ლორან გბაგბო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორან გბაგბო
ლორან გბაგბო
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი 2000 – 11 აპრილი 2011
წინამორბედი რობერტ გეი
მემკვიდრე ალასან უატარა

დაბადებული 31 მაისი 1945
გაგნოა, კოტ-დ’ივუარი
პოლიტიკური პარტია კოტ-დ’ივუარის სახლხო ფრონტი
მეუღლე სიმონა გბაგბო
პროფესია ისტორიკოსი
რელიგია კათოლიკე

ლორან კუდუ გბაგბო (ფრანგ. Laurent Koudou Gbagbo, დ. 31 მაისი 1945, გაგნოა, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 2000 წლის 26 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 აპრილამდე. გამოდიოდა ფელიქს უფუე-ბუანის დიქტატურის წინააღმდეგ, რისთვისაც იყო პატიმრობაში. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლორან კუდუ გბაგბო დაიბადა 1945 წლის 31 მაისს მამას დეპარტამენტის ქალაქ გაგნოაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. ოჯახის ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალი იყო. 1948 წელს მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ლორანის დედამ მარტომ გაზარდა შვილები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი ცხოვრება. 1958 წელს ლორანი შევიდა გაგნოას პატარა კათოლიკურ სემინარიაში. 1965 წელს კი დაამთავრა აბიჯანის ლიცეუმი და მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის წოდება. 1969 აბიჯანის უნივერსიტეტმა მისცა ისტორიკოსის ლიცენზია.

კარიერა[რედაქტირება]

1970 წელს მომავალმა პრეზიდენტმა მუშაობა დაიწყო ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად აბიჯანის კლასიკურ ლიცეუმში. ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა პროფკავშირულ ასპარეზზე და შეუერთდა არალეგალური ოპოზიციის რიგებს. არალეგალურმა მოღვაწეობამ და ლექციების შინაარსმა, რომელსაც უკვე აბიჯანის უნივერსიტეტში კითხულობდა, გამოიწვია მისი ციხეში გამოკეტვა 1971 წლის მარტიდან 1973 წლის იანვრამდე. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 1974 წლიდან მუშაობა დაიწყო აბიჯანის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1979 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზის უნივერსიტეტის ფილიალში - თემა "კოტ-დ’ივუარის პოლიტიკის სოციალ-ეკონომიკური ღერძი 1940-1960 წლებში".

1980 წელს გბაგბო გახდა აბიჯანის ისტორიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორი. აქტიურად მონაწილეობდა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მუშაკთა პროფკავშირის საგაფიცვო მოძრაობებში.

1982 წელს გბაგბომ ჩამოაყალიბა არალეგალური გაერთიანება, რომლის ბაზაზეც ფაქტიურად ჩამოყალიბდა "კოტ-დ’ივუარის სახალხო ფრონტი". სულ მალე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად გბაგბო იძულებული იყო დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო ემიგრაციაში საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ემიგრაციის პერიოდში ჩამოყალიბდა გბაგბოს მთავარი პოლიტიკური იდეები. მეგობრობდა გი ლაბერტისთან, რომელიც იყო გაერთიანებული სოციალისტური პარტიის საერთაშორისო მდივანი და ხელმძღვანელი ჟურნალ "Libération Afrique"-ის მთავარი რედაქტორი. 1983 წელს სწორედ ამ ჟურნალის აკრედიტაციის ბარათით გაემგზავრა ქალაქ ბურგ-ან-ბრესსში სოციალისტური პარტიის ყრილობაზე. 1986 წელს ჟაკ შირაკის მთავრობამ დაიწყო მისი შევიწროება, რომლის მიზანი იყო განედევნათ გბაგბო ქვეყნიდან.

ლორან გბაგბო სამშობლოში დაბრუნდა 1988 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ფელიქს უფუე-ბუანის თანხმობით. მასზე მრავალრიცხოვანი შეტევის შემდეგ (ბრალდება, თითქოს მას აფინანსებდა ერთ-ერთი დასავლური სახელმწიფო) უფუე-ბუანმა შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა:"ხე არ ბრაზდება ჩიტზე".

1988 წლის 13 სექტემბერს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გბაგბოს ინიციატივით მოიწვიეს კოტ-დ’ივუარის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი კრება (19-20 ნოემბერი), რომელზედაც აირჩიეს პარტიის გენერალურ მდივნად.

1988-1997 წლებში - კოტ-დ’ივუარის სახალხო ფრონტის გენერალური მდივანია, ხოლო 1997-2000 წლებში — კოტ-დ’ივუარის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე.

1990 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წინააღმდეგობა გაუწია პრეზიდენტ უფუე-ბუანს და მიიღო ხმების 18,3 %. 1990 წლის ნოემრის საპარლამენტო არჩევნებში კი გაიმარჯვა ოურაგაჰიოს რაიონში და მაჟორიტარული სიით გახდა პარლამენტის წევრი. 1990-1995 წლებში იყო სახალხო ფრონტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე. 1995 წლის არჩევნებს სახალხო ფრონტმა ბოიკოტი გამოუცხადა. 1996 წელს კი გბაგბო ხელახლა აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად.

სახალხო ფრონტის მესამე ყრილობაზე (9 -11 ივლისი 1999 წელი), გბაგბო დაასახელეს 2000 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად. მაგრამ არჩევნებამდე 1999 წლის დეკემბერში ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო რობერტ გეიმ. თავისივე ჩატარებულ არჩევნებში რობერტ გეი დამარცხდა და იძულებული იყო ქვეყნიდან გაქცეულიყო. პრეზიდენტი კი 59,4 %-იანი რეზულტატით გახდა ლორან გბაგბო.

2002 წელს კოტ-დ'ივუარში დაიწყო სამოქალაქო ომი, მას შემდეგ, რაც გბაგბომ უარი თქვა გადამდგარიყო ან შეეზღუდა საპრეზიდენტო უფლებები. შეიარაღებული აჯანყება საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგად დარეგულირდა 2007 წლის 4 მარტს, ბურკინა ფასოში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომლის შედეგად აჯანყებულების ლიდერი გიიომ სორო დაინიშნა პრემიერ-მინისტრად.

დამხობა[რედაქტირება]

2010 წლის 28 ნოემბერს ქვეყანაში მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც 54,10 % ხმით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალასან უატარამ. ჩრდილოეთის 7 რეგიონში, რომლებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა უატარამ, არჩევნების შედეგები გააუქმეს[1].

გბაგბოც და უატარაც თავს გამარჯვებულად აცხადებდნენ. უატარამ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა[2][3].

2011 წლის 30 მარტს ალასან უატარას მხარდამჭერებმა აიღეს დედაქალაქი იამასუკრო[4]. 4 აპრილს ბრძოლაში ერთვებიან გაეროსა და საფრანგეთის ძალები[5]. 11 აპრილს ლორან გბაგბო აბიჯანში მდებარე მის რეზიდენციაში დააპატიმრეს[6]

სასამართლო[რედაქტირება]

2011 წლის 30 ნოემბერს ლორან გბაგბო ჰააგის სასამართლოს გადასცეს მეორე სამოქალაქო ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის[7].

ოჯახი[რედაქტირება]

1970 წელს ლორან გბაგბო დაქორწინდა ასევე ქრისტან სიმონ ეივეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
რობერტ გეი
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი

20002011
შემდეგი:
ალასან უატარა