შინაარსზე გადასვლა

ქალკედონის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება, რენესანსის პერიოდის ჩანახატი

ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, გაიმართა 451 წელს მარკიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონში, რომის პაპის ლეო I-ის მოწვევით.

კრების მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ისტორიულ წყაროში სხვაგვარადაა მოცემული (520, 557, 567, 600, 630, 634, 636, 647, 654, 700). კრებას უნდა განეხილა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი. კრებას ხელმძღვანელობდა ანატოლი კონსტანტინეპოლელი და გაიხსნა 8 ოქტომბერს და დასრულდა 1 ნოემბერს. კრების განხილვის უმთავრეს საკითხს შეადგენდა კონსტანტინეპოლელი არქიმანდრიტის — ევტიქის სწავლების უარყოფა. ევტიქი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფაო. კაცის ბუნება და კაცის ნებისყოფა კი ჩანთქმული იყო ღვთაებრივ ბუნებასა და ნებისყოფის მიერო. ამ სწავლას ეწოდება მონოფიზიტობა ანუ ერთბუნებიანობა. კრებაზე წაკითხულ იქნა პაპ ლევის წერილი, რომელშიც გადმოცემულია დოგმატი, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად, შეურევნელად და განუყოფელად. მეოთხე საეკლესიო კრებამ რომელსაც ძეგლ მართლმადიდებლობისა ეწოდა, განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორთა ბუნებათა: განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად.

ქრისტიანულ ეკლესიაში, განსაკუთრებით მძაფრი იყო დავა იესო ქრისტეს ბუნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა მწვალებლობის საფუძველი გახდა. V საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა – მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, 451 წელს დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა.

კრებამ ევტიქი და მისი თანამოაზრენი განკვეთა. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინასა და სომხეთში მონოფიზიტური გახდა.

რომის პაპი, რომელიც თავს მსოფლიო ეკლესიის მეთაურად მიიჩნევდა, კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანის შემდეგ, დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერატორს და, განსაკუთრებით, ახლად აღმოცენებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. კონსტანტინოპოლი, როგორც „ახალი რომი“, რომის კონკურენტი გახდა.

ქალკედონის კრებამ კონსტანტინოპოლს, როგორც იმპერიის დედაქალაქს, განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. იგი რომის თანასწორ ქალაქად გამოცხადდა, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მეორე ადგილი დაიკავა რომის შემდეგ.

კრებამ გამოსცა 30 კანონი.

კრების დღესასწაული იზეიმება, სხვა ხუთ მსოფლიო კრებასთან ერთად, როგორც — ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. დღესასწაული გარდამავალია და იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

ქალკედონის საეკლესიო კრების 30 კანონი შესულია არსენ იყალთოელის მიერ XII სუაკუნეში ნათარგმნ „დიდ სჯულის კანონში“.

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლის“, გვ. 106-107
  • ჯავახია ბ., გეთიაშვილი ა., შუა საუკუნეების ისტორია (VII კლასის ისტორია), ISBN 99940-11-84-7, თბ., 2003, გვ. 10

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]