ექსტრემიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ექსტრემიზმი (ფრანგ. extremisme, ლათ. extremus — უკიდურესობა) — „უკიდურეს პოზიციაში ყოფნის მახასიათებელი ან მდგომარეობა“ ან „უკიდურესი ზომების ან ხედვების მხარდაჭერა.“[1]

ტერმინი უმეტესწილად პოლიტიკური და რელიგიური დატვირთვით გამოიყენება და მიანიშნებს იმგვარ იდეოლოგიაზე, რომელიც დაშორებულია საზოგადოებაში არსებული მეინსტრიმული ხედვებისგან. მას ასევე შეიძლება გააჩნდეს ეკონომიკური განზომილებაც. ტერმინს უმეტესწილად ნეგატიური კონოტაცია აქვს, თუმცა ის ხშირად გამოყენებულია აკადემიური, დესკრიფციული და ნეიტრალური შინაარსითაც.[2]

ექსტრემისტთა ხედვები ჩვეულებრივ ზომიერი პოზიციების მიმართებით კონტრასტულია. მაგალითისთვის, დასავლური ქვეყნების თანამედროვე დისკურსში ისლამზე ან ისლამურ პოლიტიკურ მოძრაობებზე გამოყოფენ ექსტრემისტულ და ზომიერ მუსლიმებს.[3]

პოლიტიკური დღის წესრიგები ექსტრემისტებში ხშირად მოიაზრებს უკიდურეს მემარცხენე ან უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკებს, ასევე, მათთან ერთად ნებისმიერი ტიპის რადიკალიზმს, რეაქციონიზმს, ფუნდამენტალიზმსა თუ ფანატიზმს.

დეფინიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსტრემიზმის რამდენიმე განსხვავებული განმარტება არსებობს. პიტერ კოულმენი და ანდრეა ბართოლი მასზე დაკვირვებისას აღნიშნავენ, რომ ექსტრემიზმი კომპლექსური ფენომენია და ხშირად მისი კომპლექსურობა არ არის გაანალიზებული.[4] ყველაზე მარტივად ის შეიძლება განვმარტოთ, როგორც ქცევა, რწმენა, დამოკიდებულება, შეგრძნება, მოქმედება ან სტრატეგია, რომელიც ჩვეულებრივისაგან საკმაოდ დაშორებულია. კონფლიქტის ჭრილში ის ყველაზე მკაცრი ფორმებითაა მასში ჩართული. თუმცა ამა თუ იმ ქმედების, ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის „ექსტრემისტად“ წოდება და „ჩვეულებრივის“ განსაზღვრება ხშირად სუბიექტურია და პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. ამიტომ ავტორები თვლიან, რომ ექსტრემიზმზე დისკუსია უფრო ყოვლისმომცველი უნდა იყოს: ჩვეულებრივ, ზოგიერთი ექსტრემისტული ქმედება ერთისთვის შეიძლება მორალური საკითხი იყოს („თავისუფლებისთვის მებრძოლები“), ხოლო მეორესთვის უსამართლო და ამორალური („ტერორიზმი“), რაც დამოკიდებულია დამკვირვებლის ღირებულებებზე, პოლიტიკაზე, მორალურ დიაპაზონზე და აქტორთან მის ურთიერთობაზე. უფრო ზუსტად, ერთის აღქმა ექსტრემიზმის მორალური და ამორალური ბუნებისა შეიძლება შეიცვალოს პირობების ცვლილების შედეგად. შესაბამისად, ექსტრემისტული აქტების არსებული და ისტორიული კონტექსტები ჩვენ შეხედულებებს განსაზღვრავენ. ექსტრემიზმის განსაზღვრებისას ასევე მნიშვნელოვანია ძალაუფლების ასიმეტრიის საკითხიც. ხშირად კონფლიქტში ძალაუფლების არ მქონე ადამიანთა ჯგუფების ქმედებები ექსტრემისტულად მოიაზრება, ვიდრე მათი ვინც არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენაა მოწოდებული.

