მონოთეიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოთეიზმი (ბერძნ. μόνος = ერთადერთი და θεός = ღმერთი), ერთღმერთიანობა, ამა თუ იმ რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება პოლითეიზმს, მრავალღმერთიანობას. ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება იუდაიზმი (იაჰვე), ქრისტიანობა (სამება), ისლამი (ალაჰი). თვით იუდაიზმი უძვ. წარსულში მრავალღმერთიანი ყოფილა (უძვ. ბიბლიური ღმერთი "ელოჰიმ" – "ღმერთები", ტექსტში შემორჩა). ქრისტიანული სამება სამსახოვანია. ზიგმუნდ ფროიდმა თავის ანტირელიგიურ პამფლეტში "მოსე და მონოთეიზმი" (1950) ასეთი იდეა წამოაყენა: მოსე ფარაონის მსახური იყო. ფარაონმა ეხნატონმა სცადა ეგვიპტეში ერთი ღმერთის – ატონის კულტის შემოღება. მის რეფორმას წინ აღუდგა ქურუმობა და როგორც კი ფარაონი მოკვდა, მზის ღმერთ ატონის საქმეც დასრულდა. მოსემ სცადა ეს იდეა ებრაელებში განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა ის მოკლა, თუმცა შემდეგ ინანა, მოსე მაინც გააღმერთესო. ეს საინტერესო იდეა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, ფროიდი გრძნობს ამას და მიუთითებს: დასაბუთება ჩემს შრომაში "ტოტემი და ტაბუ" მოვახდინეო. იგულისხმება მისი "ოიდიპოსის კომპლექსი", შვილების მიერ მამის მოკვლა, მერე სინანული, მამის გაღმერთება და მის სახელზე ცხოველის ტოტემად გამოცხადება. ფსიქოანალიზის ასეთი გზით (რასაც საფუძვლად სქესობრივი მიდრეკილება უდევს – ეჭვიანობა მამისადმი დედის მიმართ), ცხადია მონოთეიზმი ვერ აიხსნება, საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო.

ფორმები[რედაქტირება]

მონოთეიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის:

  • თეიზმი - ტერმინია, რომელიც მიუთითებს ღმერთისა ან ღვთაებრივი არსების არსებობისადმი რწმენაზე.
  • დეიზმი - მონოთეიზმის ფორმა, რომლის რწმენით ერთი ღმერთი არსებობს. თუმცა, დეიზმი უარჰყოფს იდეას, რომ ეს ღმერთი მსოფლიოს განაგებს. მაშასადამე, რაიმე სახის ღვთიური გამოცხადება შეუძლებელია და ღმერთის არსში ჩაწვდენა მხოლოდ მედიტაციითა და სამყაროს ბუნებაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. დეისტი ამგვარად უარჰყოფს სასწაულს და რელიგიურ ტექსტებს, როგორც რაიმე ღვთიური ცოდნის წყაროს.
  • მონისტიური თეიზმი - მონოთეიზმის ტიპია ჰინდუიზმში. თეიზმის ეს ტიპი განსხვავდება სემიტური რელიგიებისგან ვინაიდან ის ეფუძნება პანთეიზმს, მონიზმს და ამავე დროს მოიცავს პირადი ღმერთის, როგორც უნივერსალური, ომნიპოტენტური უზენაესი არსების კონცეფციას. მონისტური მონოთეიზმის მიმდევარი სკოლებია რამანუჯა ან ვიშიშტადვატა, რომელიც აღიარებს, რომ სამყარო ღმერთის ნაწილია, ან ნარაიანა, პენენთეიზმის ფორმა, თუმცა მათი რწმენით უზენაეს არსებაში და დვატაში სული მრავლობითი ფორმითაა.
  • პანთეიზმის მიხედვით სამყარო თვით არის ღმერთი. ტრანსცენდენტური უზენაესი ღვთაების არსებობა ბუნებისგან განცალკევებით უარჰყოფილია. იმისდა მიხედვით თუ როგორ გავიგებთ ამგვარ რწმენას, პანთეიზმი შეიძლება ათეიზმის, დეიზმისა ან თეიზმის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ.
  • პანენთეიზმი, ან მონისტური მონოთეიზმი - თეიზმის ფორმა, რომლის მიხედვით ღმერთი შეიცავს, თუმცა იდენტური არ არის სამყაროსი. ერთადერთი ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი, ხოლო სამყარო კი ღმერთის ნაწილია, და ის ერთსადაიმავე დროს იმანენტური და ტრანსცენდენტრია.
  • სუბსტანციური მონოთეიზმი - ზოგიერთი აფრიკული რელიგიების საფუძველია, რომლის მიხედვით ბევრი ღმერთი არის ერთი ძირითადი სუბსტანციის მრავალი ფორმა და რომ ეს ძირითადი სუბსტანცია თავად არის ღმერთი. ეს შეხედულება ემსგავსება ქრისტიანული სამების კონცეფციას, რომელშიც სამი სუბსტანცია ერთის ნაწილია.