რეკვიემი (ვერდი)
ვერდის რეკვიემი (იტალ. Messa da Requiem) — დაწერილია სოლისტებისთვის, გუნდისთვის, და ორკესტრისთვის იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის მიერ.[1]
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯუზეპე ვერდი ოპერა „აიდას“ პარალელურად რეკვიემზე მუშაობდა. იმ ხანად (1860 - 1870) კომპოზიტორმა მრავალი ახლობელი ადამიანი დაკარგა- გარდაეცვალა მამა, მეგობარი ფრანჩესკო პიავე (ლიბრეტისტი), გარდაიცვალა ჯოაკინო როსინი და კომპოზიტორის სათაყვანებელი იტალიელი მწერალი ალესანდრო მანძონი. ამ უკანასკნელის შემოქმედებით და პიროვნებით ვერდი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. რეკვიემი სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა. 1873 წლის 9 ივნისს კომპოზიტორი წერდა:
„„სულის შინაგანი მოთხოვნილება მაიძულებს პატივი მივაგო მანძონის ხსოვნას. მისი ნიჭით ისევე ვიყავი აღფრთოვანებული, როგორც მისი პატრიოტული შემართებით, პიროვნული თვისებებით“.“
|
1873 წლის 22 მაისს იტალიელი მწერალი ალესანდრო მანძონი წმინდა ფედელეს ტაძარს ეწვია. გამოსვლისას კიბეზე ფეხი დაუცურდა და დავარდა. 88 წლის მანძონი იქვე გარდაიცვალა. ორი კვირის შემდეგ ვერდიმ მეგობარს და გამომცემელს ჯულიო რიკორდის აცნობა, რომ პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ რეკვიემზე მუშაობდა. იმხანად ვერდი 60 წლის იყო. იტალიაში ის უკვე იყო აღიარებული უდიდეს საოპერო კომპოზიტორად და თითქმის ყველა დიდი ოპერა „ოტელოსა“ და „ფალსტაფის“ გარდა შექმნილი ჰქონდა.ვერდის განაცხადმა რეკვიემის შესახებ დიდი არეულობა გამოიწვია მუსიკალურ წრეებში და გაზარდა ინტერესი რელიგიური ჟანრის ნაწარმოების მიმართ. რეკვიემის გარკვეული ნაწილი უკვე დაწერილი იყო მანამდეც,-როდესაც 1868 წელს როსინი გარდაიცვალა. ვერდიმ გამოთქვა სურვილი, რომ კომპოზიტორის გარდაცვალების წლისთავისთვის მისი ხსოვნის პატივსაცემად რეკვიემი შესრულებულიყო. ვერდის აზრით, ნაწარმოების შექმნაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საეკლესიო მუსიკის სფეროში მოღვაწე ცნობილ იტალიელ კომპოზიტორებს. თავად დაგეგმილი ჰქონდა „libere me“-ს შექმნა. ადგილობრივმა იმპრესარიომ ამ ღონისძიების მოსაწყობად არაფერი იღონა, რადგან ეს, მისი აზრით, საოპერო სეზონის შემოკლებას მოასწავებდა. გარდა ამისა, უთანხმოებამ და კამათმა, რომელიც სხვა კომპოზიტორებს შორის არსებობდა, ხელი შეუშალა ამ გეგმის დასრულებას. ვერდიმ რეკვიემი 1874 წლის 10 აპრილსს დაასრულა. იგი საკმაოდ მკაფიოდ იყო გაცნობიერებული საკუთარ კონცეფციაში და ამბობდა:
„„ეს რეკვიემი ოპერის სტილში არ უნდა შესრულდეს; ფერები, რომლებიც შეესატყვისება ოპერას, საერთოდ არ დამაკმაყოფილებს.“
|
პრემიერა და შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანძოვისადმი (1785 - 1873) პირველად შესრულდა 1874 წლის 22 მაისს, მილანში წმინდა მარკოზის ტაძარში, მწერლის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ წელიწადში. მესას დირიჟორობდა ჯუზეპე ვერდი. სამი დღის შემდეგ ნაწარმოები შესრულდა ლა სკალაში იგივე სოლისტების მონაწილეობით, კვლავ კომპოზიტორის დირიჟორობით. შემდგომი ორი შესრულებისას მას დირიჟორობდა ფრანკო ფაჩო.[2]
