კერი ბრედშოუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერი ბრედშოუ
„სექსი დიდ ქალაქშის“ პერსონაჟი
SATC Carrie.png
კერი ბრედშოუ. „ნამდვილი მე“
(სეზონი 4, ეპიზოდი 2)
პირველი გამოჩენა: პილოტი
(ეპიზოდი 1.01)
შემქმნელი: კენდეს ბაშნელი
მსახიობი: სარა ჯესიკა პარკერი
ეპიზოდების რაოდენობა: 96
ინფორმაცია
სქესი: ქალი
ასაკი: 42
დაბ. თარიღი: 15 ივნისი, 1966
პროფესია: მწერალი
თანამდებობა: ავტორი ჟურნალ „ვოგში“,
მესვეტე გაზეთ „ნიუ იორკ სტარში“
მეუღლე(ები): ჯონ ჯეიმზ პრესტონი
მისამართი: ნიუ-იორკი
IMDb პროფილი

კერი ბრედშოუ (ინგლ. Carrie Bradshaw) — გამოგონილი გმირი, მთხრობელი ტელეარხ HBO-ს სიტკომ/დრამაში „სექსი დიდ ქალაქში“, რომელსაც მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი თამაშობს. ბრედშოუ ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟია, რომელიც რომანში „სექსი დიდ ქალაქში“ მწერალ კენდეს ბაშნელმა შექმნა. რომანს საფუძვლად გაზეთ „ნიუ-იორკ ობზერვერში“ თავად მწერლის მიერ გამოქვეყნებული სვეტები დაედო.

HBO-ს სერიალში, ბრედშოუ გამოგონილი ნიუ-იორკული გაზეთის — „ნიუ-იორკ სტარის“ მესვეტეა. ამას გარდა, უყვარს გართობა და მისდევს მოდას. მოგვიანებით იგი ჟურნალ „ვოგის“ შტატგარეშე ავტორი ხდება. სწორედ მისი ყოველკვირეული სვეტიდან — „სექსი დიდ ქალაქში“ მომდინარეობს სერიალის სათაური, სიუჟეტური ხაზი და თხრობა სერიალის თითოეულ ეპიზოდში.

2005 წელს, ბრავოს „სატელევიზიო პერსონაჟების 100-ეულში“ კერი ბრედშოუ პოპულარობით ნომერ 11-ე გმირად დასახელდა.[1]

პერსონაჟის ბიოგრაფია

ადრეული წლები

კერის „სერიალამდელი“ ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ სერიალის გადაღებისთვის იგი ნიუ-იორკში უკვე თვრამეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ეს კი, თავის მხრივ, ცნობილი ხდება მეოთხე სეზონში, როდესაც თავის 35-ე დაბადების დღემდე, კერი ახსენებს, რომ ქალაქთან მისი ურთიერთობა „დაახლოებით 18 წელს“ ითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ-იორკში საცხოვრებლად იგი 17 წლის ასაკისთვის გადავიდა. მისი მეგობრის — შარლოტისგან განსხვავებით, კერი შეძლებული ოჯახიდან არ ყოფილა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება თავად კერის სიტყვებიდან, რომელიც აღნიშნავს, რომ როდესაც იგი ნიუ-იორკში ჩავიდა, მას ფეხზე „კენდისები“ ეცვა და მეტროპოლიტენით მგზავრობდა. ასევე სერიალის მსვლელობისას ცნობილი ხდება, რომ კერი და დედამისი მამამ მაშინ მიატოვა, როდესაც იგი ხუთი წლის იყო. სხვა დედმამიშვილების არსებობა სერიალში ნახსენები არაა. კერი აგრეთვე გვიმხელს, რომ 1980-იან წლებში მას ერთი აბორტი აქვს გაკეთებული, რაც ოცდაორი წლის ასაკში მისი ერთი ღამის გატაცებას მოჰყვა. უმანკოება კი ვინმე სეთ ბატემანის „სუნიან ოთახში“, პინგ-პონგის მაგიდაზე დაკარგა, როდესაც იგი მე-11 კლასში იყო. მეექვსე სეზონში კერი კიდევ ერთ სკოლისდროინდელ მეგობარს, სახელად ჯერემის (მსახიობი: დევიდ დუხოვნი) ხვდება, რომელთანაც იგი „სკოლაში დაწყებულ საქმეს ასრულებს“. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის პირველ ეპიზოდში მისტერ ბიგის გაცნობამდე, იგი ბევრ ადამიანს ხვდებოდა, კერი თვლის, რომ ეს ადამიანი მისი პირველი ნამდვილი სიყვარული და მეორე ნახევარია.

ცხოვრება სერიალში

სერიალის მსვლელობისას, კერი ზოგჯერ აქტიურ, პერიოდულად კი — პასიურ მწეველად გვევლინება; უყვარს კოქტეილები, განსაკუთრებით — „კოსმოპოლიტენი“. სწორედ ამ სასმელისადმი პერსონაჟის განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ იგი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.[2] გულის სიღრმეში კერი ძველმოდური და ღრმად რომანტიკული გოგონაა, რომელიც გამუდმებით ნამდვილი სიყვარულის ძიებაშია და უარს ამბობს ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც, მისი სიტყვებით „მუცელში გაჟრჟოლებაზე ნაკლებია“. მიუხედავად ამისა, კერი გამუდმებით ეჭვობს, რომ ის არ მიეკუთვნება იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ქორწინდებიან და ბავშვებს ზრდიან.

ბინა

კერი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში — მანჰეტენზე ცხოვრობს. მისი სახლი, ე.წ ბრაუნსტოუნი, აპერ ისტ საიდზე მდებარეობს, გამოგონილი აღმოსავლეთ 73-ე ქუჩის 245-ე ნომერში (სინამდვილეში ეს სახლი მანჰეტენის ვესტ ვილიჯში მდებარეობს). მთელი სერიალის მანძილზე, კერი ამ სახლში ქირით ცხოვრობს, ხოლო მეოთხე სეზონში, იგი ყიდულობს მას. მითითებული მისამართის ადგილმდებარეობის მიუხედავად, პირველი სეზონის რამდენიმე საწყის სერიაში კერის ბინა მედისონ ავენიუს მიდამოებში მდებარე კაფეს თავზეა. თუმცა მეოთხე ეპიზოდისთვის, მისი სახლი იგივე ტიპის შენობების გარემოცვაში ხვდება და ეს ხედი სერიალის ბოლომდე ნარჩუნდება.

სვეტი

კერი ყოველკვირეული სვეტის — „სექსი დიდ ქალაქში“ ავტორია, რომელიც გამოგონილ გაზეთ „ნიუ-იორკ სტარში“ იბეჭდება. სვეტების ძირითადი თემატიკა კერის და მისი ახლო მეგობრების სექსუალური ხასიათის თავგადასავლებია, ისევე როგორც ზოგადად, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, პაემანები და ქალაქი ნიუ-იორკი. ამ სვეტის წყალობით, კერი ასე თუ ისე ცნობილი ხდება ნიუ-იორკში, ხოლო ის ადამიანები, ვინც მის სვეტს კითხულობენ, ცნობენ მას და ზოგჯერ „ხატსაც“ კი უწოდებენ. სერიალის მესამე სეზონში, კერის სვეტის მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება, რომელშიც გამოგონილ მეთიუ მაკ-კონეჰის უნდა მიეღო მონაწილეობა. მეხუთე სეზონში კი ავტორის რჩეული სვეტები წიგნად გამოიცემა.

სხვა სამუშაო

სერიალის მეოთხე სეზონის ბოლოს, კერი ჟურნალ „ვოგში“ იწყებს მუშაობას, როგორც შტატგარეშე მუშაკი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას თავის აუტანლად გამაღიზიანებელ რედაქტორთან (მსახიობი: კენდის ბერგენი) ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები ექმნება, კერი უმკლავდება სირთულეებს და მათი თანამშრომლობა მეგობრულ ხასიათს იძენს.

გარდერობი

სერიალის მსვლელობისას კერის უწოდებენ ადამიანს, რომელიც „ცხოვრობს მოდისთვის“ და თავად კერიც აღიარებს, რომ ყოფილა დრო, როდესაც მას ჟურნალი „ვოგი“ უყიდია და ამის გამო სადილის გარეშე დარჩენილა. ცნობილი ფეხსაცმლების მოყვარული კერი, რომელსაც ძვირადღირებული ფეხსაცმელი იზიდავს (კერძოდ, მანოლო ბლანიკის[3] ნაწარმი. თუმცა, მას კრისტიან ლუბუტენის[4] და ჯიმი ჩუს[5] მოდელებიც აცვია), ერთ-ერთ ეპიზოდში აღიარებს, რომ ფეხსაცმელზე მას 40 000 აშშ დოლარი აქვს დახარჯული.[6] მის ფეხსაცმელების კოლექციაში თითოეული წყვილის ფასი 450-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს და აქედან გამომდინარე, იგულისხმება, რომ კერის მინიმუმ 100 სხვადასხვა წყვილი ფეხსაცმელი აქვს.

კერი ქართველი დიზაინერების — თათა-ნაკას კაბაში.

იგი ხშირად ახამებს მაღაზიაში ნაპოვნ ვინტაჟის ტიპის ტანსაცმელს მაღალი მოდის ტანისამოსთან. სერიალის მსვლელობისას, კერი აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მაღაზიებია ბარნისი, ბერგდორფ გუდმანი და საკს ფიფზ ავენიუ. მეგობარი ბიჭის მშობლებისთვის გაცნობას კერი პრადას გაყიდვების ასისტენტებისთვის პარტნიორის წარდგენას ადარებს.[7] მისი მეგობრის — შარლოტის (მსახიობი: კრისტინ დევისი) მტკიცებით, კერიმ მას ნიუ-იორკის მოდის კვირეულის რვა შოუზე წასვლა აიძულა. ერთ-ერთ ეპიზოდში კერი საქველმოქმედო მოდების ჩვენებაში მონაწილეობაზეც კი დათანხმდა (მასში როგორც მოდელები, ისე „ჩვეულებრივი ხალხი“ იღებდნენ მონაწილეობას) იმ პირობით, რომ ტანსაცმელს თავისთვის დაიტოვებდა, რაც დოლჩე ენდ გაბანას ორიგინალი ტანისამოსი გამოდგა.[8] სხვადასხვა ეპიზოდებში კერის აგრეთვე ეცვა და ხმარობდა ისეთი დიზაინერების ტანსაცმელს და აქსესუარებს, როგორებიცაა: შანელი,[9] კრისტიან დიორი,[10] ლუი ვიუტონი,[11] ბალენსიაგა,[12] ჟივანში,[13] ალექსანდრ მაკქუინი,[14] ვივიენ ვესტვუდი,[15] რობერტო კავალი,[16] ჰელმუტ ლანგი,[17] ქლოე,[18] მარნი,[19] მარკ ჯეკობსი,[9] ჟან-პოლ გოტიე,[20] სონია რიკიელი,[20] ვერსაჩე,[21] მიუ მიუ,[11] ფენდი,[22] მისონი,[11] მოსკინო,[22] ბეტსი ჯონსონი,[23] ვერა ვონი,[24] გუჩი[25] და ბევრი სხვა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მას ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დების — თათა-ნაკას კაბაც ეცვა.[26]

თითქმის სრულიად შეუძლებელია, რომ მწირი შემოსავლების მქონე მწერალს კერისმაგვარი არაჩვეულებრივი გარდერობი ჰქონდეს.[27] კერის მის გარემოცვაშიც კი ეუბნებიან, რომ მას არ აქვს იმდენი საშუალება, რომ თავისი საყიდლებით გატაცება ბოლომდე დაიკმაყოფილოს. საყვარელი ნივთების შესაძენად, კერი ზოგჯერ ბოლომდე ხარჯავს თანხას თავის საკრედიტო ბარათებზე და საცხოვრებელი ბინის დაკარგვის წინაშე მდგარი, დანაზოგის არქონის გამო, ბინის გამოსასყიდად კრედიტსაც ვერ იღებს ბანკში. კერი აღიარებს, რომ მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი „ფეხსაცმელზე მოთხოვნილებას“ ხმარდება.

ფეხსაცმელებით გატაცება კერის პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტალია (ერთ-ერთ ეპიზოდში თავის ამ მიდრეკილებას „ტოქსიკომანიის პრობლემას“ ადარებს). საგულისხმოა მომენტი, როდესაც დასავლეთ ბროდვეიზე კერის ძარცვავენ და ქურდი მისი მანოლო ბლანიკის ვარდისფერი ნატის ღვედებიანი სანდლებით ხელში გარბის, კერი კი უყვირის, რომ ისინი მისი საყვარელი ფეხსაცმელია, რომელიც მან „ნახევარ ფასად საჩვენებელი მოდელების გაყიდვაზე“ შეიძინა.

ურთიერთობები

ინტიმური ურთიერთობები

მისტერ ბიგი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მისტერ ბიგი.
კერი და მისტერ ბიგი

„მისტერ ბიგი“ (ინგლ. Mr. Big, მსახიობი: კრის ნოთი) ჩნდება სერიალის პირველსავე ეპიზოდში, როგორც მდიდარი მამაკაცი, რომელსაც კერი მანჰეტენის ქუჩებში შემთხვევით ხვდება. მათი ურთიერთობა სიუჟეტური თაღია, რომელიც სერიალის ბოლომდე გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითარდება. თავდაპირველად, ბიგი აფრთხობდა და შიშს გვრიდა კერის. თუმცა, საბოლო ჯამში, კერი და ბიგი მეგობრულ, ხშირად ვნებიან, ურთიერთობის ეტაპზე გადადიან. მიუხედავად ამისა, სერიალის პროდიუსერის — მაიკლ პატრიკ კინგის სიტყვებით, მისტერ ბიგი „ყოველთვის თითქოსდა მიუწვდომელი“ რჩება. მისტერ ბიგის სახელი უცნობია მეექვსე სეზონის ბოლო სერიამდე, რომელშიც ცნობილი ხდება, რომ მას ჯონი ქვია.

სერიალის სრულმეტრაჟიან ვერსიაში — „სექსი დიდ ქალაქში: ფილმი“ მისტერ ბიგის სრული სახელი ჯონ ჯეიმზ პრესტონია. სწორედ ფილმში, კერი და ბიგი დაქორწინებას გადაწყვეტენ. თუმცა, ეს უფრო საქმიან გადაწყვეტილებას ჰგავს. მიუხედავად ამისა, საქორწინო ცერემონიამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიგს გააღიზიანებს მასმედიის ყურადღება და დაპატიჟებული სტუმრების რაოდენობა, რაც ქოწინებაზე უარის თქმას აიძულებს. მოგვიანებით, იგი შოშმინდება და ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოინდომებს ქოწინებას, მაგრამ შეურაცხყოფილი და გულგატეხილი კერი წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას მასთან და თავისდაუნებურად, უგულვებელყოფს მის სასიყვარულო და საბოდიშო ელექტრონულ წერილებს. საბოლოოდ, ფილმში განვითარებული კონკრეტული მოვლენების შემდეგ, წყვილი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს და რიგდებიან. კერი და ბიგი ხელახლა განამტკიცებენ თავიანთ გრძნობებს და კონფიდენციალურ ვითარებაში ქორწინდებიან (ისე როგორც ეს კერის თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული).

აიდენ შოუ

კერი და აიდენი

აიდენ შოუ (ინგლ. Aidan Shaw, მსახიობი: ჯონ კორბეტი), მანჰეტენზე მომუშავე ავეჯის დიზაინერი, მისტერ ბიგის შემდეგ, კერის ყველაზე სერიოზული გატაცებაა, რომელსაც მას მეგობარი — სტენფორდ ბლეჩი (მსახიობი: უილი გარსონი) აცნობს. მათი პირველი ურთიერთობა მთავრდება მაშინ, როდესაც შარლოტის პირველი ქორწილის დღეს კერი აღიარებს, რომ მას მისტერ ბიგთან ფარული ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით სერიალში, ისინი რიგდებიან და ინიშნებიან. თუმცა, ნიშნობას ბოლო ეღება მაშინ, როდესაც კერი აღმოაჩენს, რომ ის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად — აიდენთან ქორწინებისთვის არ არის მზად; აიდენს კი არ სურს ლოდინი. მეექვსე სეზონის პირველ ეპიზოდში კერი აიდენს შემთხვევით ხვდება ქუჩაში, სადაც იგებს, რომ აიდენი თავის კოლეგაზე — ავეჯის დიზაინერ კეთიზეა დაქორწინებული და მათ საერთო ვაჟიშვილი, სახელად ტეიტი, ჰყავთ (სერიალში მას სარა ჯესიკა პარკერის ნამდვილი შვილი თამაშობს). აიდენი და კერი მომავალში ჭიქა ყავასთან დასხდომაზე თანხმდებიან და ამ დროს კადრს კერის ხმა ედება, სადაც იგი ამბობს: „არსებობენ ადამიანები, რომელთა შენარჩუნებას თავდაუზოგავად ცდილობ; არსებობენ ისეთებიც, როდესაც ორივემ იცით, რომ ვერასოდეს შეინარჩუნებთ ერთმანეთს“. ამის შემდეგ, კერი გარბის და უკან არ იყურება, აიდენი კი თვალს ადევნებს. აქ იგულისხმება ის, რომ ისინი, საბოლოდ, ასე თუ ისე შეეგუენ იმ ტკივილს, რომელიც ერთმანეთს მიაყენეს.

ჯეკ ბერგერი

კერი და ჯეკ ბერგერი

აიდენთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, კერი გარკვეული წარმატების მქონე მწერალთან — ჯეკ ბერგერთან (ინგლ. Jack Berger, მსახიობი: რონ ლივინგსტონი) იწყებს შეხვედრებს. კერი მას თავისი გამომცემლის (მსახიობი: ემი სედარისი) ოფისში, მომავალ წიგნზე საუბრისას ხვდება. ბერგერი რომანისტია და კერის, როგორც საერთაშორისო მასშტაბის მწერლის, ახლადმიღწულ წარმატებას და დიდ ჰონორარებს არასაიმედოდ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობის დასაწყისი სირთულეებით იყო სავსე (ბერგერს თავის უჩინარ პარტნიორთან — ლორენთან უნდა შეეწყვიტა კონტაქტი), წყვილი მაინც შედგება. მათი ურთიერთდამოკიდებულება თამაშს მოგვაგონებს. კერი თავდაპირველად საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს. მალე ის კიდევ უფრო წარმატებული ხდება, სწორედ მაშინ, როდესაც ბერგერს უარს ეუბნებიან თავისი მეორე რომანის გამოცემაზე. ამ დროს მათი ურთიერთობა უარესდება და წყვილი „შესვენებას“ გადაწყვეტს. მოგვიანებით ბერგერი ბრუნდება, კერის სიყვარულში უტყდება და კიდევ ერთ შანსს სთხოვს. თუმცა, შუაღამისას, როდესაც კერის სძინავს, ბერგერი ტოვებს მას. დაშორების საშუალებად ბერგერი მისაწებებელ ქაღალდს იყენებს, რომელზეც კერის ასეთ ტექსტს უტოვებს: „ბოდიში, არ შემიძლია. ნუ შემიზიზღებ“. მისი მოულოდნელი გაუჩინარების შემდეგ, ბერგერს მხოლოდ ერთ ეპიზოდში ახსენებენ — როდესაც კერი ბარში მის მეგობრებს ხვდება და სთხოვს, ბერგერს გადასცენ, რომ მის მიერ არჩეული დაშორების მეთოდი უხეში და პათეტიკური იყო. შემდეგ კერი თავის ამ საქციელს ნანობს.

ალექსანდრ პეტროვსკი

კერი და ალექსანდრ პეტროვსკი

ალექსანდრ პეტროვსკის (ინგლ. Aleksandr Petrovsky, მსახიობი: მიხაილ ბარიშნიკოვი) კერი მეექვსე სეზონში ხვდება და მასთან ურთიერთობას იწყებს. იგი მდიდარი, წარმატებული და უფროსი ასაკის რუსი ხელოვანია. კერის სიამოვნებს მასთან ურთიერთობა, მაგრამ პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ ალექსანდრს უკვე ჰყავს ოც წელს გადაცილებული ქალიშვილი და შვილების ყოლა აღარ სურს. კერი იძულებულია გააკეთოს არჩევანი პეტროვსკისთან ხანგრძლივ ურთიერთობასა და შვილების ყოლის პერსპექტივას შორის. პერტროვსკის ეგოიზმისა და იმ ფრაზის მიუხედავად, — რომ კერი მისი „არა მეგობარი, არამედ საყვარელია“, — კერი ურთიერთობის გაგრძელებას ირჩევს. და ეს მაშინ, როდესაც არსებობდა აშკარა ალბათობა იმისა, რომ პეტროვსკი კერის ემოციურად ვერასოდეს დააკმაყოფილებდა.

მოგვიანებით, პეტროვსკი კერის თავისი სამსახურისა და ნიუ-იორკის მიტოვებას სთხოვს და მასთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადასვლას სთავაზობს. დაყოლიების რამდენიმე მცდელობის შემდეგ, კერი შემოთავაზებას თანხმდება, მაგრამ როგორც კი პარიზში ჩადის, იგი სევდიანად და დაბნეულად გრძნობს თავს: კერიმ არ იცის ფრანგული, პეტროვსკი კი თავისი კარიერის გამო, ხშირად ტოვებს მას მარტო. კერი წყვეტს მასთან ურთიერთობას და მის წასაყვანად ჩამოსულ „მისტერ ბიგთან“ ერთად, სერიალის ფინალურ ეპიზოდში, ისევ ნიუ-იორკში ბრუნდება.

სქოლიო

  1. Bravo > 100 Greatest TV Characters
  2. http://www.tvguide.com/movies/sex-city/review/290621
  3. HBO.com მე-13 ეპიზოდის მოდის ტიტრები
  4. HBO.com 90-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  5. HBO.com მე-5 ეპიზოდის მოდის ტიტრები
  6. http://www.answers.com/topic/sex-and-the-city-ring-a-ding-ding-tv-episode
  7. კერი ბრედშოუს ქორწილი
  8. HBO.com სეზონი 4. ეპიზოდი 2 (50)
  9. 9.0 9.1 HBO.com 77-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  10. HBO.com 37-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  11. 11.0 11.1 11.2 HBO.com 89-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  12. HBO.com 55-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  13. HBO.com 32-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  14. HBO.com 84-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  15. HBO.com 65-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  16. HBO.com 48-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  17. HBO.com 92-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  18. HBO.com 39-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  19. HBO.com 71-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  20. 20.0 20.1 HBO.com 87-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  21. HBO.com 67-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  22. 22.0 22.1 HBO.com 49-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  23. HBO.com 93-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  24. HBO.com 42-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  25. HBO.com 33-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  26. HBO.com 75-ე ეპიზოდის მოდის ტიტრები
  27. მწერლის ხელფასი salary.com-ზე

რესურსები ინტერნეტში


Applications-multimedia.svg კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.