დერჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დერჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი მექვენა
კოორდინატები 42°28′02″ ჩ. გ. 42°46′14″ ა. გ. / 42.46722° ჩ. გ. 42.77056° ა. გ. / 42.46722; 42.77056
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 159[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დერჩი — საქართველო
დერჩი
დერჩი — იმერეთის მხარე
დერჩი

დერჩისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მექვენის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. წყალტუბოდან დაშორებულია 55 კილომეტრით. მოსახლეობა — 159 მცხოვრები (2014 წლის აღწერის მიხედვით). სოფელში არის ბარიტის საბადო და განვითარებული შუა საუკუნეების ნათლისმცემლის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დერჩი პირველად იხსენიება XII საუკუნის საბუთში, საიდანაც ჩანს, რომ იგი საქართველოს მეფე გიორგი III-ს გელათის სამეფო სამწირველოსთვის შეუწირავს. სოფელი გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო.

სოფლის შუაგულში, შემაღლებულ ადგილზე, დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ XIV საუკუნეშია აგებული და ამჟამადაც მოქმედია. მისი საბოლოო სახე რამდენიმე ეტაპად მიმდინარე მშენებლობის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული (იგი გარედან შვერილია). გვერდის მინაშენებთან დაკავშირებულია კედლებში გახსნილი თითო ფართო თაღით. ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავები ასევე აფსიდითაა დასრულებული. ეკლესიის ძირითადი სივრცე, ისე როგორც მინაშენებისა, გადახურულია კამარით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ მხარეს ნართექსია, რომელიც სამივე ნავთან არის დაკავშირებული. ეკლესია ორსაფეხურიან ბაქანზე დგას. ნაგებია მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. დაგვირგვინებულია კარნიზით. ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთ სარკმლის თავზეა ცხოველთა რელიეფური გამოსახულება. შიგნით კედლები მთლიანად მოხატული იყო (ნაწილობრივ ჩამონგრეულია). საკურთხევლის წინ XVII საუკუნის კანკელი დგას, ამავე დროისაა საკურთხევლის ზედა ნაწილში მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც (დაზიანებულია). სოფელში არის გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე კოშკის ნანგრევი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 159 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 330 152 178
2014[1] 159 80 79

პიროვნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა ქართველი ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი. ასევე აქ დაიბადა ძალოსანი დიმიტრი შანიძე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1969—1974), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1972, 1973), მსოფლიოს ჩემპიონი (1973), ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი (1968, 1972).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II