თირკმელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანის თირკმლები
ადამიანის თირკმლები T12 და L3.

თირკმელი — ადამიანის ძირითადი ექსკრეტორული ორგანო. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, თავისუფალდება მავნე ნივთიერებებისგან და თირკმლის ვენით გამოდის. სისხლის ფილტრატია შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გროვდება დ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა.

თირკმლები (renes) - წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც, შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს.

თირკმლები განლაგებულია რეტროპერიტონეალურ სივრცეში, გულმკერდის XI და წელის III მალების დონეზე. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და მდებარეობს უფრო დაბლა. თირკმლებს გააჩნიათ ლობიოს მარცვლის ფორმა. ნორმაში, თითოეული მათგანის მასა შეადგენს 120-200 გრამს, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) შრეებისგან; ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს, ხოლო მწვერვალები იხსნებიან თირკმლის მენჯში.

თირკმლების სისხლმომარაგება ხორციელდება თირკმლის არტერიებით, რომლებიც გამოდიან მუცლის აორტიდან და თითოეული თირკმლის კარში იყოფიან ორ ძირითად არტერიად - წინა და უკანა არტერიებად. ვენური სისხლი თირკმლის ვენების ნეშვეობით ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში.

თირკმლების ინერვაცია ხორციელდება თირკმლის ნერვული წნულის ბოჭკოებით, რომელიც წარმოქმნილია ფაშვის წნულის და ცდომილი ნერვის ტოტებისგან, ფაშვის ნერვების საბოლოო ტოტებისგან, განგლიური უჯრედებისგან.

თირკმლის ძირითად სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეფრონი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე რამდენიმე ნაწილისგან.

ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას ღებულობენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.

ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას ღებულობენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში.

შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, პირველ რიგში, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.

მოზრდილი ადამიანის თირკმლის მთლიანი სისხლის მიმოქცევა, შეადგენს დაახლოებით 1 200 მლ-ს 1 წუთში, სხეულის სტანდარტულ ზედაპირზე (1,73მ2) გადაანგარიშებით. სისხლის აღნიშნული მოცულობის 91-93% მიედინება თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების სისხლძარღვებში (ეფექტიანი თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა). გარეთა ტვინოვან ნივთიერებაში ხვდება სისხლის მოცულობის დაახლოებით 6-8%, ხოლო შიგნითაში - 1%-ზე ნაკლები. სისხლის მიმოქცევას ყველაზე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს თირკმლის გორგლის კაპილარები. აღნიშნული წინააღმდეგობის დინამიკა განისაზღვრება მომტანი და წამღები არტერიოლების ტონუსით. თირკმლის არტერიაში წნევის ცვალებადობას თან სდევს გორგლის მომტანი არტერიოლების ტონუსის ცვლილება, რის გამოც გორგალში ხდება სისხლის მიმოქცევის მუდმივობის და კაპილარული წნევის შენარჩუნება (თვითრეგულაცია).

შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლის ფილტრის გავლით კაფსულის სანათურში პლაზმის და მასში ხსნადი მცირე მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებების (ელექტროლიტები, ორგანული ნაერთები) ულტრაფილტრაციით. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ორივე თირკმელში შეადგენს საშუალოდ 120 მლ. 1 წუთში - დაახლოებით 100 ლ. დღეღამეში 1 მ2 სხეულის ზედაპირზე. გორგლებში მიმდინარე ფილტრაციის უზრუნველყოფა ხდება ფილტრაციული წნევით - ერთი მხრივ გლომერულების კაპილარებში ჰიდროსტატიკურ წნევას (45-52 მმ. ვწ. სვ), ხოლო მეორე მხრივ სისხლის პლაზმის ონკოზურ წნევას (18-26 მმ. ვწ. სვ.) და შუმლიანკს-ბოუმენის კაფსულის ღრუში ჰიდროსტატიკურ წნევას (8-15 მმ. ვწ. სვ.) შორის არსებული სხვაობებით. ნორმაში ფილტრაციული წნევის სიდიდე მერყეობს 10-200 მმ. ვწ. სვ. ფარგლებში. გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება აღინიშნება სისტემური არტერიული წნევის დაქვეითების (იგი საერთოდ წყდება არტერიული წნევის 50 მმ. ვწ. სვ. დაბლა დაქვეითების შემთხვევაში), მილაკებში და, შესაბამისად, გორგლის კაფსულაში წნევის მომატების (შარდის დინების გაძნელების, თირკმლის ინტერსტიციაში წნევის მომატების შედეგად) დროს. თითოეულ ნეფრონში, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის რეგულაცია ხორციელდება გადინებული სისხლის მოცულობით და აღნიშნულ ნეფრონში ნატრიუმის რეაბსორბციის სიჩქარით. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს იუქსტაგლომერული კომპლექსის მონაწილეობით, რომელიც რეაგირებს მოდინებული სისხლით მომტანი არტერიოლების გაჭიმვაზე და მილაკში ნატრიუმის რეაბსორბციის ზღვარზე (ქვოტაზე). რენინის სეკრეცია, რომელიც მატულობს არტერიოლების გაჭიმვის შემცირების დროს, ააქტიურებს ანგიოტენზინოგენის გარდაქმნას ანგიოტენზინში, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების და გორგლოვანი ფილტრაციის გაზრდას, ასტიმულირებს წყურვილის რეფლექსს.

ულტრაფილტრატის (პირველადი შარდის) შემადგენლობა იცვლება მილაკების სისტემაში მისი გადაადგილების პროცესში, სადაც ტუბულარულ ეპითელიუმის უჯრედებში შემავალი ფერმენტების მონაწილეობით ხორციელდება ნივთიერებების ტრანსპორტი მილაკების კედელში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს რეაბსორბციის (ნივთიერება მილაკის სანათურიდან გადადის ინტერსტიციაში) და სეკრეციის (ნივთიერების ტრანსპორტი ხორციელდება საპირისპირო მიმართულებით) პროცესები. მილაკის კედლის გავლით ნივთიერების ტრანსპორტი ხორციელდება გარკვეული ენერგიის ხარჯზე. განასხვავებენ აქტიურ ტრანსპორტს - მოლეკულების გადაადგილება ელექტროქიმიური ან კონცეტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ და პასიურ ტრანსპორტს (დიფუზიას) - მოლეკულების გადაადგილება სხვა ნივთიერებების აქტიური ტრანსპორტის გზით შექმნილი ელექტროქიმიური გრადიენტის მიმართულებით.

ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილში რეაბსორბცირდება თითქმის მთლიანად გაფილტრული ცილა, ამინომჟავები, გლუკოზა და დიდი რაოდენობით მარილები. შემკრებ მილაკებში ხორციელდება ნივთიერებების შეწოვის და სეკრეციის შემდგომი პროცესები, რაც საბოლოოდ განაპირობებს გამოყოფილი შარდის შემადგენლობას.

შარდის გზით ცილის ექსკრეცია ნორმაში არ აღემატება 50 მგ. დღე-ღამეში. გორგლების დაზიანების ან პროქსიმალურ მილაკებში ცილების არასაკმარისი რეაბსორბციის დროს მათი (ცილების) ფილტრაციის მომატება შეიძლება გახდეს პროტეინურიის მიზეზი.

ფილტრატთან ერთად შემოსული ამინომჟავები თითქმის მთლიანად რეაბსორბცირდებიან ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილში. თირკმლებში აგრეთვე ხორციელდება ამინომჟავების ტრანსამინირება და დეზამინირება და ზოგიერთი პეპტიდის (ანგიოტენზინ II, ბრადიკინინი, ინსულინი და სხ.) დაშლა ამინომჟავებამდე და სისხლში მათი შემდგომი შეწოვა. შარდთან ერთად ამინომჟავების ექსკრეციის გაზრდა (ამინოაციდურია) აღინიშნება მათი გაძლიერებული ფილტრაციის ან ცალკეული ამინომჟავების მეტაბოლიზმის და რეაბსორბციის პროცესებში მონაწილე ფერმენტების დეფიციტის დროს.