ხმის ტემბრი | შემსრულებელი პრემიერაზე 22 მაისი, 1874 დირიჟორი: ჯუზეპე ვერდი |
---|---|
სოპრანო | ტერეზა შტოლცი |
მეცო-სოპრანო | მარია ვალდმანი |
ტენორი | ჯუზეპე კაპონი |
ბანი | ორმონდო მაინი |
გერმანელმა დირიჟორმა ჰანს ფონ ბოულოვმა რეკვიემს საეკლესიო მანტიაში გახვეული ვერდის უკანასკნელი ოპერა უწოდა, რასაც იტალიურ პრესაში დიდი ხმაური მოჰყვა. ბრამსის თქმით რეკვიემი გენიოსის დაწერილი იყო. რეკვიემის მოსმენის შემდეგ ვაგნერმაც გამოთქვა შთაბეჭდილება და განაცხადა, რომ „სჯობს არაფერი ითქვას“. შემდგომ წლებში ვერდიმ რეკვიემი ევროპის რიგ ქვეყნებში შეასრულა- 15-ჯერ შესრულდა პარიზში (1874 - 1975), 4-ჯერ ვენაში, 3-ჯერ ლონდონში. იტალიაში რეკვიემი იმდენად პოპულარული იყო, რომ ხშირად ასრულებდნენ კომპოზიტორის თანხმობის გარეშე- ხანდახან სამხედრო ორკესტრის მიერ (ფერარაში) ან ოთხ ხელში ფორტეპიანოზე (ბოლნიაში). ნაწარმოებს ყველგან დიდი აჟიოტაჟით ხვდებოდნენ და კომპოზიტორმა ძალზე დიდი ჰონორარსაც მოუყარა თავი, ვერ გაივსო მხოლოდ ლონდონის იმხანად ახლადაგებული „როიალ ალბერტ ჰოლი“-ს დარბაზი, თუმცა პრესა ბრწყინვალე რეცენზიებით გამოეხმაურა ნაწარმოებს.
რეკვიემის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. Requiem და Kyrie (სოლისტთა კვარტეტი, გუნდი)
2. Sequentia
- Dies irae (გუნდი)
- Tuba Mirum (ბანი და გუნდი)
- Mors stupebit (ბანი და გუნდი)
- Liber Scriptus, (მეცო-სოპრანო და გუნდი)
- Quid sum miser (სოპრანო, მეცო-სოპრანო და ტენორი)
- Rex tremendae (სოლისტები, გუნდი)
- Recordare (სოპრანო, მეცო-სოპრან)ო
- Ingemisco (ტენორი)
- Confutatis (ბანი და გუნდი)
- Lacrymosa (სოლისტები და გუნდი)
3. Offertorium (სოლისტები)
4. Sanctus (ორმაგი გუნდი)
5. Agnus Dei (სოპრანო, მეცო-სოპრანო და გუნდი)
6. Lux Aeterna (მეცო-სოპრანო, ტენორი, ბანი)
7. Libera Me (სოპრანო და გუნდი)
რაც შეეხება თავად რეკვიემს, აღსანიშნავია, რომ „liber scriptus“ თავდაპირველად დაიწერა როგორც ფუგა და 1875 წელს გადაკეთდა სოლო ნომრად მეცო-სოპრანოსთვის. ამას გარდა ოპერა „დონ კარლოსი“-დან აღებული მუსიკა (ტენორის და ბანის დუეტი პოზას სიკვდილის სცენის შემდეგ) პარიზის პრემიერამდე გადაიტანა ვერდიმ „lacrimosa“-ში (ბანის სოლო). რეკვიემის მიმართ გამოთქმული რემარკა-ზედმეტად საოპერო-ჭეშმარიტებასთან ახლოს სწორედ ამ ნაწილის მიმართ შეიძლება იყოს თქმული.
კომპოზიტორის მეუღლემ, ჯუზეპინამ, რომელიც ვერდის შემოქმედების ყველაზე კრიტიკული მსაჯული იყო, რეკვიემი ამგვარად შეაფასა:
„„შტამომავლობა მას თავის ადგილს მიუჩენს, ფრთებს შეასხამს, და უპირატესობას მიანიჭებს დატირების ჟანრის არსებულ ნამუშევრებს შორის““
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1], messa de requiem
- [2] დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , italian, English