დავაო-დე-ორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავაო-დე-ორო
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ნაბუნტურანი
შიდა დაყოფა კომპოსტელა (დავაო-დე-ორო), ლააკი (დავაო-დე-ორო), მაბინი (დავაო-დე-ორო), მაკო (დავაო-დე-ორო), მარაგუსანი, მავაბი, მონკაიო, მონტევისტა, ნაბუნტურანი, ახალი ბატაანი და პანტუკანი
კოორდინატები 7°36′00″ ჩ. გ. 125°57′00″ ა. გ. / 7.60000° ჩ. გ. 125.95000° ა. გ. / 7.60000; 125.95000
მმართველი Jayvee Tyron L. Uy
დაარსდა 8 მარტი, 1998
ფართობი 4479.77 კმ²
მოსახლეობა 767 547 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 87
საფოსტო ინდექსი 8800–8810
ოფიციალური საიტი http://www.davaodeoro.gov.ph/
300
300

დავაო-დე-ორო (ოპფიციალურად დავაო-დე-ოროს პროვინცია; სებ: Lalawigan sa Davao de Oro) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს მინდანაოში, დავაოს რეგიონში. დედაქალაქია ნაბუნტურანი. წარსულში შედიოდა ჩრდილოეთ დავაოს პროვინციის შემადგენლობაში, რომელსაც 1998 წელს გამოეყო.

პროვინციას დასავლეთიდან ჩრდილოეთი დავაო ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — სამხრეთი აგუსანი, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით დავაოს ყურეა გადაჭიმული. პროვინციის პირველი გუბერნტორი ხოსე კაბალიერო იყო.

ადრე პროვინციას კომპოსტელის ხეობას უწოდებდნენ (სებ: Kawalogang Kompostela). 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული პლებისციტის შემდეგ პროვინციას დავაო-დე-ორო ეწოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავაო-დე-ორო ფილიპინების 78-ე პროვინციაა. იგი 1998 წლის 30 იანვარს 8470-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ შეიქმნა, რომელსაც პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა მოაწერა ხელი. ოფიციალურად ახალ პროვინციას კომპოსტელის ხეობა ეწოდა. იმავე წლის 7 მარტს პროვინციის მუნიციპალიტეტებში სახელწოდების ცვლილების რატიფიცირებისთვის პლებისციტი ჩატარდა.[2]

ჩრდილოეთ დავაოდან პროვინციის გამოყოფის საკითხი 1980-იან წლებში გახდა აქტიური, სენატორ ლორენსო ს. სარმიენტოს დროს, რომელმაც თავად შეიმუშავა 6430-ე რესპუბლიკური აქტი. გარდაცვალების შემდეგ ეს საკითხი მისმა ვაჟმა, როგელიო მ. სარმიენტომ წამოსწია წინა პლანზე.

1955 წელს ახალი საბონგის ბარანგაი ასუნსიონის მუნიციპალიტეტიდან კომპოსტელის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნა. 1957 წლის 23 ივნისს პრეზიდენტმა კარლოს გარსიამ ხელი მოაწერა 2038-ე რესპუბლიკურ აქტს, რომლის საფუძველზეც კომპოსტელა ნაბუნტურანს გამოეყო. პირველ მერად პიო გალენსოგა დაინიშნა.[3] იმავე წელს კაოს, მაგკაგონგის, მარგოსანის, მატილოს, მაგანგიტის, კაბაკუნგანის, ტიგბატინაოსა და კამანლანგანის სიტიოები სანტო-ნინიოს ბარანგაიში გაერთიანდა.[4]

კომპოსტელის ხეობის დავაო-დე-ოროდ გადარქმევის შესახებ კანონპროექტი სენატმა 2019 წელს მიიღო. პროვინციული მოხელეები, რომლებსაც გუბერნატორი ხავიე ტირონ იუ ხელმძღვანელობდა, ფიქრობდნენ, რომ პროვინციის დასახელება მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან მიმართებაში გაუგებრობებს ქმნიდა და ზოგჯერ სახელწოდება კაგაიანის ხეობასთან და სებუში მდებარე კომპოსტელასთან ასოცირდებოდა. პლებისციტი 2019 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობას პროვინციის სახელის ცვლილებას დაუჭირა მხარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავაო-დე-ოროს პოლიტიკური რუკა

დავაო-დე-ოროს ფართობი 4 479.77 კმ²-ია. ის დავაოს რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთიდან ჩრდილოეთი დავაო ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — სამხრეთი აგუსანი, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით დავაოს ყურეა გადაჭიმული. დავაო-დე-ორო 11 მუნიციპალიტეტად იყოფა, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით, დავაო-დე-ოროს მოსახლეობა 736 107 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 160 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციის მოსახლეობის უმრაბლესობა სებუდან, სამარიდან, ბოჰოლიდან და ვისაიასის სხვა პროვინციებიდან ჩამოსული მიგრანტები არიან. პროვინციის კულტურულ უმიცრესობას კალაგანები, მანსაკები, მანდაიები, დიბაბავონები, მანგუანგანები და მანობოები წარმოადგენენ.