ექტრემისტული აქტები უმეტესწილად დაკავშირებულია მარგინალურ ადამიანთა ჯგუფებთან, რომლებიც თვლიან, რომ არსებული ბრძოლის ნორმატიული ფორმები მათთვის შემზღუდავია და მიკერძოებული. მიუხედავად ამისა, ექსტრემალური ქმედებები ხშირად გამოიყენება დომინანტი სოციალური ჯგუფების მიერაც, მაგალითად ძალადობრივი სანქციების განხროციელება ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფზე.[4]

ექსტრემიზმი ხშირად იყენებს ძალადობრივ საშუალებებს, თუმცა ექსტრემისტულ დაჯგუფებებსაც აქვთ არაძალადობრივი ტაქტიკებიც. უფრო ზუსტად, ძალაუფლების არ მქონე ჯგუფები უფრო ხშირად მიმართავენ პირდაპირ, ეპიზოდური ძალადობის ფორმებს, როცა დომინანტი ჯგუფები უფრო სტრუქტურულ და ინსტიტუციონალიზებულ ფორმებს იყენებენ.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემისტი ინდივიდები და ჯგუფები ხშირად აღიქმებიან, როგორც უპირობო და მუდმივ ბოროტებად, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ისინი ხშირად შინაგანად წინააღმდეგობრივი და ამბივალენტურნი არიან, სადაც დაჯგუფებებს შეიძლება შიდა განსხვავებები და კონფლიქტები გააჩნდეთ. მაგალითისთვის, ორგანიზაცია „ჰამასის“ ინდივიდუალური წევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ მოლაპარაკებების ნებელობით პალესტინურ ხელისუფლებასთან. ექსტრემიზმის ძირითადი პრობლემას მისი ქმედების სიმკაცრეზე მეტად წარმოადგენს მისი ჩაკეტილი, ფიქსირებული და ურყევი, უცვლელი ბუნება.[5]

ექსტრემიზმის თეორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკ ჰოფერი და არტურ შლეზინგერი იყვნენ ის პოლიტიკის მკვლევრები, რომლებიც XX საუკუნის შუა პერიოდში ერთ-ერთი პირველები შეეხნენ „პოლიტიკური ექსტრემიზმის“ საკითხს. ჰოფერი წერდა იმ პირთა ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაზე, რომლებიც ფანატიკურ მასობრივ ორგანიზაციებში წევრიანდებოდნენ. შლეზინგერი წერდა პოლიტიკურ „ცენტრზე“, „მეინსტრიმულ“ პოლიტიკურ დისკურსზე და აღნიშნავდა რომ აუცილებელია საზოგადოებებმა მკვეთრი ხაზი გაავლონ იმ პირებს, ჯგუფებსა თუ ხედვებთან, რომლებიც მოცემული, აღიარებული „ცენტრის“ მიღმაა.

სეიმურ მარტინ ლიფსეტი აღნიშნავდა, რომ მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმის გარდა, არსებობს ასევე „ცენტრის ექსტრემიზმი“, რომელიც ქმნის იმ ბაზისს, რაზეც ფაშიზმი წარმოიქმნება.[6]

ლეირდ ვილკოქსი გამოყოფს „პოლიტიკური ექსტრემიზმის“ 21 თვისებას, რომელიც მერყეობს უკიდურესი „მკვლელობისა“ და „იარლიყის მიკერების“ ქმედებებიდან უფრო ზოგად მახასიათებლამდე, როგორიცაა ოპონენტებისა და მათი კრიტიკის თვისებრივად ბოროტებად მონათვლა.[7]

ექსტრემიზმი არ არის ცალკე აღებული მახასიათებელი. ექსტრემისტის დამოკიდებულება ან ქცევა შეიძლება ფართო სპექტრის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომელიც ჩვეულებრივი ობსესიიდან დაწყებული ფანატიკოსობამდე დამთავრებული გამოხატულება იყოს. უკიდურესი მემარცხენეობის და უკიდურესი მემარჯვენეობის, ასევე რელიგიურად დაპირისპირებული მხარეების ქმედება იმდენად მსგავსი შეიძლება იყოს, რომ ორივე მათგანი მიუღებელი იყოს უმრავლესობაში მყოფი მეინსტრიმული პოზიციებიდან.

ეკონომისტი რონალდ ვინთრობი აღნიშნავს,[8] რომ არაერთ ექსტრემისტულ მოძრაობას, რომელთაც განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ, საერთო მახასიათებლები გააჩნიათ. ამის ნათლად საჩვენებლად იგი განიხილავს „ებრაელი ფუნდამენტალისტებისა“ და „ექსტრემისტული ჰამასის“ მახასიათებლებს და გამოყოფს მათ ერთგვაროვნებას:[9]

  • ორივე მათგანი კომპრომისის მიმართ შეუვალია;
  • ორივე მათგანი დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში;
  • ორივე მათგანი მხარს უჭერს ძალადობრივ მეთოდებს მიზნის მიღწევაში;
  • ორივე მათგანი ნაციონალისტურია;
  • ორივე მათგანი შეუვალია შიდა განხეთქილების მიმართ;
  • ორივე მათგანი ერთმანეთის დემონიზებითაა დაკავებული.

ექსტრემიზმის ასახსნელად არსებობს ხედვა, რომ ის ჭირივითაა. არნო გრუენი ამბობს,

ვიკიციტატა
„იდენტობის სიმწირე, რომელიც დაკავშირებულია ექსტრემიზმთან არის თვითდესტრუქციის, თვითსიძულვილის მიზეზი, რომელიც აღძრავს რევანშის განცდას თავად სიცოცხლის მიმართ და მომართულია მოკლას სხვისი ჰუმანურობა.“

ექსტრემიზმი დანახულია არა როგორც ტაქტიკური ან იდეოლოგიური ქმედება, არამედ როგორც პათოლოგიური ავადმყოფობა, რომელიც კვებავს სიცოცხლის მოსპობას. დოქტორი კატლინ ტეილორი აღნიშნავს, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი მენტალური ავადმყოფობაა, თუმცა იგი განკურნებადია.[10]

კიდევ ერთი ახსნა ექსტრემიზმისა არის ისეთი გრძნობების ემოციური გამოხატულება, რომელიც დაკავშირებულია ჩაგვრის გამოცდილებასთან, დაუცველობასათან, შეურაცხყოფასთან, დანაკარგთან, ბრაზსა და შურისძიებასთან. ამგვარი წინაპირობები ინდივიდსა თუ ჯგუფებს უბიძგებს აირჩიონ კონფლიქტური სტრატეგიები, რომლებიც ამ გამოცდილებების დასაძლევად გამოიყენება.[4]

2018 წლის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ექსტრემალური პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანებს შემეცნების უნარი ნაკლებად აქვთ; ამასთანავე შესაძლებლობა, რომ გაიაზრონ საკუთარი ხედვების მცდარობა, მაშინაც კი როდესაც მათ საწინააღმდეგო პოზიციებს დაუსაბუთებენ. ამიტომ ისინი ქმნიან იმგვარ მოსაზრებებს, რომლებიც მხოლოდ მათ იდეებს დაასაბუთებს. პოლიტიკურად ექსტრემისტმა ადამიანებმა აჩვენეს, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან თავდაჯერებულები საკუთარ შეხედულებებზე და კატეგორიული მიუღებლობა აქვთ ცვლილებების მიმართ.[11]

2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც რადიკალური მემარცხენე და მემარჯვენე პოზიციები აქვთ, საერთო ფსიქოლოგიური მახასიათებლები გააჩნიათ. ექსტრემალური იდეოლოგიები მიისწრაფვიან სოციალური სამყარო მარტივი, შავ-თეთრი პერსპექტივით ახსნან. მათი მენტალური სიმარტივე იწვევს მსჯელობაში ზედმეტ თვითდარწმუნებულობას. შედეგად ისინი განსხვავებული მოსაზრებებისა თუ ჯგუფების მიმართ უფრო არატოლერანტულები არიან ვიდრე ზომიერი ჯგუფები.[12]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც მარტინ ლუთერ კინგი ექსტრემიზმში დაადანაშუალეს, მან თავის წერილში ბირმინგემის ციხიდან ამ ტერმინის მეინტსრიმული გამოყენება გააკრიტიკა:

ვიკიციტატა
„მე იმედგაცურებული ვიყავი იმით, რომ ჩემი როგორც ექსტრემისტის კატეგორიზაცია მოახდინეს, თუმცა საკითხზე უფრო ღრმა ფიქრის შემდეგ, მე თანდათანობით კმაყოფილების განცდა გამიჩნდა ამ იარლიყის მიმართ. ნუთუ იესო არ იყო სიყვარულის ექსტრემისტი ... ნუთუ ამოს წინასწარმეტყველი არ იყო სიმართლის ექსტრემისტი ... ნუთუ მარტინ ლუთერი არ იყო ექსტრემისტი ... შესაბამისად, აქ ისმის კითხვა არა „ვართ თუ არა ექსტრემისტები“, არამედ „რა ტიპის ექსტრემისტები ვართ ჩვენ“. ვიქნებით ჩვენ სიყვარულის თუ სიძულვილის ექსტრემისტები? ვიქნებით თუ არა უსამართლობის თუ სიმართლის დამცველი ექსტრემისტები?[13][14]

1964 წელს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციაზე ბარი გოლდვრაიტმა მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დამტკიცების გამოსვლაში თქვა:

ვიკიციტატა
„მე შეგახსენებთ, რომ თავისუფლების დაცვისთვის ექსტრემიზმი ნაკლი არ არის. ასევე, ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სიმართლის დაცვისთვის ზომიერება ღირსეულობა სულაც არ არის.[15]

რობერტ კენედიმ თქვა:

ვიკიციტატა
„რაც არის საწინააღმდეგო, რაც არის სახიფათო ექსტრემიზმთან დაკავშირეით არის არა ის რომ ისინი რადიკალები არიან, არამედ ის, რომ ისინი არატოლერანტულები არიან. ბოროტება არის არა ის, თუ რასაც ისინი ამბობენ, არამედ ის თუ რას ამბობენ ისინი საკუთარ ოპონენტებზე.“

რუსეთში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ექსტრემისტული კონტენტის გამოყენებას, რაც ხშირად გამოყენებულია თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად. გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც „ექსტრემისტული“, დასჯადია.[16]

ფუნდამენტალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსტრემიზმის ნაირსახეობაა ფუნდამენტალიზმი, რომელიც კონსერვატიული რელიგიური მოძრაობის ტიპია და წმინდა ტექსტების მიხედვით ცხოვრებას ადვოკატირებს. ტერმინი ამერიკელი პროტესტანტების აღსანიშნად გამოიყენებოდა, რომლებიც ბიბლიის უნაკლობას ამტკიცებდნენ, თუმცა XX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინის გამოყენებამ ფართო რელიგიური განზომილება შეიძინა. თანამედროვეობაში მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა ძირითად რელიგიას საკუთარი ფუნდამენტალისტური მოძრაობა გააჩნია.

ქრისტიანული და ისლამური ტერორიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერორიზმი ექსტრემისტული ინდივიდებისა თუ ჯგუფების მეთოდია. ტერორიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა რელიგიური ტერორიზმია, მათ შორის ქრისტიანული და ისლამური. ქრისტიანული ტერორიზმი შედგება იმ ქმედებებისგან, რომლებიც ჩადენილია ქრისტიანული მოტივებითა და მიზნებით მოქმედი ინდივიდებისა თუ ჯგუფების მიერ. ისინი საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს ამართლებენ ბიბლიის საკუთარი ინტერპრეტაციით, რომელიც მათ მიზნებს და მსოფლმხედველობას ესადაგება. ეს ინტერპრეტაციები მეტწილად განსხვავებულია დამკვიდრებული ქრისტიანული დომინაციები ინტერპრეტაციებისგან.

ქრისტიანული ტეროტისტული ჯგუფები ხშირად პარამილიტარული ორგანიზაციებისგან, კულტებისგან და სხვა მოტივირებული პირებსგან შედგება, რომლებიც მზად არიან შეიკრიბნონ და სხვა ჯგუფების დატერორება დაიწყონ. პარამილიტარული დაჯგუფებები ხშირად ეთნიკურ და პოლიტიკურ მიზნებს ატარებენ და ხშირად მათი რწმენები წინააღმდეგობაში მოდიან არსებული, კონვენციურ ქრისტიანულ რწმენებთან.

ისლამური ექსტრემიზმიც რადიკალურ ისლამთან და ისლამის ექსტრემისტულ ინტერპრეტაციასთანაა დაკავშირებული. ამ ტერმინების მრავალგვარი განმარტება არსებობს, თუმცა მისი პოლიტიკური განსაზღვრებები ყველაზე მეტადაა გავრცელებული, რომელიც ისლამურ ექსტრემიზმს მოიაზრებს ისლამის იმგვარ ფორმად, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ინდივიდუალურ თავისუფლებებს, ურთიერთპატივისცემასა და ტოლერანტობას სხვა რწმენებისა თუ ხედვების მიმართ.

ისლამური ექსტრემიზმი განსხვავებულია ისლამური ფუნდამენტალიზმისა და ისლამიზმისგან, ეს ტერმინები პოლიტიკურ ისლამთანაა დაკავშირებული. ისლამური ექსტრემიზმს წარმოადგენს ისლამური ტერორიზმი და ჯიჰადი.

მემარჯვენე ექსტრემიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემარჯვენე ექსტრემიზმი არის ტერორიზმი, რომელიც განპირობებულია მემარჯვენე იდეოლოგიები მიერ, უმეტესწილად ნეონაცისტური, ნეოფაშიტური, ეკოფაშისტური, თეთრი ნაციონალისტური, ეთნონაციონალისტური, რელიგიურ ნაციონალისტური და ანტისამთავრობო პატრიოტული ხედვებით, მათ შორის აბორტისა და გადასახადების საწინააღმდეგო პოზიციები. თანამედროვე მემარჯვენე ტერორიზმი 1970-იან წლებში დასავლეთ ევროპაში წარმოიქმნა, ხოლო 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგეგ იგი აღმოსავლეთ ევროპაშიც გაჩნდა.

მემარჯვენე ექსტრემიზმის მიზანია გადააგდოს მთავრობები და ჩაანაცვლოს ისინი ნაციონაილისტური ან/და ფაშისტური რეჟიმებით. მათ ჯერათ, რომ მათი ქმედებები გამოიწვევს იმ პროცესს, რომელიც ჩამოაყალიბებს ავტორიტარულ ხელისუფლებებს. ხშირად, მათი ინსპირაცია ფაშისტური იტალია და ნაცისტური გერმანიაა, თუმცა მათ ხედვებს თანმიმდევრულობა ხშირად აკლია ხოლმე.

მემარჯვენე ექსტრემისტების სამიზნე უმეტესწილად ის პირებია, რომლებიც მათი აზრით სხვა კომუნის წევრები არიან, მათ შორის მათი პოლიტიკური ოპონენტები, მემარცხენე დაჯგუფებები და ინდივიდები. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მემარჯვენე ექსტრემისტები მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებებს კოლექტიურად ესხმიან თავს, შესაბამისად სამიზნე ობიექტი არა კონკრეტული პირი, არამედ ადამიანთა მთელი ჯგუფია.

მემარცხენე ექსტრემიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემარცხენე ექსტრემიზმი, ხშირად როგორც მას მაქრსისტ-ლენინისტურ ტერორიზმს უწოდებენ, არის ტერორიზმის ტიპი, რომელიც მოწოდებულია დაანგრიოს კაპიტალისტური სისტემა და ჩაანაცვლოს იგი მარქსისტ-ლენინისტური ან სოციალისტური საზოგადოებებით. მემარცხენე ექსტრემიზმი მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ეროვნულ მთავრობებსა და პოლიტეკონომიას შორის ურთიერთობა სულ უფრო მინიმალურ სახეს იძენს.

მემარცხენე ექსტრემისტული ჯგუფებების უმრავლესობა 1970-იან, 1980-იან წლებში ოპერირებდა, ხოლო 1990-იან წლებში მათი რიცხვი შემცირდა. მემარცხენე ტერორიზმმა თანდათანობით დასავლური განვითარებული სამაყაროდან განვითარებად სამყაროში გადაინაცვლა.

მემარცხენე ტერორიზმი იდეოლოგიურად მოტივირებულია. მემარცხენე ექსტრემისტები თვლიან, რომ ეთნოსეპარატისტული ტერორიზმისგან განსხვავებით, მათი რევოლუციური მიზნები არ შეიძლება შეთანხმდეს და კომპრომისი მიიღწეს. მიუხედავად ამგვარი განსხვავებისა, მემარცხენე ექსტრემისტრები ხშირად გამოთქვამენ სოლიდარობას ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობების და მათი ტერორიზმის მიმართ. ამის მაგალითებს წარმოადგენენ ირლანდიელი ნაციონალისტების, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა და სამხრეთ ამერიკული ტუპამაროსის მხარდაჭერა. მათ მემარცხენეები კაპიტალიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ნაწილად მოაზრებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ნაციონალური სენტიმენტები სოციო-ეკონომიკური პირობებითაა განპირობებული, სეპარატისტული მოძრაობებიც თავის ხედვებში კომუნისტური და სოციალისტური იდეოლოგიის თეორიები შეაქვთ.

მემარცხენე ექსტრემისტები მათი მემარჯვენე ოპონენტებისგან განსხვავებით, თავს არ ესხმიან განურჩევლად ყველას. ისინი საკუთარ თავს მშრომელთა ფენის დამცველებად მოიაზრებენ, შესაბამისად, მხოლოდ წერტილოვანი თავდასხმებით ისინი ცდილობენ საკუთარ ბრძოლაში მშრომელების მხარდაჭერა მოიპოვონ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Definition of extremism. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 4 December 2015
  2. Extremism – definition of. The Free Dictionary. ციტირების თარიღი: 4 December 2015
  3. Mogahed, Dalia. (2006)The Battle for Hearts and Minds: Moderate vs. Extremist Views in the Muslim World. WikiLeaks.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Dr. Peter T. Coleman and Dr. Andrea Bartoli: Addressing Extremism დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. , pp. 3–4
  5. Bötticher, Astrid (2017). „Towards Academic Consensus Definitions of Radicalism and Extremism“. Perspectives on Terrorism. 11 (4): 73–77. ISSN 2334-3745.
  6. G. M. Tamás: "On Post-Fascism დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine. ", Boston Review, Summer 2000
  7. Laird Wilcox on Extremist Traits. Lairdwilcox.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-28. ციტირების თარიღი: 2013-09-08
  8. Economics at [University of Western [Ontario]]. Economics.uwo.ca. ციტირების თარიღი: 2013-09-08
  9. Wintrobe (2006), p. 5
  10. van Prooijen, Jan-Willem; Krouwel, André P. M. (2019-04-01). „Psychological Features of Extreme Political Ideologies“. Current Directions in Psychological Science (ინგლისური). 28 (2): 159–163. doi:10.1177/0963721418817755. ISSN 0963-7214.
  11. People with extreme political views 'cannot tell when they are wrong', study finds en (2018-12-17). ციტირების თარიღი: 2018-12-23
  12. van Prooijen, Jan-Willem, and André PM Krouwel. "Psychological Features of Extreme Political Ideologies." Current Directions in Psychological Science (2018): 0963721418817755.
  13. Letter From a Birmingham Jail - The Martin Luther King, Jr., Research and Education Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 18 October 2018
  14. What Martin Luther King taught me about extremism (29 August 2013). ციტირების თარიღი: 18 October 2018
  15. Washingtonpost.com: Goldwater Speech. ციტირების თარიღი: 18 October 2018
  16. Paul Goble. (29 March 2015) FSB Increasingly Involved in Misuse of 'Anti-Extremism' Laws, SOVA Says. ციტირების თარიღი: 2015-04-01