თურქმენეთის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქმენეთის გეოგრაფია
უგრძესი მდინარე ამუდარია
უდიდესი ტბა სარიყამიშის ტბა

თურქმენეთი — სახელმწიფო ცენტრალური აზიის დასავლეთ ნაწილში. თურქმენეთის ფართობი შეადგენს 491,2 კმ²-ს. თურქმენეთი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 1100 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 650 კილომეტრზე. სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძეა 3736 კილომეტრი. უზბეკეთთან არსებული საზღვრის სიგრძეა — 1621 კილომეტრი, ირანთან — 992 კილომეტრი, ავღანეთთან — 744 კილომეტრი, ყაზახეთთან — 379 კილომეტრი. დასავლეთით თურქმენეთს კასპიის ზღვა აკრავს. სანაპირო ხაზის სიგრძეა 1768 კილომეტრი. სანაპირო სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. გამოიყოფა ყარა-ბოღაზ-გოლი, კრასნოვოდსკის ყურე და თურქმენეთის ყურე. ყურეებს ქმნიან კრასნოვოდსკისა და ჩელექანის ნახევარკუნძულები.

თურქმენეთის ტერიტორიის თითქმის 4/5 მდებარეობს თურანის დაბლობზე, რომლის დიდი ნაწილი ყარაყუმის უდაბნოს უკავია. სამხრეთ ნაწილში გადაჭიმულია მაღლობებისა და საშუალო სიმაღლის მთების ვიწრო ზოლი. თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში ქოფეთდაღის მთებია, რომელზედაც აღმართულია მთა რიზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2942 მეტრს აღწევს. ქოფეთდაღის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს პატარა ბალხანისა (777 მეტრამდე) და დიდი ბალხანის (1881 მეტრამდე) ქედები. სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქმენეთის ფარგლებში შედის ფაროფამიზის ჩრდილო მთისწინეთი — ბადხიზი (1267 მეტრამდე) და ყარაბილი (984 მეტრამდე; რომლებსაც მდინარე მურღაბი ყოფს. უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ჰისარის ქედის ტოტი კუგიტანგთაუ (3139 მეტრამდე, თურქმენეთის უმაღლესი წერტილი). დასავლეთით კრასნოვოდსკის პლატოა, ჩრდილო-დასავლეთით — უსთიურთის პლატოს სამხრეთი კიდე. უსთიურთის სამხრეთით მდებარეობს უზბოისიქითა ნაოჭა რაიონი. კასპიისპირა დაბლობის ფარგლებში განლაგებულია რამდენიმე მაღლობი. ქოფეთდაღის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გაშლილია ყარაყუმის უდაბნო.

თურქმენეთის ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში შედის და უკავია ეპიპალეოზოური თურანის ფილაქნისა და ალპური ნაოჭა ოლქის ნაწილი. ამ ორ ტექტონიკურ ელემენტს შორის განლაგებულია ქოფეთდაღისწინა კიდური როფი. ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი ეპიბაქნურ არეს მიეკუთვნება. სამხრეთი ნაწილი მაღალი სეისმურობით ფამოირჩევა. სასარგებლო წიაღისეულიდან უმთავრესია ნავთობი და აირი. თურქმენეთი მდიდარია მინერალური მარილების საბადოებით. არის ვერცხლისწყალი, გოგირდი, ბენტონიტი, ოზოკერიტი, საშენი მასალა, სამკურნალო მინერალური წყალი.

თურქმენეთის ჰავა მკვეთრად კონტინენტური, გვალვიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5°C-იდან (ჩრდილო-აღმოსავლეთით) 4°C-მდეა (ათრაქის რაიონში), აბსოლუტურ მინიმუმი -32°C (თაშაუზის ლქში); ივლისის საშუალო ტემპერატურა 28°C ჩრდილო-აღმოსავლეთით, 32°C — სამხრეთით, აბსოლუტურ მაქსიმუმი 49,9 (სადგური რეფეთექი). ატმოსფერული ნალექები 80-იდან 400 მმ-მდე წელიწადში.

თურქმენეთის ერთადერთ წყალუხვი მდინარეა ამუდარია. ყარაყუმის არხის საშუალებით ამუდარიის წყლით ირწყვება თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე გვალვიანი მიწები, რომელთა შორისაა: მურღაბის, თეჯენის, ათრაქისა და სხვა წყალმცირე მდინარეების აუზები. ტბების უმრავლესობა მლაშეა. თურქმენეთის უდიდესი ტბაა სარიყამიში, რომელიც მდებარეობს სარიყამიშის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 5 მეტრ სიმაღლეზე. მტკნარი ტბებიდან მნიშვნელოვანია იასხანი და თოფიათანი. მთაში გვხვდება კარსტული წარმოშობის ტბები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]