გლუკოზის სადღეღამისო ექსკრეცია ნორმაში არ აღემატება 130 მგ. გლუკოზის რეაბსორბცია დაკავშირებულია ნატრიუმის ტუმბოს მუშაობასთან, რომელიც პლაზმური მემბრანის მეშვეობით ახდენს უჯრედებიდან ნატრიუმის გამოტანას. გლუკოზის რეაბსორბციის მაჩვენებლების რაოდენობრივი შეფასება საშუალებას იძლევა შევაფასოთ მილაკების პროქსიმალური სეგმენტის ფუნქციონალური მდგომარეობა, აგრეთვე ეფექტურად მომუშავე ნეფრონების რაოდენობა. შარდთან ერთად გლუკოზის ექსკრეცია იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაფილტრული გლუკოზის რაოდენობა აღემატება მილაკების რეაბსორბციულ შესაძლებლობებს; ყველაზე ხშირად ვლინდება ჰიპერგლიკემიის დროს. ნორმაში, გლუკოზის მაქსიმალური ტრანსპორტი მამაკაცებში შეადგენს 375+/-79,7 მგ წუთში, ხოლო ქალებში 303+/-55,3 მგ წუთში 1,73 მ2 სხეულის ზედაპირზე გაანგარიშებით. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპერგლიკემიის სტაბილურად მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, გლუკოზურია შესაძლოა შემცირდეს, რაც განპირობებულია პროგრესირებადი გლომერულოსკლეროზით, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითებით და, შესაბამისად, გლუკოზით მილაკების დატვირთვის შემცირებით.

თირკმლების ოსმომარეგულირებელი ფუნქცია დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის პროცესებთან. ქლორის იონების აქტიური რეაბსორბცია მიმდინარეობს ნეფრონის მარყუჟის მსხვილ, აღმავალ ნაწილში, სადაც ფუნქციონირებს ქლორის ტუმბო. აღნიშნულ ადგილას ნატრიუმის იონების რეაბსორბცია პასიურ ხასიათს ატარებს. მილაკის ეს უბანი წყალშეუღწევადია. ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა მოქმედებენ მხოლოდ მილაკის სანათურში მოხვედრის შემდეგ, სადაც ისინი აბლოკირებენ ქლორის რეაბსორბციას და ნატრიუმის პასიურ რეაბსორბციას, რაც განაპირობებს ნატრიურეზის მომატებას. დისტალური მილაკის კლაკნილ ნაწილში ფუნქციონირებს ნატრიუმის ტუმბო, ხოლო ქლორის რეაბსორბცია მიმდინარეობს პასიურად. დისტალური ნეფრონის იმ ნაწილს, რომელიც წინ უძღვის შემკრებ მილაკს, გააჩნია ანდიდიურეზული ჰორმონის ზეგავლენით წყლისთვის განვლადობის შეცვლის უნარი. ნატრიუმის ტუმბოს ფუნქცია რეგულირდება ალდოსტერონით. ნეფრონის აღნიშნულ სეგმენტში ხორციელდება სპირინოლაქტონის, ტრიამტერენის და ამილორიდის მოქმედების რეალიზება. სპირინოლაქტონი აქვეითებს ნატრიუმის რეაბსორბციას. ამილორიდი და ტრიამტერენი აბლოკირებენ ნატრიუმის შესვლას აღნიშნული მონაკვეთის მილაკების უჯრედებში, რის შედეგადაც არარეარბსობცირებული ნატრიუმი გამოიყოფა შარდთან ერთად.

