ბრიუს ლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიუს ლი
Bruce Lee
李振藩
BruceLeecard.jpg
სახელი დაბადებისას

ლი ჯუნ ფენი

ბიოგრაფიული ცნობები
საქმიანობა:

მსახიობი
სპორტსმენი(აღმოსვლური ჭიდაობა, კუნფუ)

ეროვნება

ჩინელი

შვილები

ბრენდონ ლი
შენონ ლი


ბრიუს ლი (ინგლ. Bruce Lee; ნამდვილი სახელი - ლი ჯუნ ფენი, ჩინ. 李振藩; დ. 27 ნოემბერი, 1940, სან-ფრანცისკო - გ. 20 ივლისი, 1973, ჰონკონგი) — ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. ის არის მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. გადაღებულია 36 ფილმში.

ჰონ კონგში ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იან წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა ლო ვეის ”დიდი ბოსი”(1971) და ”მრისხანების მუშტი”(1972), ”დრაკონის გზა”(1972) რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრუს ლი, უორნერ ბრაზერსის ”დრაკონის გამოსვლა”(1973)”სასიკვდილო თამაში”(1978) რეჟისორი რობერტ კლოუზი.

სექციების სია

[რედაქტირება] ცხოვრება

ბრიუს ლი დაიბადა 1940 წლის 27 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში, სავაადმყოფოში ჯექსონ სთრითზე, ჩაინათაუნში „დრაკონის წელს“ (დილის 6:00 საათსა და 8:00 საათს შორის). დედამ „ლი ჯუნ ფენი“ დაარქვა, რაც ნიშნავს „დაბრუნდი უკან“, ვინაიდან მას იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მისი შვილი დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში. სავაადმყოფოს მედდა მას ბრუსს ეძახდა, ხოლო მშობლებმა მეტსახელად „საი ფონი“ ანუ („პატარა ფენიქსი“) შეარქვეს, ეს ქალის სახელია, ჩინური ტრადიციის მიხედვით მშობლები ახალშობილ ვაჟს ეძახიან ქალის სახელს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ბოროტი სულები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის სულის გატაცება. მისი მშობლები, მამა ლი ხოი ჩენი და დედა გრეისი (ნახევრად ევროპელი წარმოშობის) კანტონის დრამატული ოპერის დასის წევრები იყვნენ. მათ ამერიკის ჩინურ დასახლებაში გასტროლებზე ყოფნის დროს შეეძინათ მეოთხე ბავშვი - ბრიუსი. მამამისი კანტონის ოპერის ცნობილი კომედიანტი იყო და კარგ გასამრჯელოსაც ღებულობდა.

იზრდებოდა ჰონგკონგში 17 წლამდე, 18 წლისა ის გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში რათა გამხდარიყო ამერიკის მოქალაქე და მიეღო უმაღლესი განათლება. ამავე პერიოდში მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, რამაც გაუკვალა მას შემდგომში გზა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში.

ბრიუს ლის მშობლები და ოჯახის მეგობრები ადრეული ასაკიდან ზრუნავდნენ მის სამსახიობო კარიერაზე. 1941 წლის თებერვალში სან-ფრანცისკოში გადაიღეს ერთ-ერთი კინოფილმის ნაწყვეტში, სადაც ბრუსი მხოლოდ სამი თვის იყო. 1946 წელს ჰონკონგში მან ითამაშა პირველი ნამდვილი როლი ფილმში — „ბიჭუნას ჩამოყალიბება“. რვა წლის ასაკში გადაიღეს მეორე ფილმში, რის შედეგადაც მას „ლი სიუ ლუნგი“ („პატარა დრაკონი“) შეარქვეს. მოგვიანებით ამ სახელით გახდა ცნობილი ჰონკონგსა და მთელ ჩრდილო — აღმოსავლეთ აზიაში. ჩვიდმეტ წლამდე მან მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტ ფილმში. „ობოლი“ ასე ეწოდა ბოლო ფილმს, სადაც მან მოზარდის როლი ითამაშა. მასში ასახულია ჰონკონგის მცირეწლოვან დამნაშავეთა ცხოვრება.

