ირაკლი შამათავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი შამათავა
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1987(1987-11-14)[1] (36 წლის)
დაბადების ადგილი გალი, საქართველო
საქმიანობა მწერალი და იურისტი
მოქალაქეობა  საქართველო

ირაკლი შამათავა (დ. 14 ნოემბერი, 1987, გალი) — ქართველი მწერალი და იურისტი. სამართლის დოქტორი (2022). აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანების, საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორი და მოწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1987 წლის 14 ნოემბერს გალში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი, ხოლო 2016 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა. 2012-2013 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. 2019-2020 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები, რომლებიც იბეჭდება ისეთ პერიოდულ გამოცემებში როგორიცაა „ცისკარი“, „ჩვენი მწერლობა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ქართული მწერლობა“, „ქართული სიტყვა“. ავტორი თარგმნილია აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ ენებზე.[2]

მოთხრობები „ბავშვობადაკარგული თაობა“ (2017) და „ჩემი სახელია ჰიროშიმა“ (2018) დაიბეჭდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ცოცხალი წიგნების ინგლისურენოვან ანთოლოგიაში. 2012 წელს რუსულად თარგმნილი მოთხრობა „კაენი და სახარება“ შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში. ნოველა „პილატე“ აზერბაიჯანულად დაიბეჭდა ქართული პროზის ანთოლოგიაში (2018). გერმანიაში, თანამედროვე მწერლების ლიტერატურულ ალმანახში 2016 წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობა „ცხოვრება, როგორც სინამდვილეშია“.[2]

ავტორი და ხელმძღვანელია გამოცემის „ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომის თემატიკაზე (2020 წ.) და ილუსტრირებული ფოტოალბომის „თბილისი – ძველი და ახალი“ (2017 წ.)[2]

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2020 — გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია ქართულ-აფხაზური კრებულისთვის გამშვები პუნქტი, АНАШЬҬРАТӘ ҬЫҦ. (მთარგმნელი ირმა ოსია).[2]
  • 2016 — წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია.
  • 2016 — პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2012 — გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია მინიატურისათვის „ბავშვობადაკარგული თაობა“
  • 2012 — დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია რომანისათვის „დემნა უფლისწული“
  • 2010 — ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი „მცირე პროზა“, II პრემია მოთხრობისათვის „კაენი და სახარება“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]