კალიუმის ექსკრეცია შეადგენს გაფილტრული კალიუმის რაოდენობის დაახლოებით 10%. გორგლებში გაფილტრული კალიუმი თითქმის მთლიანად რეარბსორბცირდება, ხოლო შემდეგ, ნატრიუმის სანაცვლოდ სეკრეტირდება დისტალური მილაკის კლაკნილ ნაწილში და შემკრებ მილაკებში. ალდოსტერონი და საგულე გლიკოზიდები აქვეითეთებენ კალიუმის რეაბსორბციას. კალიუმის სეკრეციის სტიმულაცია ხორციელდება ალდოსტერონის საშუალებით (ზრდის მილაკების უჯრედების მემბრანების განვლადობას კალიუმის იონებისთვის, ამარტივებს რა უჯრედებიდან მათ პასიურ გამოსვლას), ხოლო დათრგუნვა ხდება ინსულინის, ალდოსტერონის ანტაგონისტების მეშვეობით. გარდა ამისა, შარდთან ერთად კალიუმის გამოყოფა დამოკიდებულია მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე, ამასთან, ალკალოზი ხელს უწყობს კალიურეზის გაძლიერებას, ხოლო აციდოზი აქვეითებს მას.

შარდის ოსმოსური კონცეტრირება და განზავება ხორციელდება ნეფრონის მარყუჟის და შემკრები მილაკის ფუნქციონირების გზით: ნეფრონის მარყუჟში და შემკრებ მილაკებში (რომლებიც გასხვავდებიან წყლის და ნატრიუმისთვის განვლადობით) პირველადი შარდის მიმართულების საწინააღმდეგო მოძრაობა განაპირობებს შარდში და თირკმლების ინერსტიციაში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების კონცეტრაციის გაწონასწორების შესაძლებლობას, ოსმოსური გრადიენტის საწინააღმდეგოდ წყლის პასიური მოძრაობის გზით. ეს უკანასკნელი იქმნება ნეფრონის მარყუჟის აღმავალი მუხლის მსხვილი ნაწილიდან (რომელიც წყლისთვის განვლადი არ არის) ინტერსტიციაში ნატრიუმის ქლორიდის აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით, და უზრუნველყოფს წყლის მოძრაობას ნეფრონის მარყუჟის დაღმავალი მუხლის სანათურიდან, რომლის კედელიც განვლადია წყლისთვის.

თირკმლების საშუალებით მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულაცია, ძირითადად, ხორციელდება ნატრიუმის ბიკარბონატის რეაბსორბციის და სხვადასხვა მჟავა ნაერთების (ამონიუმის ქლორიდი, ერთჩანაცვლებითი ფოსფატი და სხ.) სახით წყალბადის იონების სეკრეციის გზით. შარდთან ერთად H+ იონების სადღეღამისო ექსკრეცია, ნორმაში შეადგენს 50-70 მმოლ.

თირკმლების ინკრეტორული და მეტაბოლური ფუნქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში მიმდინარე რიგი ფიზიოლოგიური პროცესების ჰუმორულ რეგულაციაში. რენინის სეკრეციის გარდა, თირკმლები მონაწილეობენ ზოგიერთი ჰორმონის შუალედური ცვლის პროცესებში, კერძოდ ინსულინის, ანტიდიურეზული ჰორმონის, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის, ანგიოტენზინის, გასტრინის კატაბოლიზმში, D ვიტამინის მის ყველაზე აქტიურ ფორმაში - 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - გარდაქმნაში, აგრეთვე ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, მათ შორის პროსტაგლანდინები E2 და F2, აგრეთვე სისხლმომარაგების გამაძლიერებელი და ნატრიურეზის მასტიმულირებელი ზოგიერთი კინინის სინთეზში და სეკრეციაში. თირკმლებში სინთეზირდება ერითროპოეზის მარეგულირებელი ნივთიერებები. აღნიშნულ ნივთიერებებს შორის გამოყოფენ ერითროგენინს, მააქტივირებელ, ღვიძლისმიერ ერითროპოეტინოგენს, რის შედეგადაც სისხლში ჩნდება ერითროპოეტინი; თირკმლების მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია პროერითროპოეტინის სეკრეცია. თირკმლები მონაწილეობას ღებულობენ სისხლის შედედების პროცესებში. ისინი გამოიმუშავებენ უროკინაზას; მათ მიერ ხორციელდება ჰეპარინის და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების მეტაბოლიზმი. თირკმლების მეტაბოლური ფუნქცია, აგრეთვე განისაზღვრება გლუკოზის სინთეზში მათი მონაწილეობით (თირკმლისმიერი გლუკონეოგენეზი), თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით, ფოსფოლიპიდების სინთეზით.

