ნიკეის მეორე საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკეის მეორე საეკლესიო კრება
Seventh ecumenical council (Icon).jpg
თარიღი 787
აღიარებს
წინა კრება კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება
მოიწვია დედოფალი ირინე
ესწრებოდა 367 ეპისკოპოსი
საკითხები ხატმებრძოლეობა
კანონები დამტკიცდა 22 კანონი


ნიკეის მეორე საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა ქალაქ ნიკეაში 787 წელს, მოწვეულ იქნა დედოფალ ირინეს ძალისხმევით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებას ესწრებოდა 367 ეპისკოპოსი. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე I და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმებრძოლეობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.

კონსტანტინოპოლის მანგავრის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი.

ნიკეის კრებამ 22 კანონი გამოსცა და განამტკიცა ხატთა თაყვანისცემა. ამის შემდეგ, 843 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც მოიწვიეს ბიზანტიის მცირეწლოვანმა კეისარმა მიქაელ III (842-867) და დედამისმა თეოდორამ, ანათემა გამოუცხადა ყველა ხატმებრძოლთ და თაყვანისცემის საბოლოო ზეიმი აღნიშნა.

ეკლესია VII მსოფლიო კრების მამათა ხსენებას 11 ოქტომბრის წინა კვირადღეს აღნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 107-109

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]