[რედაქტირება] „პატარა დრაკონი“

ლის მასწავლებელი იპ მენი
ბრიუს ლი ბავშვობაში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე

ათი წლის ასაკში ბრიუს ლი შეუერთდა მის თანატოლებს ქუჩაში, ქუჩური ცხოვრება დიდ ზეგავლენას ახდენდა მოზარდის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით ისეთ ქალაქში, როგორიცაა ჰონგკონგი.

ბრიუს ლის საყვარელ საქმიანობად სკოლის გარეთ იქცა მუშტი-კრივი ინგლისური ოჯახების ბიჭუნებთან.

ვიკიციტატა
„მე პანკი ვიყავი და ჩხუბისთავი“

- განაცხადა მან მოგვიანებით ერთ-ერთი ჟურნალის ინტერვიუში. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ბრიუსი მიხვდა, რომ იდგა იმ ბინძურ გზაზე, სადაც სინდისიერი და პატიოსანი მოქცევა დამღუპველია.

ვიკიციტატა
„ერთხელაც მე დავფიქრდი - რა მოხდება, რომ შევეშვა ქუჩაში უაზროდ წანწალს და გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება“

, - იხსენებდა ბრიუსი მოგვიანებით.

აღსანიშნავია, რომ ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა, იქ არ არსებობდა არავითარი წესები, ყველა იბრძოდა გამარჯვებისათვის ნებისმიერი ხერხით. ეს იყო გაკვეთილები, რომლებიც მან გამოიყენა მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე დაყრდნობით ბრძოლის საკუთარი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. საბრძოლო ხელოვნება ეს არის ჰონგკონგის სოციალური სისტემის ნაწილი. ის გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანთ პრაქტიკაში, როგორც ჯანმრთელობისა და კარგი ფორმის შენარჩუნების საშუალება.

ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა უიარაღო თავდაცვის სისტემები და, რაღა თქმა უნდა, იქ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება საპატიო საქმედ ითვლება. ბრუს ლის მამაც, მილიონობით ჩინელის მსგავსად, ასრულებდა და ჩინური „ტაი ცის“ ფიზიკურ ვარჯიშებს, როგორც სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის, ასევე თავდაცვის თვალსაზრისით პატარა ბრიუსი მამის გვერდით იმეორებდა ყველა ვარჯიშს და მომავალშიც მთელი ცხოვრების მანძილზე მას თავის პირველ მასწავლებელს უწოდებდა.

ბრიუს ლიმ სერიოზული ვარჯიში დაიწყო 13 წლის ასაკში ვინ ჩუნის ცნობილ სკოლაში (თარგმანი ნიშნავს „ბრწყინვალე გაზაფხულს“). ეს სტილი დაახლოებით 400 წლის წინათ ჩამოაყალიბა შაოლინის მონასტრის მონაზონმა - იმ ვინ ჩუნმა. მასში გაერთიანებულია ხელის მსუბუქი თავდაცვითი მოძრაობები, სწრაფი გადაადგილებები და ასევე ელვისებურად სწრაფი და უმოკლესი შეტევები, რაც რეალურად ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურია.

მამამ ბრუსი სავარჯიშოდ მიაბარა საბრძოლო ხელოვნების ხანშიშესულ ოსტატს „იპ მენს“, რომლის თითოეულ ვარჯიშში ოჯახი 12 ჰონკონგურ დოლარს იხდიდა. ბრიუს ლი ძალიან სერიოზულად მოეკიდა საქმეს, ყოველდღიურად თითქმის ხუთ საათს ვარჯიშობდა და სულ მალე პროგრესიც შესამჩნევი გახდა. მისი ტალანტი მასწავლებელმა თავიდანვე შენიშნა, ამიტომ იგი სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა მასთან ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ფილოსოფიურ საუბრებს. სამ წელიწადში ბრუსი უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლი იყო და მთელს ჰონგკონგში ცნობილი გახდა, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ოსტატი. იმ პერიოდში ის სწავლობდა კოლეჯ „ლა სალში“ (სადაც შემდგომში თავისი ვაჟი ბრენდონი მიაბარა). ერთხელ ბრუსს მოუწია კოლეჯის სახელით გამოსვლა სკოლებს შორის შეჯიბრებაზე. ფინალურ ბრძოლაში მისი მეტოქე იყო ინგლისელი მოზარდი მეფე გიორგი მეხუთეს სახელობის სკოლიდან, რომელიც სამი წლის მანძილზე იცავდა გამარჯვებულის ტიტულს. ბრუსმა იგი ძლიერი პირდაპირი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო და გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც მას ხუმრობით „გორილების მეფე - მთელი სკოლის ბოსი“ შეარქვეს.