თირკმლების ფიზიოლოგიის ასაკობრივი თავისებურებები ხასიათდება თირკმლების ჰომეოსტაზური ფუნქციების შედარებით შენელებული ჩამოყალიბებით ბავშვებში და ამ ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებით ხანშიშესული ასაკის პირებში.

ახალშობილებში მცირეა გორგლოვანი მემბრანების მფილტრავი ზედაპირი, მათი განვლადობა, აგრეთვე დაქვეითებულია ფილტრაციული წნევა თირკმლებში, ამიტომაც 1 მ3 სხეულის ზედაპირზე გაანგარიშებით, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე მნიშვნელოვნდ დაქვეითებულია, ვიდრე მოზრდილებში. 6 თვის ასაკში სხეულის ზედაპირის მიმართ გორგლოვანი ფილტრაციის დამოკიდებულებამ შესაძლოა მიაღწიოს მოზრდილებში არსებულ მაჩვენებლებს, თუმცა აღნიშნული მონაცემები სტაბილური ხდება მხოლოდ 3 წლის ასაკიდან. ახალშობილებში, აგრეთვე შეზღუდულია მილაკოვანი რეაბსორბცია და სეკრეცია, რაც, ძირითადად, განპირობებულია მარეგულირებელი ჰორმონების მოქმედების მიმართ მილაკების ეპითელიუმის მგრძნობელობის დაქვეითებით. ორგანიზმიდან ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფის მიზნით ბავშვს ესაჭიროება უფრო მეტი წყალი, ვიდრე მოზრდილს. მოზარდობის პერიოდში ანტიდიურეზული ჰორმონის, ალდოსტერონის, ვაზოპრესინის და სხვა ჰორმონების მოქმედების მიმართ თირკმლების მგრძნობელობა თითქმის იგივეა რაც მოზრდილებში, აგრეთვე მნიშვნელოვნად ფართოვდება თირკმლების შეგუებითი რეაქციების დიაპაზონი ოსმოსური და სხვა სახის დატვირთვების მიმართ.

თირკმლების ინვოლუციური ცვლილებები იწყება სიცოცხლის მე-4 ათწლეულში. არც თუ იშვიათად, 70 წლის ასაკისთვის ნეფრონების პოპულაცია მცირდება ნახევარზე მეტად, რასაც, რიგ შემთხვევებში, ხელს უწყობენ თირკმლების არტერიოლების და ინტერსტიციის სკლეროზული ცვლილებები, განსაკუთრებით თირკმლის დვრილების მიდამოებში. თირკმლების სტრუქტურულ ცვლილებებს თან სდევს მათი ფუნქციების დარღვევა: მცირდება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, ქვეითდება კონცეტრაციული შესაძლებლობა, იზღუდება წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნების უნარი, რაც განსაკუთრებით გამოიხატება ოპერაციული ჩარევების, ინფექციების, დეჰიდრატაციის დროს. მოხუცებულობით ასაკში იცვლება თირკმლების დაავადებათა სტრუქტურაც; იშვიათად გვხვდება მწვავე და ქვემწვავე ნეფრიტი, თირკმლების დაზიანება სისტემური დაავადებების დროს; ამავე დროს უფრო ხშირია ქრონიკული პიელონეფრიტი, დიაბეტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლების ამილოიდოზი, პარანეოპლაზიური ნეფროპათიები.