დავაო-დე-ოროს მოსახლეობის უმრავლესობა სებუანურ ენაზე საუბარობს. პროვინციის მოსახლეობის მეორე ენებია: კალაგანის, მანსაკის, მანგაიის, ატას მანობოს, დიბაბავნონის, ტაგალური და ინგლისური ენები.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობას რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები წარმოადგენენ.[5] ისინი მოსახლეობსი 74%-ს შეადგენენ. მოსახლეობის 15% პროტესტანტიზმის მიმდევარია,[6] 2% - ქრისტეს ეკლესიის.[7] სხვა რელიგიური უმცირესობებს სუნიტი ისლამისტები და ანიმისტები მიეკუთვნებიან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს აუდიტის კომისიამ დავაო-დე-ორო ფილიპინების მეორე უმდიდრეს პროვინციად დაასახელა.[8] იმავე წელს პროვინციულმა მთავრობამ რეკორდულად მაღალი, 18.75 მილიარდი ფილიპინური პესოს ღირებულების აქტივები დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მინდანაოში.[9] პროვინციის სიმდიდრეზე ბიზნეს ცენტრების სიმრავლე, ბანანის პლანტაციები, ოქროსა და ვერცხლის მაღაროების სიმრავლე და სანტრასპორტო ინფრასტრუქტურა მიანიშნებს.

პროვინცია ფილიპინების მასშტაბით ოქროს ერთ-ერთ უდიდესი დეპოზიტს ფლობს. 11 ქალაქიდან ათს ოქროს მაღაროები აქვს, რომელთა შორისაც უდიდესი მონკაიოსთან მდებარე დივავალის მთაშია განთავსებული.[10] ოქროს მაღაროები პროვინციულ დედაქალაქ ნაბუნტურანშიც მდებარეობს.

პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: ბრინჯი, არაქისი, კაკაო, ყავა, პაპაია, მანგო, ქოქოსი და ბანანი. პროვინციის მოსახლეობის მცირე ნაწილს თევზის გუბურები აქვს.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავაო-დე-ოროს აღმასრულებელი ხელისუფლები მეთაური გუბერნატორია. ვიცე-გუბერნატორი დავა-დე-ოროს პორვინციული საბჭოს, პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეა. ყოველი მუნიციპალიტეტი საკუთარ მერსა და ვიცე-მერს ირჩევს, რომელიც მუნიციპალურ საბჭოს ხელმძღვანელობს. პროვინცია ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ორი დეპუტატითაა წარმოდგენილი. პროვინციის თითო საკანონმდებლო რაიონიდან 1 დეპუტატი აირჩევა. პროვინციის რეგიონული სასამართლო ნაბუნტურანში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Republic Act No. 8470; An Act Creating the Province of Compostela Valley from the Province of Davao del Norte, and for Other Purposes. Congress of the Philippines (30 January 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 March 2016.
  3. An Act Dividing the Municipality of Compostela, Province of Davao, into Two Municipalities, One to Retain the Name "Compostela," and the Other to Be Known As the Municipality of Nabunturan. LawPH.com. ციტირების თარიღი: 2011-04-11.
  4. An Act Creating the Barrio of Santo Niño, Municipality of Compostela, Province of Davao. LawPH.com. ციტირების თარიღი: 2011-04-12.
  5. Bueza, Michael. MAP: Catholicism in the Philippines.
  6. Philippine Church National Summary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-26. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  7. Bueza, Michael. MAP: Iglesia ni Cristo in the Philippines.
  8. Joseph Tristan Roxas. COA: Compostela Valley is 2nd richest province; Zambales, Pampanga enter top 10. GMA News Online. ციტირების თარიღი: 5 November 2018.
  9. Cristina E. Alivio. Comval 2nd richest province in country. SunStar Davao. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 November 2018.
  10. Carmencita A. Carillo, Maya M. Padillo. bworldonline.com/discovering-more-than-gold-in-compostela-valley/ Discovering more than gold in Compostela Valley. BusinessWorld. ციტირების თარიღი: 13 October 2016.