ბრიუს ლის ძეგლი ჰონგკონგში

1958 წლის 29 მარტს მან დატოვა ეს სასწავლებელი და სწავლა განაგრძო წმინდა ფრენსის ქსავერას კოლეჯში. ჰონკონგში ბრუსი გახდა „ბრიტანეთის სამეფოს კოლონიების ჩემპიონი ჩა-ჩა-ჩა-ში“. ამ ცეკვის 108 სხვადასხვა მოძრაობა მას აღნიშნული ჰქონდა თავის ბლოკნოტში, რომელსაც ხშირად თან ატარებდა.

1959 წლის 2 მაისს ბრუსმა და მისმა მეგობრებმა გამოწვევა მიიღეს სხვა სკოლის წევრებისაგან. შეხვედრა ერთ-ერთი სახლის სახურავზე შედგა. თავიდან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მიდიოდა, მაგრამ ნამდვილ მუშტი-კრივში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ბრუსს თვალში ძლიერად მოარტყა, ბრუსი არ ელოდა სიუხეშეს და გამწარებულმა სახეში სწრაფი დარტყმების სერიით უპასუხა, რასაც შედეგად მოჰყვა ჩალურჯებული თვალები და რამდენიმე ჩამსხვრეული კბილი. დაზარალებულის მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს. საქმეში იძულებული გახდა ჩარეულიყო ბრიუსის მამა ლი ხოი ჩენი.

იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი დაჯგუფების წევრმა, რომელიც ბრუსზე უფროსი იყო და მასითაც ბევრად აღემატებოდა, გამოიწვია იგი საჩხუბრად და სახურავიდან ჩამოგდებითაც დაემუქრა. ბრძოლა ექვსსართულიანი სახლის სახურავზე შედგა. ის მართლაც სახიფათო მეტოქე იყო, მაგრამ ბრიუსმა მაინც მოახერხა მისი დამარცხება. იქ შეკრებილი ახალგაზრდები კი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ბრუსმა იგი ზურგზე მოკიდებული ხელ-ფეხ მოტეხილი ჩამოიყვანა ეზოში.

მას კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული ის, რომ საბრძოლო ხელოვნების მიზანია განავითაროს ადამიანი იმ დონეზე, როდესაც, მას აღარ უჩნდება თავისი შესაძლებლობების ქუჩაში დემონსტრირების სურვილი. ბრიუსზე უდიდესი გავლენა იქონია მისი მასწავლებლის იპ მენის გაკვეთილებმა, საიდანაც ისწავლა კარგისა და ცუდის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ბრიუსი სწავლის გასაგრძელებლად შტატებში გაეგზავნათ. მან უარი განუცხადა მაფიას შემოთავაზებულ წინადადებაზე, ყური უგდო მშობლების რჩევებს და ამერიკაში გამგზავრების წინ დასძინა:

ვიკიციტატა
„მე დავბრუნდები მაშინ, როდესაც ბევრ ფულს ვიშოვი“

[რედაქტირება] ახალი ცხოვრების დასაწყისი

1959 წლის 17 მაისს ბრუს ლი გემით გაემგზავრა სან-ფრანცისკოში. მოგზაურობა 18 დღეს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მას საშუალება მიეცა დაფიქრებულიყო, გაეანალიზებინა და შეეფასებინა საკუთარი თავი. სან-ფრანცისკოში ბრუსი რამდენიმე თვე ცხოვროდა მშობლების მეგობრებთან ჩინურ დასახლებაში. ცოტაოდენი ფულის საშოვნელად იგი ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა. ამავე წლის 3 სექტემბერს კი გაემგზავრა სიეტლში. თავდაპირველად მოეწყო ჭურჭლის მრეცხავად რესტორანში, რომლის მეპატრონე იყო მათი ოჯახის ძველი მეგობარი „რუბი ჩაუ“. მალე ბრუსი მოეწყო ედისონის სახელობის ტექნიკურ სასწავლებელში, პარალელურად კი აგრძელებდა ყოველდღიურ ინტენსიურ ვარჯიშებს, იმაგრაბდა მუშტებს დაფაზე, რომელიც მას სამზარეულოში ჩამოჰკიდა. ამ პერიოდში იგი საჩხუბრად გამოიწვია ერთმა იაპონელმა, რომელიც მას დიდხანს დასდევდა. ბოლოს გადაწყვიტეს მოეწყოთ ორთაბრძოლა „წესების გარეშე“. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მხოლოდ 11 წამს გაგრძელდა და დასრულდა ბრუს ლის პირდაპირი დარტყმით, რომელმაც შორს მოისროლა „მამაცი“ მეტოქე. ამ უკანასკნელმა შემდგომში თხოვნით მიმართა ლის, მოწაფედ აეყვანა იგი.

1960 წლის დეკემბერში ბრუს ლიმ დაამთავრა ედისონის სასწავლებელი, ხოლო 1961 წლის 27 მარტს ჩააბარა სიეტლში ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ბრუსმა გაიცნო „ლინდა ემეირი“— წყნარი, ინტელიგენტური, შვედური წარმოშობის ამერიკელი გოგონა, რომელიც შეუყვარდა და შემდგომში ცოლად შეირთო. 1964 წლის საზაფხულო მეოთხედის დახურვის შემდეგ მან მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ამავე წელს ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) მოაწყო საჩვენებელი გამოსვლა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე. სულ მალე კი გახსნა თავისი პირველი სკოლა სიეტლის ჩინურ კვარტალში.

[რედაქტირება] ბრუსი და ლინდა

ლინდა ემერი

თავდაპირველად მათ ერთმანეთი იხილეს სიეტლში 1963 წლის გაზაფხულზე. მაშინ ლინდა სწავლობდა გარფილდის უმაღლეს სკოლაში. ბრუსი ესწრებოდა ხოლმე ამ სკოლაში აღმოსავლური ფილოსოფიის ლექციებს. ისინი ერთმანეთს გააცნო ლინდას ჩინელმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც ბრუსის ჯგუფში ვარჯიშობდა. მან ერთ საღამოს წაიყვანა ლინდა დარბაზში, რომელიც ჩინურ კვარტალში მდებარეობდა. იმ დროისთვის ბრუსი ატარებდა ვარჯიშებს, სადაც კი მოუხერხდებოდა: გარაჟებში, მიტოვებულ სახლებში, სკოლის სპორტულ დარბაზებში. მას სურდა თავისი სკოლის ფართო ქსელის ჩამოყალიბება, ვინაიდან საბრძოლო ხელოვნებანი სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს შეერთებულ შტატებში. ლინდა სწავლობდა აგრეთვე უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე და ამგვარად, ხშირად უწევდა ბრუსთან შეხვედრა.

1964 წლის ივლისში ბრუსმა გადაწყვიტა ოკლენდში გამგზავრება. ლინდას კი დაუბარა, რომ მის დაბრუნებამდე სერიოზულად ეფიქრა მათ მომავალ ცხოვრებაზე. აგვისტოს დასაწყისში მან წარმატებით გახსნა ახალი სკოლა ოკლენდში და ორი კვირის შემდეგ საქორწილო ბეჭდით ხელში დაბრუნდა სიეტლში ლინდას წასაყვანად. ამრიგად 1964 წლის 17 აგვისტოს ბრუს ლი დაქორწინდა 20 წლის ლინდა ემეირზე, რომელიც მაშინვე გრძნობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ბრუსი, ვინც უზომოდ უყვარდა.

