ინგლისური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევონშირული ჩაი, შუ, შედედებული კრემი და ჟოლოს ჯემი

ინგლისური სამზარეულო (ინგლ. English cuisine) — ტრადიციული ინგლისური კერძების ერთობლიობა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს სხვა ბრიტანულ გასტრონომიებთან. ბოლო წლების განმავლობაში სამეფოში ჩასული დიდი რაოდენობით იმიგრანტების გამო, მასზე აშკარად შეიმჩნევა ამერიკული, ჩინური და ინდური კულინარიების დიდი გავლენა.

ცნობილი კერძები და სტერეოტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს ცნობილმა ინგლისელმა შეფ-მზარეულმა ფილიპ ჰარბენმა გამოაქვეყნა ცნობილი ბრიტანული კერძების სია, რომლის სათაურიც იყო „ბრიტანული გასტრონომიის სტერეოტიპული საყრდენები“. ამ სიაში ძირითადად ინგლისური კერძები იყო შესული, ისეთები, როგორებიცაა: იორკშირული შაქრისპუდრიანი პუდინგი, ლანკაშირული „ცხელი ქოთანი“, სტეიკისა და თირკმელების პუდინგი, გველთევზა ჟელეში, შედედებული ნაღები, თევზი და ჩიფსი. ამის საპასუხოდ პანაიმ აღნიშნა, რომ ჰარბენმა „დაუსაბუთებელი პრეტენზიებით შეურაცხჰყო ბრიტანული კულინარია მსოფლიოს თვალში“. იგი ასევე ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი მზარეულები „ტექნიკურად შეუდარებლები“ იყვნენ და მათ ეკუთვნოდათ მსოფლიოში ეროვნული კერძების ყველაზე დიდი სია.

სოციოლოგ ბობ ეშლის განცხადებით, ინგლისელი ხალხი თავად აღიარებდა, რომ კულინარიის მხრივ სტერეოტიპულები არიან. ამის მაგალითად მან ინგლისური საუზმე მოიყვანა, რომელზეც აუცილებლადაა წარმოდგენილი ჩაი შესაბამისი მისაყოლებლით, ან შემწვარი საქონლის ხორცი. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევებით დამტკიცდა, რომ ინგლისელთა უმეტესობა მათ მიერ დასახელებული საჭმელებიდან რეგულარულად თითქმის არცერთს მიირთმევს. ამასთან, ეშლიმ დასძინა, რომ ეროვნული სამზარეულო დროსთან ერთად იცვლება და ყალიბდება, რის გამოც ინგლისურ კულინარიის წიგნებშიც ხშირად შეხვდებით უცხოურ კერძებს. იმავდროულად, National Trust café-ს მმართველმა შემდეგი რამ განაცხადა: „ჩვენთან უცხოური საჭმელი დაშვებული არაა... მე არ შემიძლია ლაზანიის, ან რამე მსგავსის კეთება“. სიმართლე კი ისაა, რომ ამ კაფის მენიუში კარის, ანუ ინდრუს კერძს ვაწყდებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინგლისური გასტრონომია არც ისეთი სტერეოტიპულია და მასში თანდათან მაინც იკიდებს ფეხს უცხოური რეცეპტები. თუმცაღა, აღსანიშნავია ისიც, რომ XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ინდური სამზარეულო გარკვეულწილად ბრიტანულის ნაწილად მიიჩნევა, რასაც ანგლო-ინდურ გასტრონომიას უწოდებენ. ცხადია, ეს ყველაფერი ინდოეთთან ისტორიული კავშირისა და ბრიტანეთში ინდოელი იმიგრანტების დიდი რიცხვითაა განპირობებული.

მრავალი ტრადიციული ინგლისური კერძი რეალურად ძალიან ახალია, რის გამოც მისი შექმნის ზუსტი თარიღიც კია ცნობილი. მაგალითად: 1758 წელს ჰანა გლასმა ინგლისში დაამკვიდრა ინდური პიკალილის რეცეპტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ისეთი კერძი და სოუსი, რომელიც ინგლისში უცხოურად მიიჩნევა, რეალურად ადგილობრივები მას შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამზადებენ. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს კიდევ ერთი სია, ტიპური ინგლისური საუზმისა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: პური, კარაქი, მაფინები, შემწვარი ბეკონი, მოხარშული კვერცხი, და რაღა თქმა უნდა ჩაი. აღსანიშნავია, რომ რეალურად, უფრო ხშირად საუზმეზე ინგლისელები ყავას სვამენ ორცხობილებით, ან მიირთმევენ ცხვრის შემწვარ ფარშს, შემწვარ თირკმელებს, ან სულაც შემწვარ ქაშაყს. ზაფხულობით საუზმედ უფრო პოპულარულია სარდინების ტოსტი, ცივად მომზადებული ენა და კედგერი, შემოდგომისას კი ცივი ხოხობი, ღვეზელი და საქონლის სტეიკი.

უცხოური გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისურ სამზარეულოში მრავალ უცხოურ კერძსა თუ ინგრედიენტს შევხვდებით. მაგალითად: დარიჩინი საფრანგეთიდან შევიდა, შაქარი, ჯინჯერი და წიწაკა კი სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან. აღსანიშნავია, რომ თავად იორკშირული პუდინგიც კი, რეალურად ბურგუნდიელებმა ჩაიტანეს ინგლისში. მოგვიანებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკიდან შესული ლობიო, შოკოლადი, ყავა, კარტოფილი, პომიდორი და ანანასი. ინდოეთის დაპყრობასთან ერთად კი ინგლისურ გასტრონომიაზე საგრძნობლად გაიზარდა მათი კულტურის გავლენა. თავდაპირველად აქ ჩაი გავრცელდა და ინგლისის ეროვნულ სასმელად იქცა, მოგვიანებით კი დამკვიდრდა ისეთი კერძებიც, როგორებიცაა: კარი, ქათმის ტიკა და სხვა. ასევე აღსანიშნავია იტალიური სამზარეულოს დიდი გავლენაც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ინგლისში დიდად პოპულარულია ჩინური და ვიეტნამური კერძები, აგრეთვე დამკვიდრებულია ბერძნული ფეტა, ტარამასალათა, მუსაკა, თურქული დონერი და შიშქაბაბი, ახლოაღმოსავლური ჰუმუსი და მრავალი სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Carroll, R. (1996). Utilis Coquinario and its Unnamed Author. Oxford Symposium on Food and Cookery, 1995. pp. 45–51. ISBN 978-0907325727.
  • Dickson Wright, Clarissa (2011). A History of English Food. Random House. ISBN 978-1-905-21185-2.
  • Lehmann, Gilly (2003). The British Housewife. Prospect Books.
  • Panayi, Panikos (2010) [2008]. Spicing Up Britain. Reaktion Books. ISBN 978-1-86189-658-2.
  • Colquhoun, Kate (2008) [2007]. Taste: The Story of Britain through its Cooking. Bloomsbury. ISBN 978-0-747-59306-5.
  • Drummond, Jack C.; Wilbraham, Anne (1994 [1939]) The Englishman's Food: Five Centuries of British Diet. Pimlico. ISBN 978-0-712-65025-0.