შინაარსზე გადასვლა

პავლოსი (საბერძნეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლოსი
საბერძნეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1947
მმართ. დასასრული: 6 მარტი, 1964
წინამორბედი: გეორგიოს II
მემკვიდრე: კონსტანტინოს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1901
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 6 მარტი, 1964, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
მეუღლე: ფრედერიკა ჰანოვერელი
შვილები: სოფია, ესპანეთის დედოფალი
კონსტანტინოს II, საბერძნეთის მეფე
დინასტია: გლუქსბურგები
მამა: კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე
დედა: სოფია პრუსიელი
რელიგია: მართლმადიდებლობა
ხელმოწერა:

პავლოსი (ბერძ. Παύλος; დ. 14 დეკემბერი, 1901, ათენი, საბერძნეთი — გ. 6 მარტი, 1964, ათენი, საბერძნეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე 1947-1964 წლებში. მეფე კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის უმცროსი ვაჟი. საბერძნეთის უკანასკნელი მეფის, კონსტანტინოს II-ისა და ესპანეთის დედოფალ სოფიას მამა, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის ბაბუა.

პრინცი პავლოსი 1920 წელს

პავლოსი დაიბადა 1901 წლის 14 დეკემბერს ტატოის სამეფო სასახლეში, ათენში. იგი იყო საბერძნეთის დიადოხოს კონსტანტინოსისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია პრუსიელის უმცროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას შვილიშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან პაპა-ბებიად გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ III და დედოფალი ვიქტორია ბრიტანელი ერგებოდნენ, რომელთა ხაზითაც იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი იყო.

მშობლები მას თავიდანვე სამხედრო კარიერისათვის ამზადებდნენ, რის გამოც იგი ჯერ სამეფო სამხედრო კოლეჯში, შემდეგ კი საბერძნეთის სამხედრო აკადემიაში შეიყვანეს. პავლოსმა აქ ჯერ ოფიცრის, შემდეგ კი ლეიტენანტის ჩინი მიიღო.

1913 წელს ბაბუამისი, გეორგიოს I მოკლეს, რის გამოც ტახტი მამამისმა, კონსტანტინოს I-მა დაიკავა. 1917 წელს პრემიერ-მინისტრმა ვენიზელოსმა მეფე კონსტანტინოსი ჩამოაგდო და ტახტზე პავლოსის უფროსი ძმა, მეფე ალექსანდროსი დასვა, საბერძნეთის სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი ქვეყნიდან გააძევა. ამის გამო 1917-1920 წლებში პავლოსი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა ინგლისში. 1920 წელს მეფე ალექსანდროსი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე კვლავ კონსტანტინოსი ავიდა, რის შემდეგაც პავლოსი საბერძნეთში დაბრუნდა.

1922 წელს კონსტანტინოსი კვლავ დაამხეს, რის გამოც ტახტს პავლოსის კიდევ ერთი უშვილო ძმა, გეორგიოს II იკავებს. 1941 წელს II მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ საბერძნეთის ოკუპაცია მოახდინა, პავლოსი კვლავ ემიგრაციაში წავიდა ჯერ ლონდონში, შემდეგ კი კაიროში. კაიროდან იგი ბერძენ ხალხს იდეოლოგიურ დახმარებას უწევდა.

პავლოსი 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბერლინში

მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის შემდეგ საბერძნეთი ოკუპაციისგან განთავისუფლდა და მონარქიაც აღდგა. 1946 წელს პავლოსი კაიროდან ათენში დაბრუნდა, უკვე 1947 წელს კი მისი მეორე ძმაც უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, ამგვარ პირობებში კი პავლოსი საბერძნეთის მეფე გახდა. იმავე წელს მან ტიფოიდური ცხელების გამო ვერ მოახერხა დასწრებოდა თავისი ბიძაშვილის, პრინცი ფილიპე ბერძენისა და დიდი ბრიტანეთის პრინცესა ელისაბედის (შემდგომში უკვე დედოფალი ელისაბედ II) ქორწინებას.

1949 წელს საბერძნეთის სამოქალაქო ომი კომუნისტების დამარცხებით დასრულდა.

1950-იანი წლებიდან საბერძნეთმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, პავლოსის კავშირებმა და საზღვარგარეთ ვიზიტებმა კი ბერძნული დიპლომატიურ-სავაჭრო კავშირები გააძლიერა. იგი გახდა საბერძნეთის პირველი მონარქი, რომელიც თურქეთის სახელმწიფო მეთაურს შეხვდა. ამასთან, მისი კავშირი ბრიტანეთთან მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ბრიტანეთის კოლონიური კვიპროსის მოსახლეობამ საბერძნეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა, რასაც ცხადია ინგლისელები მხარს არ უჭერდნენ. ამის გამო, 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბერძნეთსაც აღარ მიუერთდა.

1959 წლის დეკემბერში ბავარიის პრინცმა მაქსიმილიანმა პავლოსს საბერძნეთის მეფე ოტონის რეგალიები წარუდგინა. ოტონის დამხობიდან ამ დროისათვის უკვე თითქმის მთელი საუკუნე იყო გასული.

იმავდროულად, საბერძნეთში სულ უფრო იზრდებოდა რესპუბლიკელთა რიცხვი. პავლოსი და მისი ცოლი, დედოფალი ფრედერიკა უკვე ხშირად ხდებოდნენ სახალხო კრიტიკის საგანი მათი ხშირი საზღვარგარეთული ვიზიტებისა და პოლიტიკაში ჩარევის გამო.

მეფე პავლოსი და დედოფალი ფრედერიკა

ამავე პერიოდში უკვე ხანში შესული პავლოსის ჯანმრთელობაც გაუარესდა. 1959 წელს მან კატარაქტის ოპერაცია გაიკეთა, უკვე 1963 წელს კი აპენდიციტისაც. 1964 წელს მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა კუჭის კიბოს ამოსაკვეთად, თუმცა ოპერაციიდან ერთ კვირაში, 1964 წლის 6 მარტს 62 წლის მეფე პავლოსი გარდაიცვალა. ამის გამო საბერძნეთის მეფე მისი ვაჟი, კონსტანტინოს II გახდა, რომელიც 1974 წელს ჩამოაგდეს, რითაც იგი საბერძნეთის ისტორიაში უკანასკნელ მონარქად იქცა.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლის 9 იანვარს პავლოსმა ათენში ცოლად შეირთო პრინცესა ფრედერიკა ჰანოვერელი (1917-1981), რომელიც იყო პავლოსის დედის, დედოფალ სოფიას ძმის, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის ასულის, პრინცესა ვიქტორია ლუიზა პრუსიელის ქალიშვილი და მაშასადამე პავლოსის ბიძაშვილიც. გარდა ამისა, ისინი, ორივენი დანიის მეფე კრისტიან IX-ის შვილთაშვილებიც იყვნენ. პავლოსსა და ფრედერიკას სულ სამი შვილი შეეძინათ:

  1. სოფია (1938-...), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ს, რომელთანაც შეეძინა მეფე ფილიპე VI, ინფანტა ელენა და ინფანტა კრისტინა;
  2. კონსტანტინოს II (1940-...), საბერძნეთის მეფე 1964-1974 წლებში. ცოლად შეირთო დანიის მეფე ფრედერიკ IX-ის ასული და დედოფალ მარგრეტე II-ის და, ანა მარია დანიელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  3. ირინე (1942-...);
  • Bucknell, Katherine (1996). Christopher Isherwood Diaries: Volume One 1939–1960 London: Methuen. ISBN 0-413-69680-4
  • Clarke, Gerald (1988). Capote: A Biography. London: Hamish Hamilton. ISBN 0-241-12549-9
  • Clogg, Richard (1992). A Concise History of Greece, Cambridge University Press
  • Vanderbilt, Arthur (2014). Best-Kept Boy in the World: The Life and Loves of Denny Fouts. Magnus Books
  • Van der Kiste, John (1994). Kings of the Hellenes. Stroud, Gloucestershire: Alan Sutton Publishing. ISBN 0-7509-0525-5
  • Wishart, Michael (1977). High Diver. Blond and Briggs
  • Woodhouse, C.M. (1998). Modern Greece: A Short History, Mackays of Chatham, Kent
  • "Olga Constantinovna (1851–1926)". Women in World History: A Biographical Encyclopedia. Gale Research. 2002.
  • Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999), Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe, London: Little, Brown, p. 34, ISBN 978-1-85605-469-0