1965 წლის 1 თებერვალს ოკლენდში ლინდას და ბრუსს შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, რომელსაც ბრუსი მას ხუმრობით ეძახდა: „ერთადერთ ქერათმიან ჩინელს მთელს მსოფლიოში“.

[რედაქტირება] ნაბიჯ-ნაბიჯ შემოქმედებითი მწვერვალისაკენ

1965 წელს რეჟისორმა და პროდიუსერმა ედ პარკერმა შესთავაზა ბრუსს, გადაეღო თავისი ვარჯიშები და შეექმნა კომერციული ტელეფილმების სერია. ამავე წელს ბრუსმა მიიღო მოწვევა კინოსტუდია ,,20th Century Fox" -ის რეჟისორ უილიამ დოპლერტისაგან, სადაც ითამაშა ჩარლი ჩანგის როლი ახალ სერიალში, სახელწოდებით ,,პირველი შვილი". 1966 წლის მარტში ეს სერიალი დასრულდა. ივლისის თვიდან კი მსახიობი გადაიღეს საბრძოლო ხასიათის ფილმ ,,მწვანე ონავარში", რომელიც იქცა ჰიტად შეერთებული შტატების მოზარდებს შორის. პარალელურად ბრუს ლიმ დენ ინოსანტოსთან ერთად წარმატებით გახსნა მესამე სკოლა (დოდჟო) ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში. 1967 წლის განმავლობაში ბრუსი ესწრებოდა კარატისტთა საერთაშორისო ტურნირებს ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლონგ ბიჩში, თუმცა ამასთან, სიამოვნებით ღებულობდა მოწვევებს ტელევიზიიდან, სადაც ახდენდა ზოგიერთი ილეთის დემონსტრირებას სერიალ ,,მწვანე ონავრიდან". 1968 წელს ლოს ანჯელესში ბრუსი დაინიშნა კინოფილმ ,,მაშველი რაზმის" ტექნიკურ დირექტორად. 1969 წლის 19 აპრილს სანტა-მონიკაში ბრუსს და ლინდას შეეძინათ ქალიშვილი შენონი. 1970 წელს ჰოლივუდში ბრუს ლიმ დაწერა სცენარი ფილმისათვის - ,,მდუმარე ფლეიტა", რომელიც ეფუძნებოდა საბრძოლო ხელოვნებათა ფილოსოფიას. კინოსტუდია ,,Warner Brothers"-ის ხემძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფილმს დააფინანსებდა იმ შემთხვევაში , თუ გადაღებები შედგებოდა ინდოეთში, სადაც მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დაბანდებები. სამწუხაროდ, მოქმედების ადგილი არ შეეფარდა სცენარისტთა იდეებს და პროექტი არ განხორციელდა. 1971 წლის ივლისში ჰონკონგში რეიმონდ ჩოუმ შესთავაზა ბრუსს მთავარი როლი ფილმში - ,,დიდი ბოსი". ფილმის გადაღება სულ 100 ათასი დოლარი დაჯდა. ჰონკონგის კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა მაყურებლის და პრესის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. პირველივე გაქირავებაზე მან მოხსნა ყველა რეკორდი 3.2 მილიონი დოლარის მოგებით. 1972 წელს ჰონკონგში გამოვიდა მეორე ფილმი ,,მძვინვარების მუშტი". ის 200 ათასი დოლარი დაჯდა და მოხსნა პირველი ფილმის რეკორდი. სინგაპურში გადამყიდველები თითო ბილეთში 45 დოლარს იღებდნენ. საერთო ჯამში, ორივე ფილმმა 20 მილიონი დოლარი მოიგო. იმავე წელს ბრუს ლიმ უარი თქვა რამოდენიმე სცენარზე და თავად დაიწყო მუშაობა ფილმ - ,,დრაკონის გზა". მან თვითონ დაწერა სცენარი, იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი.ეს ფილმიც, სხვების მსგავსად, წარმატებით გავიდა ეკრანებზე და 4.5 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნანა კობახიძე., გოჩა სარკიაშვილი., ლეგენდარული ბრუს ლი: პატარა დრაკონის დიდი გზა, თბილისი, 2002.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე