისთვის პირდაპირი უარის თქმით შეურაცხყოფა მიეყენებინათ პორსენუსისთვის. სენატორები მართლაც გაგზავნეს. სენატორები ჩავიდნენ პორსენუსთან და დელეკატურად აუხსნეს რომ რომაელი ერი ამიერიდან თავისუფალია და მეფეს უკან არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ამის მოსმენის შემდეგ პორსენუსმა უარი უთხრა ტარკვინიუსებს შემდგომ დახმარებაზე.

ამის შემდეგ ტარკვინიუსი ქალაქ ტუსკულუსში გადაიხვეწა თავის სიძესთან ოქტავიანე მამლუსთან. ძვ. წ. 499 წელს დაიწყო ომი რომაელებსა და ლათინური ქალაქების გაეთიანებას შორის. პირველი ბრძოლის წინ რომაელებმა გაიგეს რომ ტარკვინიუსიც იღებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობას და განსაკუთრებული სიცხარით იბრძოდნენ. ტარკვინიუსი ბეჭში დაჭრეს და გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ტარკვინიუსის ვაჟი ტიტუსი რომიდან განდევნილების რაზმს ედგა სათავეში. ცოტა ხნით ბრძოლაში მათ უპირატესობა მოიპოვეს, როდესაც სხვა ლათინური რაზმები მარცხდებოდნენ. პუბლიკოლას ძმამ მარკუსმა დაინახა ტიტუსი და მოისურვა მისი მოკვლა, მაგრამ იგი უფრო ადრე მოკლეს ლათინებმა. რომაელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ლათინები და დაიკავეს მათი ბანაკი.

ძვ. წ. 495 წელს ტარკვინიუსი მოკვდა ქალაქ კუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსი "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან

წინამორბედი რომის მეფე შემდგომი
სერვიუს ტულიუსი ძვ. წ. 535-ძვ. წ. 510 -