კირინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირინო
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა აგლიპაი, კაბაროგისი, დიფუნი, მადელა, ნაგტიპუნანი და საგუდაი
კოორდინატები 16°17′00″ ჩ. გ. 121°35′00″ ა. გ. / 16.28333° ჩ. გ. 121.58333° ა. გ. / 16.28333; 121.58333
მმართველი Dakila Cua
დაარსდა 1971
ფართობი 3323.47 კმ²
მოსახლეობა 203 828 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3400–3405
ოფიციალური საიტი http://www.quirinoprovince.org
კირინო — ფილიპინები
კირინო

კირინო (ილოკ: Probinsia ti Quirino) ― ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში, კაგაიანის ხეობის რეგიონში, ლუსონზე. კირინოს პროვინციული დედაქალაქია კაბაროგისი. პროვინციას სახელი ეწოდა ფილიპინების მეექვსე პრეზიდენტის, ელპიდიო კირინოს საპატივცემულოდ.

პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთით აურორა მდებარეობს, დასავლეთით ― ნუევა-ვისკაია, ხოლო ჩრდილოეთით ― ისაბელა. წარსულში პროვინცია ნუევა-ვისკაიის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც 1966 წელს გამოეყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბებამდე კირინო ნუევა-ვისაკაიას შემადგენლობაში შედიოდა და ნეგრიტოსების ტომებით იყო დასახლებული. ისინი პროვინციის ჰინტერლანდებისკენ გადაადგილდებოდნენ და ქოხებს ჯუნგლების გულში აშენებდნენ.

1966 წლის 18 ივნისს №4734 რესპუბლიკური აქტის ამოქმედების შემდეგ ნუევა-ვისკაიის პროვინციის მუნიციპალიტეტები: დიფუნი, საგუდაი, აგლიპაი და მადელა, ქვეპროვინციად ჩამოყალიბდა და ფილიპინების პრეზიდენტის, ელპიდიო კირინოს საპატივცემულოდ კირინო ეწოდა.[2][3]

1969 წლის 21 ივნისს №5554 რესპუბლიკური აქტის ამოქმედების შემდეგ დიფუნის, საგუდაისა და აგლიპაის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კაბაროგისის მუნიციპალიტეტი (ამჟამად პროვინციული დედაქალაქი) შეიქმნა.[3][4]

1971 წლის 10 სექტემბერს, სენატორ ლეონარდო ბ. პერესის ინიციატივით, №6394 მიიღეს, რომლის საფუძველზეც კირინოს ქვეპროვინცია ნუევა-ვისკაიას გამოეყო და რეგულარულ პროვინციად გარდაიქმნა.[3][5]

კირინოს პროვინცია ოფიციალურად შეიქმნა 1972 წლის 10 თებერვალს. პირველ ოფიციალურ არჩევნებში პროვინციის გუბერნატორად დიონისიო ა. სარანდი აირჩიეს.

1983 წლის 25 თებერვალს კირინოს პროვინციის შემადგენობაში ნაგტიპუნანის მუნიციპალიტეტიც შევიდა.[6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი რუკა, რომელზეც კირინოს დღევანდელი ტერიტორიებია ნაჩვენები, როგორც ნუევა-ვისკაიას ნაწილი

კირინოს საერთო ფართობი 2 323.47 კმ²-ია. პროვინცია კაგაიანის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია მდინარე კაგაიანის აუზის ზემო წელს მოიცავს. კირინოს ჩრდილოეთით ისაბელას პროვინცია, აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ― აურორა, ხოლო დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით ― ნუევა-ვისკაია.

პროვინციის აღმოსავლეთი და სამხრეთი საზღვრის ბუნებრივ ბარიერს სიერა-მადრეს მთიანეთი წარმოადგენს, ხოლო დასავლეთი ნაწილისთვის ― მამპარანგის ქედი. კირინო მთიანი პროვინციაა. ტერიტორიის 80%-ს მთები და მაღლობები იკავებს. პროვინციის დიდ ნაწილი კირინოს დაცულ ლანდშაფტს უკავია.

პროვინციის შემადგენლობაში 6 მუნიციპალიტეტი შედის: აგლიპაი, კაბაროგისი, დიფუნი, მადელა, ნაგტიპუნანი და საგუდაი.

კირინო 131 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი გუნდავაის (პობლასიონი კაბაროგისში) ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა ― რანგ-აიანში (ბარანგაი აგლიპაიში).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირინოს პოლიტიკური დაყოფა

2020 წლის აღწერით, კირინოს მოსახლეობა 203 828 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 88 ადამიანია 1 კმ²-ზე. მოსახლეობის უმრავლესობა ილოკანურ და იფუგაოს ენებზე საუბრობს. საუბრობენ პანგასინანურ, ტაგალურ და ინგლისურ ენაზე.

მოსახლეობის უმრავლესოობა (54%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.[7] მოსახლეობის 20%-ს ევანგელისტები და გაერთიანებული მეთოდისტები შეადგენენ.[8] მცირე ნაწილი ადგილობრივი რელიგიების მიმდევარია. ქრისტიანული კონფესიებიდან პროვინციის მოსახლეობის ნაწილი (5%-ზე მეტი) ქრისტეს ეკლესიის მრევლს წარმოადგენს.[9] კირინოელთა ნაწილი პროტესტანტიზმისა და აგლიპაიანური ეკლესიის მიმდევარია. პატარა რელიგიურ ჯგუფებს მუსლიმები წარმოადგენენ.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კაგაიანის აუზი ქალაქ მადელას მახლობლად

პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. მთავარი პროდუქტი ბრინჯი და სიმინდია.[10] პროდუქტის ექსპორტი ძირითადად მახლობელ პროვინციებსა და ეროვნული დედაქალაქის რეგიონში ხდება. კირინო ანანის მოწინავე მწარმოებელია კაგაიანის ხეობის რეგიონში.[10] მცირე მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია ავეჯის წარმოება, კალათების წარმოება და სხვ.

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის პროვინციის გუბერნატორი დაკილა კარლო ე. კუაა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი ― ხულიუს სესარ ს. ვაკილარი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციის წარმომადგენელია ხუნიე ე. კუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Republic Act No. 4734 - An Act Creating the Subprovince of Quirino in the Province of Nueva Vizcaya. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  3. 3.0 3.1 3.2 Brief History of Quirino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2021.
  4. Republic Act No. 5554 - An Act Amending Republic Act Numbered Four Thousand Seven Hundred And Thirty-four, Entitled, "An Act Creating the Subprovince of Quirino in the Province of Nueva Vizcaya," and for Other Similar Purposes. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  5. Republic Act No. 6394: An Act to Separate the Subprovince of Quirino from the Province of Nueva Vizcaya and Constitute It into a Regular Province to be Known as the Province of Quirino. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  6. Batas Pambansa Blg. 345 – An Act Creating the Municipality of Nagtipunan, in the Province of Quirino. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  7. MAP: Catholicism in the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-22. ციტირების თარიღი: 2021-11-24.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-14. ციტირების თარიღი: 2021-11-24.
  9. MAP: Iglesia ni Cristo in the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-24. ციტირების თარიღი: 2021-11-24.
  10. 10.0 10.1 The Province of Quirino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2021.