ჟაკ-ლუი დავიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავიდი, ავტოპორტრეტი (1794)

ჟაკ ლუი დავიდი (ფრანგ. Jacques-Louis David; დ. 30 აგვისტო, 1748, პარიზი — გ. 29 დეკემბერი, 1825, ბრიუსელი) — ფრანგი მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი. მხატვარმა პროფესიული განათლება პარიზის ფერმწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში მიიღო. 1774 წელს მან პირველი პრემია დაიმსახურა კონკურსში. ამან მას საშუალება მისცა ანტიკური ხელოვნების შესასწავლად იტალიაში გამგზავრებულიყო სახელმწიფო ხარჯით. იტალიაში მოგზაურობამ, მას თვალწინ გადაუშალა ანტიკური სამყაროს სიდიადე და მშვენიერება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.

დავიდი იზიარებდა განმანათლებლობის შეხედულებებს, რომ ხელოვნება ადამიანში მაღალ მოქალაქეობრივ გრძნობებს უნდა აყალიბებდეს. ეს აზრი მან ძველი რომის რესპუბლიკის ისტორიის მაგალითებით გადმოსცა. განმანათლებელთა შეხედულებების თაყვანისმცემელი, თავისუფლების და რესპუბლიკური იდეების მქადაგებელი მხატვარი 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციას აღფრთოვანებული შეხვდა. იგი რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო. ის იყო ეროვნული კონვენტის დეპუტატი. მან მხარი დაუჭირა მეფის სიკვდილით დასჯას. მან მოაწყო და მხატვრულად გააფორმა მრავალი რევოლუციური ზეიმი.

რევოლუციის დროს თავისი რესპუბლიკური დემოკრატიული შეხედულებების გამოსახატავად სახელგანთქმულ მხატვარს ძველი რომის ისტორიისათვის მიმართვა აღარ უხდებოდა. მას შესაძლებლობა მიეცა ეს შეხედულებები თანამემანულეთა სახეებში გამოეხატა. იგი მათ პორტრეტებს ასრულებდა, მის წარმოსახვაში ისინი ძველი დროის გმირებს უტოლდებოდნენ. ამგვარ სულისკვეთებით შეიქმნა სურათი „მარატის სიკვდილი“ რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი იაკობინთა ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა.

1794 წელს თერმიდორული გადატრიალების დროს მაქსიმილიან რობესპიერთან მეგობრობის გამო იაკობინი დავიდი დააპატიმრეს და მხოლოდ სახელგანთქმული მხატვრის დიდებამ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე. საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ დავიდმა პოლიტიკურ მოღვაწობას თავი დაანება.

1799 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნაპოლეონმა დაიახლოვა დავიდი და პრივილეგირებულ მხატვრად აქცია. დავიდის სურათები ხოტბას ასხამდნენ კონსულობის და იმპერიის ღირსეშანიშნავ ამბებს. ამდროინდელი სურათებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია . „ნაპოლეონის გადასვლა სან-ბერნარზე“ და „ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა“.

იმპერიის დამხობის შემდეგ, რესტავრაციის დროს, ბურბონებისაგან დევნილი „მეფის მკვლელი“ იაკობინი და ნაპოლეონის კარის მხატვარტი ჟაკ ლუი დავიდი იძულებული შეიქმნა სამშობლოდან გადახვეწილიყო. სიცოცხლის ბოლო წლები მან ბრიუსელში გაატარა, სადაც დიდ დროს უთმობდა ახალგაზრდა მხატვრების აღზრდას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17751780 წლებში სწავლობდა რომის ფრანგულ აკადემიაში, სადაც ეცნობოდა ანტიკურ ხელოვნებას და რენესანსის ეპოქის ოსტატთა შემოქმედებას. 1783 წელს აირჩიეს ფერწერის აკადემიის წევრად. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, 1792 წელს არჩეულ იქნა კონვენტის წევრად, მიემხრო რევოლუციონერთა რადიკალურ-ექსტრემისტულ ფრთას მარატისა და რობესპიერის ხელმძღვანელობით. 1794 წელს რევოლუციონერული ხედვის გამო დაპატიმრებულ იქნა. 1797 წელს მოწმე გახდა პარიზში ნაპოლეონის საზეიმო შემოსვლისა და მას მერე მისი მომხრე ხდება. 1815 წელს ვატერლოოსთან ნაპოლეონის ჯარის დარამცხების შემდეგ გაიქცა შვეიცარიაში, შემდგომ კი ბრიუსელში, სადაც ცხოვრების ბოლომდე დაჰყო.

დაკრძალულია წმინდა გუდულას სასაფლაოზე ბრიუსელში, ხოლო მისი გული კი – პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

ცნობილი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: