ოთარ შალიკაშვილი (პოლკოვნიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ იოსებ დიმიტრის ძე შალიკაშვილი (დ. 26 აგვისტო, 1933, მილანუვეკი, პოლონეთი) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი საქართველოს საკითხებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ იოსებ შალიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 26 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ მილანუვეკში ქართველი ემიგრანტი ოფიცრის, დიმიტრი შალიკაშვილის, ოჯახში.

დიმიტრი შალიკაშვილი 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში მსახურობდა. წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ ემიგრაციაში – პოლონეთში წავიდა. მან ცოლად შეირთო პეტერბურგიდან ვარშავაში ემიგრირებული გენერლის ასული – გრაფინია მარია რიუდიგერ-ბელიაევა. მათ სამი შვილი შეეძინათ: ოთარი, მალხაზი და გეილი. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად გერმანელების მიერ შექმნილ ქართულ ბრიგადაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. ის ბრიტანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ომის დასრულეამდე ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. 1944 წელს საბჭოთა არმიის პოლონეთის ტერიოტრიაზე შესვლის გამო დიმიტრის მეუღლე შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა. ომის დამთავრების შემდეგ დიმიტრი გაანთავისუფლეს და 1952 წელს შალიკაშვილების ოჯახი აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში დასახლდა.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ შალიკაშვილმა სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს რიგით ჯარისკაცად დაიწყო. 1955 წელს ოფიცერთა წვრთნის კურსების დამთავრების შემდეგ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიას და მონაწილეობდა სპეციალური მომზადების რაზმის საკვალიფიკაციო კურსებში. 1958 წელს დაამთავრა პეორიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკლტეტი და გახდა ქვეითი ჯარების სერჟანტი. დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ის ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში.

1967-1968 და 1971-1972 წლებში იბრძოდა ვიეტნამში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. 1970 წლის დეკემბრიდან 1971 წლის მაისამდე მეთაურობდა 506-ე საჰაერო-სადესანტო რაზმს.

1977-1978 წლებში ხელმძღვანელობდა შეიარაღებული ჯარების მეათე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფს. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის, არმიის დეპარტამენტის შტაბ-ბინის სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.

პოლკოვნიკის ჩინით თადარიგში გასული ოთარ შალიკაშვილი 1980-1990-იან წლებში უძღვებოდა ევროპაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებებში, როგორც ამ სწავლებების უფროსი ხელმძღვანელი. იგი ამზადებდა აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის.

პოლკოვნიკი შალიკაშვილი 2001 წელს დაინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის მრჩევლად საქართველოს საკითხებში. მას დიდი როლი მიუძღვის ქართული პროფესიული არმიის ჩამოყალიბებაში. 2001-2005 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას". ასევე არის ამერიკის შეერებული შტატების ქართული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ძმები შალიკაშვილები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარი თავის ძმასთან, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვლთან, ერთად პირველად საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებულები. მომდევნო ვიზიტისას, 1995 წელს, ძმებმა გურჯაანში წინაპართა საფლავები მოინახულეს. 2001 წლის 15 სექტემბერს შალიკაშვილების საგვარეულო სახლში გაიხსნა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი. მუზეუმის გახსნას ოთარ და მალხაზ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. ძმებმა მუზეუმს პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ გადაცემული საჩუქრები, დოკუმენტური და ფოტო მასალები უსახსოვრეს.

1965 წელს ოთარ შალიკაშვილმა იქორწინა ჯანეტ სომერზე. შეეძინათ ორი შვილი – დევიდ მაიკლი (1967) და ემა თამარა (1969).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]